LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი უკრაინაში ისევ პოპულარულია… თუ დაადებს თავს და ჩამოვა, დაიჭერენ”

357
5ea04bfb02e8bd1b98132560

პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის შემდეგ, უკრაინის პოლიტიკაში ჩაება, ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, ახლა კი უკრაინის ვიცე-პრემიერად დამტკიცების მოლოდინშია, თუმცა ადგილობრივი გამოცემები მეორე დღეა წერენ, რომ მთავრობას სააკაშვილთან დაკავშირებით საბუთები რადაში არ გადაუგზავნია და წარდგინება, უკან გამოწვია. სააგენტოები იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ზელენსკის მრჩეველი გახდება და არა ვიცე-პრემიერი.  მიხეილ სააკაშვილზე ექსპერტები ამბობენ, რომ ფაქტობრივად რთულია ისეთი პოლიტიკოსის გახსენება, რომლის მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში არ ქრება და მისი ფიგურა აქტუალობას არ კარგავს. საქართველოს მთავრობამ წინასწარ უკვე დაიწყო საუბარი, რომ სააკაშვილის ამ პოსტზე დანიშვნა, ორი ქვეყნის ურთიერთობაზე აისახება. დაანონსდა უკრაინიდან ჩვენი ელჩის გამოწვევაც. რით არის გამოწვეული მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი ინტერესი, რა მიზნები აქვს ზელენსკის, როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე და რამ შეაშინა “ქართული ოცნება”, რადიო “ფორტუნა” ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად – რას გეუბნებათ ეს წინადადება?

– ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო. პოროშენკოს დროსაც ვნახეთ, როგორ დასრულდა სააკაშვილის მოღვაწეობა, თუმცა მეორე საკითხია, რისი კეთების საშუალებას აძლევდა პოროშენკო. ერთი რამე ფაქტია, მიხეილ სააკაშვილი სიანტერესო ფიგურაა, ასეთი მე არც მახსენდება სხვა, რომელიც სულ აქტუალურია.

რით არის მიხეილ სააკაშვილი საინტერესო. გვახსოვს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებები, რომ მის სიტყვებს ფასი არ აქვს, რომ ის პოლიტიკურად “ჩამოწერილია” და ა. შ.

– მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე საქართველოში რა რეფორმებიც გაატარა, ამის შესახებ ყველამ იცის. მას თავის დროზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, აქაც და დასავლეთიდანაც. მან გარკვეული პოპულარობა მოუტანა ქვეყანას, თუმცა ძირეულად რა გაკეთდა ქვეყანაში, ეს არც მაშინ იცოდნენ და არც ახლა იციან. გარდა ამისა, ის თავისი დაუცხრომელი ხასიათით და ჟინით იწვევს ინტერესს გარკვეული ძალების მხრიდან. სანამ მის მიმართ იქნება ასეთი დამოკიდებულება, რაც თუნდაც “ქართულ ოცნებას” აქვს, ის იქნება მუდმივად აქტუალური. სააკაშვილით დაინტერესებული ძალები ცდილობენ, მის გამოყენებას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ზელენსკიმ რა კუთხით უნდა გამოიყენოს სააკაშვილი? ამბობენ, საერთაშორისო ასპარეზზე სურს პოზიციების დამტკიცებაო – ამ კუთხით რას იზამს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი? 

– თავის დროზე პოროშენკოს თანაშემწეც ამ ნაწილში იყო – საგარეო ურთიერთობების კუთხით. როგორც ჩანს, მისი ამ საქმიანობით უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი არ იყო მაშინ დიდად კმაყოფილი. მას იყენებენ, რადგან სააკაშვილი პოპულარულია უკრაინის გარკვეულ წრეებში. ამით ზელენსკის სურს, შემოიკრიბოს ის ხალხიც, ვინც დღეს სააკაშვილის მხარდამჭერია, თუმცა არ მგონია, სააკაშვილმა, საერთაშორისო კუთხით რაღაც მნიშვნელოვანი გარღვევა შეძლოს.

რატომ, არ მისცემს ზელენსკი ამის საშუალებას?  

– თუ მას ჰქონდა ამის რესურსი, პოროშენკოსთან უფრო მეტად გამოიყენებდა, მაშინ ხომ უფრო პოპულარული იყო.  მაგრამ ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, თუნდაც ელემენტარული პიარისთვის ასეთი ნაბიჯი გამოიყენოს, მათ შორის ზელენსკიც.

უკრაინის პრეზიდენტი პოსტზე დანიშვნის შემდეგ მუდმივად ხაზს უსვამდა რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობას, მოლაპარაკებებს და ა.შ. სააკაშვილის ხისტი ტონი უარყოფითად ხომ არ აისახება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე?

– არ მგონია, ამან რაიმე სერიოზული დაძაბულობა გამოიწვიოს ორ ქვეყანას შორის. პოროშენკოს დროსაც იყო ამაზე საუბარი. შეიძლება რუსეთმა ეს თემა პირიქით, პიარისთვის გამოიყენოს.

და “ქართული ოცნების” რეაქცია ჯერ არ დანიშნული ვიცე-პრემიერის მიმართ, რა იყო თქვენი აზრით?

– სააკაშვილი რომ აქტიურდება, მისი მხარდამჭერებიც აქტიურდებიან. ამიტომ ასეთ დროს , “ქართული ოცნება” ცდილობს ხოლმე, რომ მთელი ოპოზიცია ერთ ქვაბში მოხარშოს და იწყებს ამაზე საუბარს.  თუ ვინმეს უნდა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურის გავლენა საქართველოზე შემცირდეს, ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ჯერ ერთი ჩვენი საქმე არაა , ვის დანიშნავენ უკრაინაში ვიცე-პრემიერად და ვის არა. თუ ასეთი გამწარებულები არიან სააკაშვილზე, რამდენჯერ გაუგზავნეს ზელენსკის მთავრობას ექსტრადირებაზე მოთხოვნა, შედეგი რა იყო? ანუ ეს საკითხები ასე მარტივად არ წყდება.

როგორ აისახება სააკაშვილის უკრაინიც ვიცე-პრემიერად დანიშვნა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე?

– არაფერი აისახება. ეს არაა მხოლოდ ორი ქვეყნის ნება-სურვილზე დამოკიდებული. ასე რომ, განსაკუთრებული გავლენა არ ექნება.

სააკაშვილის ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, თუ წარმოგიდგენიად საქართველო-უკრაინის ვიცე-პრემიერების შეხვედრა?

– ეს იქნებოდა ბუნებრივი და ლოგიკური სხვა ვითარებაში, ასე მარტივად არ არის. როდესაც ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობაა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან, იქ პერსონებიც განსაკუთრებულად ირჩევიან. ასე მარტივად არ ხდება. თუ დაადებს თავს და ჩამოვა, მაშინ დაიჭერენ.

 

საქართველოს ხელისუფლების რეაქციას სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე ბრიყვულს უწოდებს გია ნოდია. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რაში გამოადგება ზელენსკის სააკაშვილი – არ იცის, თუმცა პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ უკრაინა საქართველოს ხელისუფლების სასამართლოს განაჩენს სერიოზულად არ იღებს.

“მართლა რომ არსებობდეს ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა, უკრაინას ნამდვილად უნდა შეეკავებინა თავი ასეთი ჟესტისგან. მაგრამ ამ მთავრობის ხელში ოდესმე უგრძვნია უკრაინას მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან? ხოდა, ახლა რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში?”, – წერს გია ნოდია.

მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინული სააგენტოები წერენ, აბსოლუტური მხარდაჭერა არც ზელენსკის პარტიაში აქვს, ამიტომ არავინ იცის, რა მოხდება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ კენჭისყრა 30 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დრომდე მთავრობას ამასთან დაკავშირებით საბუთები რადაში ჯერ კიდევ არ გაუგზავნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები