LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის შემოვლითი გზა და ახალი სკვერები – რუსთავის მერი “ფორტუნასთან” წელს აჯამებს და ახალ პროექტებზე საუბრობს

49691966_2239147606325486_1453736031856623616_o

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, “ფორტუნასთან” 2018 წელი შეაჯამა. როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, ეს წელი ქალაქისთვის სიახლეებისა და გამოწვევების წელი იყო.

2018 წელი რუსთავის საიუბილეო 70-ე წელი იყო. ქალაქის მერის თქმით, ეს თარიღი საკმაოდ გრანდიოზულად აღინიშნებოდა ერთი კვირის განმავლობაში.

ირაკლი ტაბაღუამ 2018 წლის მოვლენებიდან მე-10 საბავშვო ბაღის გახსნა გამოყო, რომლითაც 241 ბავშვი დაკმაყოფილდა, ასევე გაიხსენა OGP-ს სამიტი, სადაც რუსთავი პანელზე წარსდგა და ღია მმართველობის საკითხები განიხილა.

“უკვე დასრულების ეტაპზეა საცხოვრებლის მშენებლობა. 52 ოჯახს გადაეცემა თავშესაფარი, აღსანიშნავი მომენტია ისიც, რომ რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა, ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 20 მლნ-მდეა და მთლიანად უცხოურია. 

რუსთავი 2018 წელს უფრო მიმზიდველი გახდა, დაახლოებით 7 მშენებლობის ნებართვა გვაქვს გაცემული. ინვესტიციის მოცულობა 25 მლნ-მდეა. დამატებით ახალი წარმოებები შეიქმნა, შესაბამისად გაიზარდა სამუშაო ადგილებიც.

უფრო მეტ აქცენტს სწავლაზე და იმ პროფესიების განვითარებაზე გავამახვილებ, რომლებიც ძალიან სჭირდება ქალაქს და მთელ საქართველოს,” – განაცხადა რუსთავის მერმა.

 

ირაკლი ტაბაღუამ ის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტიც დაასახელა, რომელიც 2019 წელს განხორციელდება. მათ შორისაა, ე.წ. შემოვლითი გზა.

“ამ გზას გაგარინის პროექტი ჰქვია. ამ მონაკვეთზე უნდა მოხდეს მძიმეწონიანი მანქანების გავლა. ქალაქი აღარ დაიტვირთება ამ მანქანებით და ეკოლოგიურადაც გამართლებული საკითხია,” – აღნიშნა მერმა.

2019 წლის ბიუჯეტში გაწერილია ასევე ორი დიდი, ახალი სკვერის  და სპორტკომპლექსის პროექტი.

“სკვერი ფონდიდან ფინანსდება, ხოლო სპორტკომპლექსის აშენებაზე ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი 14 თებერვლიდან გამოაცხადებს,” – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ “ფორტუნასთან.”

მან რუსთავის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს წარმატებები უსურვა. ირაკლი ტაბაღუამ მოუწოდა ყველას, უფრო მეტი ზრუნვა გამოიჩინონ ერთმანეთის მიმართ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები