„რუსთავი 2“ ახალ უპრეცედენტო მეგაშოუს იწყებს. თუკი 16 წელი შეგისრულდათ და ასრულებთ ან ქართულ ან უცხოურ სიმღერას კარგად, ან ორივეს შესრულებაც არ გამოგდით ურიგოდ და თქვენი ნიჭის წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე გსურთ, ახალი მუსიკალური პროექტი სწორედ თქვენთვისაა.

8 ნოემბრიდან მუსიკალური შოუსთვის შესარჩევი ეტაპები იწყება თბილისში იწყება, 9 ნოემბერს ბათუმში გადაინაცვლებენ, ხოლო 10 ნოემბერს – ქუთაისში მისულ მონაწილეებს მოუსმენენ.

თუკი მონაწილეობას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ პროექტის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდს ესტუმროთ და პირად შეტყობინებაში მისწეროთ ორგანიზატორებს თქვენ შესახებ ინფორმაცია და ასევე სიმღერის ვიდეო, თუკი ასეთი გაგაჩნიათ.

პირველი სერია ეთერში 16 დეკემბერს გავა, ლაივ-კონცერტი კი – 6 იანვარს.

მეგაშოუს წამყვანები უცვლელი დუეტი, თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი იქნებიან. მათთან ინტერვიუ fortuna.ge-ს „რუსთავი 2“-ში ჩაწერა.

თიკა:

მე მგონია, რომ ძალიან ბევრი ელოდებოდა, რომ მე და აჩიკოს ერთად წაგვეყვანა პროექტი და ეს დღეც დადგა. მინდა გამოვხატო აჩიკოსადმი დიდი სიყვარული, რადგან უამრავი წელია, დუეტი ვართ. გვიხარია ყველაფერი ახალი. ველოდებით ბევრ საინტერესო ამბავსა და ადამიანს, აღმოჩენას.

აჩიკო:

მინდა გამოვხატო ჩემი სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტი მიმყავს თიკასთან ერთად. გარდა მრავალწლიანი მეგობრობისა, თიკასთან მაქვს პროფესიული დამოკიდებულება, მასთან მშვიდად ვარ და ეს პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც იქნა, დადგა ის დღე, როცა მე და თინა გავუძღვებით მნიშვნელოვან პროექტს, სახელწოდებით „დიდი სცენა“. ამდენწლიანი პაუზის შემდეგ დიდ სცენაზე, იმედია, დიდებულად დავდგებით.

თიკა:

პროექტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იქნება. ამაზე დიდი სცენა არ გვაქვს ჯერჯერობით. პირველად ფილარმონიის სცენაზე 6 წლის ასაკში დავდექი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი მოვლენა. ასეთი მოვლენაა ბევრისთვის, ვინც თავის კარიერას იწყებს. ეს პროგრამა მინიმუმია და შემდეგ უნდა იბრძოლოს გამარჯვებისთვის მაყურებელთან ერთად.

ვის შეუძლია მონაწილეობა ახალ პროექტში?

აჩიკო:

16 წლიდან ზევით მუსიკალური მონაცემების მქონე ნებისმიერ მსურველს, ვისაც მიაჩნია, რომ კარგად მღერის ქართულად თუ უცხოურ ენაზე. არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.

პირველი კასტინგი 8 ნოემბერს თბილისში იქნება, 9-ში ბათუმში, 10-ში ქუთაისში.

თიკა:

ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ზოგადად, კონკურსი არის ძალიან დიდი გამოცდილება და კარი, რომელიც შეიძლება მომავალი პროფესიული ცხოვრების გზაზე საინტერესო შესაღები გახდეს.

როგორც ვიცი, ეს არის შოუ, სადაც ბევრი სხვადასხვა მუსიკალური პროექტის კარგი მხარე გაერთიანდა.

აჩიკო:

ახალ ველოსიპედს არავინ იგონებს, მაგრამ კარგი, საინტერესო და სახალისო ფორმატია. პირველ ლაივკონცერტზე აუთსაიდერი არ ვარდება და ეძლევა მეორე შანსი, შემდეგ კონცერტზე დუეტი შეასრულოს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. მგონია, რომ კონკურსანტს მეორე შანსი ყოველთვის უნდა დაუტოვო.

პირველი ადგილის გარდა, როგორც გავიგეთ, დააფასებენ მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებსაც.

აჩიკო:

პრიზების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა და ვერ გაგიმხელთ, მაგრამ როგორც ვიცით, სამეულს შორის პრიზები საინტერესოდ გადანაწილდება.

თიკა:

ჩემთვის ეს ფაქტორი ძალიან მნიშნელოვანია. როგორც წესი, პირველ ადგილზე გასული ისედაც ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებმაც ხომ იბრძოლეს და ცოტა დააკლდათ გამარჯვებისთვის? ესეც რომ დაუფასდებათ, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. გავსულვარ მეორე, მესამე ადგილზე და ამიტომაც ვუსვამ ხაზს. რატომ მეტირება ამაზე (იღიმის)?

აჩიკო:

ნუ გეტირება, რადგან მე და შენ ერთად მიგვიღია მონაწილეობა კონკურსში და პირველ ადგილზე გავსულვართ.

საქართველოში ბევრი მუსიკალური კონკურსია. დარჩა ისეთი ადამიანი, ვინც კარგად მღერის და არ გასულა კონკურსზე?

აჩიკო:

ამას, ალბათ, თქვენთან ერთად ვნახავთ, როგორი კონკურსანტები მოვლენ.

თიკა:

მოდი, ვაღიაროთ, რომ მართლაც ბევრი კონკურსი ტარდება და საქართველოში უკვე ამისი დიდი გამოცდილება დაგროვდა. უამრავი წელია, მათ შორის, მეც, უშუალოდ ვმონაწილეობ ამ პროცესში, რასაც გადარჩევები და აღმოჩენები ჰქვია. თაობები იზრდება. შესაძლოა, ვიღაცამ უცებ აღმოაჩინა, რომ კარგად მღერის…

აჩიკო:

ან გაიზარდა, ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა სულ სხვანაირად მღერის…

თიკა:

რა თქმა უნდა. მე მაქვს კარგი მოლოდინი და უფრო მეტად ველი ცოტა უფროსი ასაკის ადამიანების მიმართ. მინდა, აღმოვაჩინო ისეთი ხალხი, ვისაც ერიდებოდა, არ სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ახლა გადაწყვიტა მათი წარმოჩენა „დიდი სცენის“ საშუალებით. ახლახან ერთმა ადამიანმა მომწერა, დედაჩემი მღერის კარგადო და ძალიან გამიხარდა. ვურჩიე, რომ აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა შესარჩევ კონკურსზე.

თქვენი დუეტის წარმატების ფორმულა გვითხარით.

აჩიკო:

ჩვენი ცხოვრების წესია, პროფესიიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთი გამოვიყვანოთ უხერხული სიტუაციიდან, თუკი ასეთი შეიქმნა. თიკას ხშირად გამოვუყვანივარ ასეთი მდგომარეობიდან, პირიქით მაგალითი არ მახსენდება.

ვფიქრობ, უშუალოები ვართ, პოზიტივი უყვარს მაყურებელს, ასე ვფიქრობ და ასევე გვაქვს ერთმანეთის დიდი ნდობა. ფეხი თუ ამიცდა და მივეყუდე, ზუსტად ვიცი, ისე გამიყვანს სცენიდან, რომ  ხალხი იფიქრებს, ასე იყო ჩაფიქრებული.

ნერვიულობთ პროექტის წინ?

დღეს არა, მაგრამ კასტინგზეც ძალიან ვინერვიულებ და ასევე ლაივკონცერტზეც. დიდი ხანია, წამყვანები ვართ, მაგრამ საკმაო ხანია, დიდ სცენაზე ერთად არ ვმდგარვართ. დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს, მაგრამ მაყურებელს თავს შევახსენებთ, როგორც დუეტი.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

მსგავსი თემები