LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის სამარშრუტო ტაქსებმა მგზავრობა გააძვირეს

109

თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობა გაძვირდა. ამიერიდან რუსთავისკენ გადადგილების მსურველები 20 თეთრით მეტს გადაიხდიან. კომპანია ”ინტერტრანსმა”, რომელიც ამ ხაზზე ოპერირებს, მგზავრობის საფასური 1.30 თეთრიდან 1.50 თეთრამდე გაზარდა. კომპანიაში ფასის მატებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით სატენდერო პირობები არ დარღვეულა.

როგორც ”ინტერტრანსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, კომპანიის გადაწყვეტილება და ტარიფის მატება მხოლოდ ორ სოციალურ ჯგუფს არ შეეხება: ესენი არიან სტუდენტები და სოციალურად დაუცველები.

”კომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გამოიწვია. ტარიფი შენარჩუნდა სტუდენტურ მარშრუტზე – უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით და ასევე ლილოს მიმართულებით. გარდა ამისა, „ინტერტრანსის“ დამფუძნებლები სტუდენტური ტარიფის დაწესებაზეც მუშაობენ, იმისათვის, რომ ტარიფის გაზრდა სტუდენტებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს”, – აღნიშნეს ”ინტერტრანსიში”.

მათივე ცნობით, ლარის გაუფასურებამ კომპანია „ინტერტრანსს“ ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის საფასური მიმდინარე წლის 4 დეკემბრიდან გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ”ინტერტრანსის” მომხმარებლები კომპანიის ამ გადაწყვეტილებას 6 დეკემბერს, რუსთავის მერიის წინ გააპროტესტებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები