“სააკაშვილს არ უნდა იქ, სადაც თვითონ არ იქნება წამყვანი ვიოლინო… მის პრიზმაში არის ან ყველაფერი ან არაფერი”

131
მიშა 2 (1)

ქვეყნის მთავარ არჩევნებამდე, როცა პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში პარტიებისთვის პროპორციული სისტემით გამარჯვება იქნება გადამწყვეტი და არა მაჟორიტარულით, სულ რაღაც ერთი თვე და რვა დღე რჩება. რეალურად ცოტა დრო აქვთ პოლიტიკოსებს, რომ დაგვაჯერონ, რატომ ავირჩიოთ, ვის რატომ მივცეთ ხმა და რას გვპირდებიან ისეთს, რომ ჩვენ, ამომრჩევლები მათ ვენდოთ. ჰოდა, ნაცვლად იმისა, რომ ეს პერიოდი ახალმა თუ ძველმა პოლიტიკოსებმა ამისთვის გამოიყენონ, ამ დრომდე ჯერჯერობით ერთმანეთს, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებენ, თუ უფრო პირდაპირები ვიქნებით – ერთმანეთს ლანძღავენ. ამასობაში, ძალიან საინტერესო პოლიტიკური სურათი მივიღეთ – თუ აქამდე ოპოზიცია გვეუბნებოდა, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ – ანუ ივანიშვილის წინააღმდეგ ვართო, ახლა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილიც დაემატა და ოპოზიციამ გადაწყვიტა დღეგამოშვებით, ხან ივანიშვილი აკრიტიკოს, ხან – სააკაშვილი.

საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ცოტა ხნის წინ პირდაპირ გვითხრა, არ განიხილავს კოალიციურ მთავრობას და აპირებს, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდეს. ცხადია, ამან, სხვა ოპოზიციური პარტიების გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა არავინ იცის ეს გაღიზიანება უბრალოდ მრავალპარტიული პარლამენტის არსებობის სურვილს უკავშირდება თუ იმის შიშს, რომ უმრავლესობას მაინც ვერ აიღებენ და მოდი, ბარემ კოალიაციაზე ხომ არ ვილაპარაკოთო.

რას ნიშნავს, არჩევნებამდე ერთი თვით სააკაშვილის განცხადებები, რომ ის არ ფიქრობს კოალიციის შექმნას და ისევ მიიჩნევს, რომ საკითხი ასე დგას: ან მიშა ან ბიძინა. რა პოლიტიკური რეალობა და რა პოლიტიკური არჩევანი გვაქვს დღეს? – ამის გასარკვევად ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ.

როგორც აღმოჩნდა, მას სულაც არ გაჰკვირვებია მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ერთპიროვნულ მმართველობაზე და მეტიც – ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ბუნებრივია.

მიხეილ სააკაშვილის პრიზმაში არის ან ყველაფერი ან არაფერი – ეს არის მისი პოლიტიკური პრინციპი. მისი პროგრამა მინიმუმი ასეთია – თუ ვერ მოიგო არჩევნები, მაშინ დარჩეს მთავარ ოპოზიციურ ძალად. მას ეს ურჩევნია, ვიდრე პარტნიორულ საწყისებზე იყოს კოალიციაში, სადაც არ იქნება ყველა მისი დაქვემდებარებული და თავად არ იქნება წამყვანი ვიოლინო. ივანიშვილიც და სააკაშვილიც ცნობენ მხოლოდ აბსოლუტურ ძალაუფლება“, – ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტმა გვითხრა, რომ სააკაშვილი ასეთი შინაარსის გამოსვლებით ივანიშვილის წისქვილზე წყალს არ ასხმას, როგორც ამას ოპოზიცია ვარაუდობს. გია ხუხაშვილის თქმით, სააკაშვილის მთავარი მიზანი ამომრჩევლის მობილიზებაა.

"მე ასეთი არ ვიყავი,მე ძალიან შევიცვალე"-აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

"ის მე მომიხდება პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავება ამაში ეჭვი არ მეპარება"

„ის დინამიკას აძლევს პროცესს. სინამდვილში სააკაშვილი არც ისეთი ბრიყვია, არ ესმოდეს, რომ უმრავლესობით მოსვლის შანსი არ აქვს, თუმცა აბსოლუტური ძალაუფლებისთვის იბრძვის, ეს პროგრამა მაქსიმუმია. თუ პოსტსაარჩევნო პერიოდში შეიქმნა ვითარება, რომ ოპოზიციური ძალებიდან რაღაცის შეკოწიწება მოხდება, ვფიქრობ, სააკაშვილი ამ პოზიციიდან უკან დაიხევს. არ მგონია, მისი განცხადებები ხიდების დაწვაზე იყოს გათვლილი. ეს უფრო გათვლილია თავის ამომრჩეველზე. მას ჰყავს კონკურენტი „ევროპული საქართველოს“ სახით და ცდილობს, მაქსიმალურად თავისკენ გადმოქაჩოს ამომრჩეველი. თუ კოალიციაზე მოლაპარაკებები გაიმართება, ამ დროს მნიშვნელოვანია ვინ სად არის და ვის რამხელა წილი ექნება კოალიციაში“ – აცხადებს ექსპერტი.

ჩვენ გია ხუხაშვილს არჩევნების შედეგების პროგნოზიც ვთხოვეთ, რაზეც ექსპერტმა გვითხრა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებს ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას.

„დინამიკაში რომ შევხედოთ, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევანს ბოლო ორ კვირაში გააკეთებს ანუ გაშლილი ფრონტის პირობებში. ახლა ჩანს, რომ ხელისუფლების საქმე ამ მხრივ კარგად არაა. მათი პოზიციები ძლიერია ჯერჯერობით, მაგრამ დინამიკა არ არის სასარგებლო. ეკონომიკის მიმართულებით არც ერთ სისტემურ გადაწყვეტილებას არ იღებენ, ისევ მიდიან ამ გამათხოვრებული ხალხისთვის რაღაცის გადაგდების პრინციპით.

თუ ისეთი წარმოუდგენელი რამ ჩაიდინეს, რაც წინა არჩევნებზე , როცა ყველაზე მასშტაბური მოსყიდვა მოხდა მსოფლიო ისტორიაში – ვგულისხმობ სესხების დაფარვას, ამიტომ მე ვერ გამოვრიცხავ მსგავს რაღაცას. თუ ალტერნატიული შეთავაზებები არ გაჩნდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა, ხელისუფლებამ, შეიძლება, კიდევ ერთხელ მოახერხოს ამომრჩევლის მოსყიდვა“, – ამბობს ხუხაშვილი.

რას მოახერხებს „ქართული ოცნება“ და როგორ – ამას ვნახავთ 31 ოქტომბერს. ჯერჯერობით, სანამ ოპოზიცია რეგიონებში, საკუთარ მაჟორიტარულ ოლქებში ხალხს ხვდება და პარალელურად ერთმანეთის კრიტიკისთვისაც იცლის, მმართველი გუნდის წევრები რატომღაც გაოცებულები არიან სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემებით და ხელისუფლებაში ყოფნიდან 8 წლის თავზე ხალხს ისევ გაზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, პარალელურად კი ისევ „სისხლიან 9 წელზე“ საუბრობენ.

როგორც ექსპერტები ფიქრობენ, პროგნოზები რთულია, თუმცა ღიად ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები შესუსტებულია, რაც ოპოზიციის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.