LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილს მაცივარში ინახავდნენ და ახლა ალხობენ“ – რა ხდება კიევში

23767
78F6AD5D-E027-4BF9-B703-2E4189AABF89-cx0-cy2-cw0-w1023-r1-s

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ბედი უკრაინაში ჯერ კიდევ გაურკვეველია. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ვერ მოხერხდა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას ვლადიმირ ზელენსკის მრჩევლად დანიშნავენ.

ძნელი სათქმელია, ანდობენ თუ არა უკრაინაში რეფორმების გატარებას სააკაშვილს. მანამდე კი „ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რა მოხდა კიევში და რატომ გადაწყვიტა ზელენსკიმ ფსონის სააკაშვილზე დადება.   

კვირის პალიტრა - ვლადიმირ ზელენსკის ...

ექსპერტი მამუკა არეშიძე „ფორტუნასთან“ საუბარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს ბედს გაიზიარებს.

„ზუსტად არ ვიცით, რა ხდება ზელენსკის კაბინეტში, მაგრამ ის, რა ინფორმაციაც გვაქვს კიევიდან, ისეთი სურათი იკვეთება, რომ მეორდება პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობისას განვითარებული სცენარი. როდესაც პოროშენკოს უცხოელმა პარტნიორებმა მოსთხოვეს, გამოცდილი კადრებით ხელისუფლების დაკომპლექტება. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ სიტუაცია ეკონტროლებინათ. გახსოვთ, მაშინ სააკაშვილისა და ქართული გუნდის გარდა ხელისუფლებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მოხვდნენ, ბალტიისპირეთიდან დაწყებული კანადით დამთავრებული. მართალია, ამ ექსპერიმენტმა დიდხანს ვერ გასტანა (ქართულმა გუნდმა ყველაზე დიდხანს გაძლო), საბოლოო ჯამში, უკრაინელები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ახლა იგივე მეორდება. მგონია, რომ სააკაშვილის ფიგურა ზელენსკისთვის კომპრომისული გადაწყვეტილებაა. ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მოითხოვს, საკუთარი ფულის კონტროლს. უკრაინა ვერაფრით გამოძვრა კორუფციული ჭაობიდან. ზელენსკის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. დონორებისთვის მიუღებელია, რაც უკრაინაში ხდება. ფულს ხარჯავენ უკრაინაში რეფორმებისთვის და ამ დროს ეს ფული ვიღაცეების ჯიბეში ილექება. როგორც ჩანს, საჭიროა ვიღაც ისეთი, რომელიც ამ ფულს გააკონტროლებს. სამწუხაროდ, სააკაშვილს აქვს  ოლიგარქებთან და კორუმპირებულებთან ბრძოლის იმიჯი. რეფორმატორობა კიდევ შეიძლება რაღაცნაირად გავიგოთ, მაგრამ კორუფციასთან მებრძოლის სახელი რატომ აქვს, ეს ჩემთვის გაუგებარია.

სააკაშვილი თავს მოხვეული ფიგურა მგონია. ალბათ, სწორედ ამიტომ ზელენსკი მაინცდამაინც არ იკლავს თავს, რომ ვიცე-პრემიერად დანიშნოს. ზელენსკიმ თავისი თამაში წამოიწყო, მაგრამ რადგან საკუთარმა ფრაქციამ არ დაუჭირა მხარი, გადაწყვეტილება შეცვალა. საკუთარი ფრაქციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა თავისუფლად შეეძლო, რომ ნდომებოდა, მაგრამ არ მოინდომა“, – აცხადებს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

 

ზელენსკისა და სააკაშვილს შორის აუცილებლად მოხდება კონფლიქტი

„ზელენსკი აუცილებლად ინანებს არჩევანი სააკაშვილზე რომ გააკეთა. იმიტომ არა, რომ სააკაშვილი ცუდი სპეციალისტია. ამას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. სააკაშვილს არ შეუძლია მეორე, მესამე კაცად ყოფნა. უნდა იყოს აუცილებლად პირველი. ასეთი ბუნება აქვს. ყოველთვის პრობლემებს ქმნის ხოლმე. ის ზედაპირული ადამიანია და უნდა, რომ მოვლენების განვითარების ეპიცენტრსა და საინფორმაციოსთვის მთავარი ნიუსი იყოს. ფასადური ქმედებები მისი ცხოვრების წესია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რეფორმების წამოწყება ნამდვილად შეუძლია, რაც საქართველოშიც მოხდა. შემდგომში ამ გზით სიარული მისთვის არის მომაბეზრებელი. მას სჭირდება, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება გათვალისწინებული და მიღებული იყოს, ხოლო ადამიანების ბედს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მიზანი სააკაშვილისთვის ნებისმიერი მეთოდებით მიიღწევა, მათ შორის ყველანაირი კანონის დარღვევით. ის აუცილებლად შეუქმნის ზელენსკის დისკომფორტს, მათ შორის აუცილებლად მოხდება კონფლიქტი. გარდა ამისა არსენ ავაკოვისა და სააკაშვილის ერთ მთავრობაში მუშაობა აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის სხდომაზე. აქ ხასიათების შეუთავსებლობაზე არ არის საუბარი. საუბარია ინტერესების შეუთავსებლობაზე. სააკაშვილი რატომ დაუპირისპირდა ავაკოვს? იმიტომ არა, რომ კორუმპირებული იყო. ასეთი კორუმპირებული უკრაინის ხელისუფლებაში უამრავია. უკრაინის ხელისუფლებაში და ზოგადად ევროპულ პოლიტიკაში. აქ საუბარია, რომ სააკაშვილმა იცის, რომ ავაკოვი არის ძლიერი, გავლენიანი ფიგურა. ის მომავალშიც ვერ აიტანს ავაკოვისნაირ ტიპს თავისი მოქმედების არეალში და აუცილებლად დაუპირისპირდება. ასე ეჩხუბება და ურიგდება ის ოლიგარქ  იგორ კოლომოისკის, ხან ეჩხუბება და ხან ლანძღავს სატელევიზიო ეთერში და მერე შვეიცარიაში ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე. ეს არის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკა, რასაც მიშა აკეთებს“.

მიხეილ სააკაშვილი იგორ კოლომოისკის ...


პოლიტიკური მომავალი უკრაინაში

– ამ ეტაპზე რაიმე თანამდებობაზე სავარაუდოდ დაინიშნება. მას ისეთ თანამდებობას მისცემენ, სადაც ბევრი ფასადური ფუნქცია ექნება შესასრულებელი და რეალურად მაქსიმალურად შეზღუდავენ. იმიტომ რომ მისი ხასიათი იციან. რეალურ ძალაუფლებას სააკაშვილს არავინ მისცემს უკრაინის ხელისუფლებაში, მაგრამ სააკაშვილი რისი სააკაშვილია, რომ მინიმალური შანსი არ გამოიყენოს.  ხალხისთვის ის ამბავი, რომ ჩინოვნიკები კორუმპირებულბი არიან, სასიამოვნო მოსასმენია. ამაზე აგებს სააკაშვილი თავის მომავალ კარიერას.

– ოლიგარქებთან და კორუმპირებულებთან მებრძოლი თავად ხომ არ ჩამოყალიბდა ოლიგარქად?

– სააკაშვილის უბედურება ისაა, რომ მატყუარაა. ხანდახან ტყუილი გასდის ხოლმე. მას შეუძლია ილაპარაკოს, რომ ძალიან ღარიბია და მხოლოდ ლექციებიდან აქვს შემოსავალი. ლექციებს როდის ატარებს, ვერ გავიგე, მაგრამ დავუშვათ, რომ მართლაც ასეა. ახლა ირკვევა, რომ დედამისს 10 ათასი დოლარი ჰქონია შემოსავალი.
10 ათასი დოლარის შემოსავლის შემთხვევაში საქართველოში ორი ტიპის გადასახადი უნდა გადაიხადოს და იხდის თუ არა. ერთი სიმდიდრის გადასახადია და მეორე საშემოსავლო. ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის კლასიკური ნიმუში დასავლური, ცინიკური პოლიტიკოსის. ოლიგარქი მაინც სხვა გაგებისაა. ოლიგარქი არის ბიზნესმენი, რომელიც მოდის პოლიტიკაში იმისთვის, რომ თავის ბიზნესი დაიცვას. ამ შემთხვევაში სააკაშვილი ოლიგარქი არ არის, მაგრამ რეალურად ძალიან  მდიდარი ადამიანია, რომელმაც ფული პოლიტიკაში ყოფნით იშოვა.

New Posts: "სიტყვის თავისუფლება აღარ ...

 

 

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვერაფერს სასიკეთოს უკრაინაში ვერ გააკეთებს და ამაში ბრალს ზელენსკის დასდებს. 

– უკრაინას ერთი რამ ეშლება. საქართველოში სააკაშვილი ერთპიროვნული მმართველი არ ყოფილა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იყო, ან ახლა ბიძინა ივანიშვილია. სააკაშვილის დროს იყო ჯგუფური მმართველობა, რასაც პოლიტოლოგიაში „ოლიგარქიული მმართველობა“ ჰქვია. ანუ 5-6 კაცი მართავს ქვეყანას კონსტიტუციის გარეთ. მოგვწონდა თუ არა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით ისინი მართავდნენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ის პრეზიდენტი ან ვიცე-პრემიერი თუ არ გახდა, რა თანამდებობაზეც არ უნდა დანიშნონ,  ვერაფერს გააკეთებს. ის უბრალოდ ხმაურიანი მოლაპარაკე ადამიანი იქნება. ჩემთვის გაუგებარია საქართველოს მთავრობის აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია, როდესაც არ იყო ჩამოყალიბებული სიტუაცია და  განცხადებები გააკეთეს. როგორც კი სააკაშვილი თანამდებობაზე დაინიშნება, ქართულ სახელმწიფოს აქვს შანსი, გამოასწოროს თავისი გაფუჭებული საქმე. უნდა თქვას, რომ რადგან ის დაინიშნა თანამდებობაზე, კეთილი ინებოს და საქართველოს საქმეებში ნუ ჩაერევაო.

– კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, თუ სააკაშვილი დაინიშნება ამ თანამდებობაზე აუცილებლად გააფუჭებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობასო.

„სააკაშვილს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ ავტორიტარულ გარემოში, დარწმუნებული ვარ, უკრაინელ ხალხს არ უნდა მსგავსი ავანტიურისტი“ - კახა კალაძე

"თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სააკაშვილი იზრუნებს იმაზე, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შეექმნათ".

– არ ვეთანხმები ამ განცხადებას, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ მოვინდომეთ გაფუჭება, სააკაშვილი როგორ გააფუჭებს? სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და თავის მოქალაქეს უკრაინა ნიშნავს რაღაც თანამდებობაზე.

– ძალიან ცუდ მაგალითს მოვიყვან. სააკაშვილი რომ დანიშნონ უკრაინის ელჩად საქართველოში, ეს იქნებოდა ურთიერთობის გაფუჭებისაკენ გადადგმული ნაბიჯი?

– შიდა პოლიტიკაში რთავენ ამ ადამიანს, ამიტომ გამოდის, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაფუჭოთ უკრაინასთან ურთიერთობა. ეს არაა სწორი მესიჯი.

– პეტრო პოროშენკომ ინანა, როდესაც ჯგუფელი ოდესის გუბერნატორად დანიშნა, რა ბედი ელის ზელენსკის?

სააკაშვილი: პოროშენკო 3 დღე მთხოვდა ...

– ზელენსკი ვერ ასრულებს იმ პირობებს, რისი იმედიც საზოგადოებას ჰქონდა. უკრაინა დაწებილი ქვეყანაა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. პრორუსული ძალები ძლიერია არა მარტო დომბასში, არამედ დანარჩენ უკრაინაშიც. არის ყირიმის და სხვა მილიონი პრობლემა. ჩვენზე მეტი პრობლემები აქვთ.
ზელენსკი შევიდა ჩიხში, ამას დაემატა კორონავირუსი. ზელენსკის პოპულისტური ხასიათის გამოსავალი სჭირდება, დაახლოებით ორწლიანი. ამ ფონზე ინახავდა ის მაცივარში სააკაშვილს. ახლა გამოიტანს, გაალხობს და სააკაშვილი დაიწყებს საუბარს, ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობაო. საზოგადოების ნაწილის ყურადღებას მიიპყრობს. მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ გააკეთა ზელენსკიმ სააკაშვილზე არჩევანი, გარდა პოპულისტური თოჯინობისა. ორი წლის მერე მოიშორებს. სააკაშვილი ჩამოწერილი პოლიტიკოსია. მსოფლიოში მას ყველა გაურბის. უკრაინაში ძალიან ხშირად ჩავდიოდი, სხვადასხვა პროექტებში ვმონაწილეობდი. კარგად ვიცი უკრაინაში საზოგადოების სააკაშვილისადმი დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება არის დამცინავი, ზედაპირული და ირონიული. მე არ მინახავს უკრაინაში ადამიანი, რომელიც დადებითად იყოს მის მიმართ განწყობილი. შეიძლება მოსახლეობაში ვინმეს მოსწონს, მაგრამ მე ვსაუბრობ პოლიტოლოგებსა და პოლიტიკოსებზე. არსად არ მინახავს მის მიმართ ნორმალური დამოკიდებულება, ყველა დასცინოდა. ამიტომ მგონია, რომ ზელენსკის ყურადღების გადატანა სჭირდება პოპულიზმისკენ. მაქსიმუმ ორ წელიწადში მგონია, რომ სააკაშვილს ყავლი გაუვა.
ზელენსკიმ არ იცის რა ელოდება. სააკაშვილი აუცილებლად შეეცდება მის ჩაძირვას.

ცნობილი ხდება, რომ “ნორმანდიის ...

საინტერესო ისაა, რომ ზელენსკი, რომელიც აპირებდა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში შეხვდა კიდეც პუტინს, ამის შემდეგ მოჰყავს ვიცე-პრემიერად ისეთი ანტირუსი, როგორიც სააკაშვილია. როცა შენ რუსეთთან ასეთ ბრძოლას იწყებ, მას აძლევ შანს, რომ უფრო მეტად და ძლიერად შემოგილაწუნოს. ამიტომ ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა. მიშა დაიწყებს რუსეთიდან და დაამთავრებს ზელენსკით, როცა არაფერი გამოუვა, ყველაფერს ზელენსკის დააბრალებს. ეს ჯერ არ იცის უკრაინის პრეზიდენტმა. ეს ჯერ მარტო ჩვენ ვიცით, რადგან მას კარგად ვიცნობთ. ყველაფერი რომ ჩაუფლავდება, სააკაშვილი იტყვის, რომ ზელენსკი არ მეხმარებოდაო. ეს მოხდება, მისი თანამდებობაში მოსვლიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე.

თუ მოვლენები ისე განვითარდება, რომ არანაირ თანამდებობაზე არ დაინიშნა, დაიწყება ანტირუსული კამპანია, სერიოზული, ისტერიული და დაიწყებენ უკრაინის ხელისუფლებაში პრორუსული ძალების ძებნასა და მათ გამათრახებას. სააკაშვილი გახდება „პიარშიკი“ და სულ ტელევიზიებში იქნება გამოკიდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასხარად იქცევა“, – ამბობს პოლიტოლოგი ჩვენთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები