LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“ 26–ე დაბადების დღეს ახალი პროექტებით ხვდება – „პირველობისთვის ვაპირებთ ბრძოლას“

2664
paatasaliaex

1–ელ ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 26 წელი უსრულდება. არხის გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას,  რთული პერიოდის გავლამ მოუწია მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში საინფორმაციო სამსახურმა თითქმის სრულად დატოვა არხი. „რუსთავი 2“–მა აღადგინა „კურიერი“, თუმცა პოლიტიკური თოქშოუების ეთერში შესვლა დაუგვიანდა.

ზაფხულის სეზონზე არხი მაყურებელს ახალი სამაუწყებლო ბადით ხვდება, რომელსაც რამდენიმე გასართობი გადაცემა, მათ შორის მუსიკალური პროექტის „დიდი სცენა“, მეორე სეზონი დაემატება.

შემოდგომაზე, წინასაარჩევნოდ, უკვე არსებულ ორ პოლიტიკურ თოქშოუსთან ერთად,  რომლებსაც დავით კაკულია და ირაკლი იმნაიშვილი უძღვებიან, საჭიროების მიხედვით, ახალი პოლიტიკური შინაარსის გადაცემებსაც ვიხილავთ.

პაატა სალიას „რუსთავი 2“–ში შევხვდით გეგმებზე სასაუბროდ.

როგორ ხვდება ტელევიზია 26 წლის იუბილეს?

პაატა სალია:

„რუსთავი 2“ საქართველოში, ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე ასაკოვანი და სახელოვანი ტელევიზიაა. ჩემთვის, შეცვლილი მფლობელის პირობებში, ეს არის პირველი დაბადების დღე. იყო გარკვეულწილად მცდელობები და მოლოდინები, რომ შეიძლებოდა, „რუსთავი 2“ თავის 26–ე დაბადების დღეს ვეღარ შეხვედროდა. ამისი რეალური საშიშროებაც არსებობდა. იყო მოცემულობა, როდესაც, ფაქტობრივად გავჩერდით, ვგულისხმობ შარშან აგვისტოს ამბავს, როდესაც ტელევიზიას აღარ ჰყავდა საინფორმაციო სამსახური. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 25 სექტემბერს მოვახერხეთ „კურიერის“ მაუწყებლობის აღდგენა და ნელ–ნელა დაბრუნდა ეთერში სხვა გადაცემებიც, რომელთაც მაყურებელი მიჩვეული იყო და ელოდებოდა, დილის თუ შუადღის გადაცემები. ჩვენ შევინარჩუნეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი, არხისთვის ისტორიული გადაცემა, მათ შორის მაია ასათიანის „პროფილი“ და „კომედი შოუს“ გადაცემები, ზოგიერთი ახალიც დავამატეთ. იმის გამო, რომ ერთ–ერთმა სახემ დატოვა ტელევიზია, გავაკეთეთ ღამის შოუს ფორმატის გადაცემა, რომელიც ახლაც წარმატებით გადის ეთერში, ნიკა არაბიძის შოუს ვგულისხმობ.

თუმცა 2019 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც აქედან დემარშით წავიდა თანამშრომლების ნაწილი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 26–ე დაბადების დღეზე ასეთ ფორმაში ვიქნებოდით. არ ვამბობ, რომ ვართ საუკეთესო ფორმაში, გაცილებით უკეთესი გვინდა ყველას და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ვიქნებით საუკეთესო ფორმაში. ვფიქრობთ, სწორ გზაზე ვდგავართ. ის გუნდი, რომელიც დარჩა, ისინი, ვინც მოვიდნენ, ქმნიან „რუსთავი 2“–ს იმ სახით, როგორიც დღეს არის. ვფიქრობ, მაყურებლისთვის უფრო მეტად მისაღები და მოსაწონი ხდება, რასაც არხი აკეთებს. ამაზე მეტყველებს ის რეიტინგები, რაც გვქონდა სექტემბერში და რაც გვაქვს დღეს. არის მნიშნელოვანი ცვლილება და კიდევ მეტი ზრდის იმედი გვაქვს.

ვგეგმავთ, რომ ამ ზაფხულს, გაცილებით მრავაფეროვანი ბადე გვქონდეს, სხვა ზაფხულებთან შედარებით. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. არხზე არსებული კრიზისის გამო, წინა შემოდგომის სეზონი გვიან დავიწყეთ. 2020 წლის გაზაფხულზე კი ამას პანდემია დაემატა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ყველას ცხოვრების წესი. სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი წლევანდელ ზაფხულს ქართულ კურორტებზე გაატარებს, აქედან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ტელეყურებადობა არ შემცირდება ზაფხულის განმავლობაში, ამიტომაც მაყურებელს შევთავაზებთ ახალ პროექტებს.

და იწყებთ „დიდი სცენის“ მეორე სეზონს…

„დიდი სცენა“ იყო პროექტი, რომელმაც ყველაზე მეტად გააერთიანა გუნდი იმ პერიოდში, როცა არხს ძალიან უჭირდა. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ოქტომბერში, „კურიერის“ მაუწყებლობის აღდგენის შემდეგ. „დიდ სცენაში“ უდიდესი ძალისხმევა ჩავდეთ, მრავალი ადამიანი მონაწილეობდა მის შექმნაში, ყველას მხარდაჭერა იყო ტელევიზიის შიგნით. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, მნიშვნელოვნად აგვეწია არხის საერთო რეიტინგი და მაყურებელმა იხილა ძველი „რუსთავი 2“. კრიზისიდან გამოსულმა ტელევიზიამ ახალი, წარმატებული პროექტი შესთავაზა მაყურებელს.

ანუ ამ პროექტის რეიტინგით კმაყოფილი იყავით?

რა თქმა უნდა, იმ ვითარებაში, იმ პირობებში, კმაყოფილი ვიყავით, პირველი გადაცემიდან მოყოლებული, „დიდი სცენის“ რეიტინგი მზარდი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია უკეთესის გაკეთება. მეორე სეზონსაც უჩვეულო დროს ვიწყებთ და იმედი გვაქვს, რომ ის განსხვავებული და საინტერესო იქნება. პანდემიის გამო ის ათასობით მაყურებლის თანდასწრებით ვეღარ გაიმართება. მახსოვს, მაშინ „რუსთავი 2“–ის ძველი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ამდენი მაყურებელი „რუსთავი 2“–ის არც ერთ მეგაშოუს არ დასწრებია…

კასტინგი მაისის ბოლომდე გაგრძელდა და ონლაინ ჩატარდა, შევარჩევთ კანდიდატები. მეგაშოუს ფორმატში ბევრი განსხვავებული ელემენტი შემოვა, მაყურებელი ვერ იგრძნობს იმას, რომ ის დიდ დარბაზში არ ტარდება. იქნება ლაივი სტუდიიდან, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერის კუთხით ძალიან საინტერესო სანახავი იქნება. უფრო მეტს ჩვენი ეთერიდან გაგიმხელთ. ივნისის ბოლოს უკვე ეთერში ვიქნებით. ჩვენი ჟიური პირველ სეზონზე იყო განსაკუთრებული და მაღალპროფესიული. არანაკლებ საინტერესოს შემოგთავაზებთ ამჯერადაც.

„დიდი სცენის“ გარდა, გვაქვს სხვა გასართობი პროექტებიც, რომლებიც ივნისში დაემატება ჩვენს ბადეს. სექტემბრიდან მათ რიცხვს კიდევ უფრო გავზრდით.

„გვიანი შოუ“ რატომ დახურეთ?

პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, უფრო მეტი დრო გვჭირდებოდა და ერთობლივი თათბირის შემდეგ, „გვიანი შოუ“ დროებით შევაჩერეთ. ირაკლი იმნაიშვილის ღამის ეთერისთვის პარასკევი საღამო შევარჩიეთ, ნიკა არაბიძის შოუ გადმოვიდა ოთხშაბათს, შესაბამისად, იმავე ფორმატის „გვიანი შოუს“ დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ და მის ბაზაზე სხვა გადაცემას მოვამზადებთ.

სექტემბრიდან არ გამოვრიცხავთ ახალი სერიალის დაწყებასაც…

რომელ გუნდთან ერთად მუშაობთ? სიტკომს ფიქრობთ თუ სხვა ტიპის სერიალს?

ვფიქრობთ სიტუაციურ კომედიაზეც და სხვა ფორმატზეც. ორივე მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკებები, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოდან შევთავაზოთ მაყურებელს ახალი სერიალი. რა თქმა უნდა, ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გვექნება საეთერო ბადეში ამისი დრო, შეიძლება, სერიალი გავაკეთოთ არჩევნების შემდეგ. საარჩევნო პერიოდისთვის მეტი პოლიტიკური გადაცემის შესახებ ვფიქრობთ. არ გამოვრიცხავ, რომ დაგვემატოს რამდენიმე ახალი წამყვანი ან არსებულმა წამყვანებმა დაამატონ გადაცემები. შემოდგომის დასაწყისში, არსებული ვითარების შესაბამისად, გადავწყვეტთ პოლიტიკური თოქშოუების დამატებას.

თავად აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური გადაცემები გარკვეული პერიოდი გაჩერებული იყო და ალბათ, ამან გამოიწვია დიდწილად არხის რეიტინგის ვარდნა. ამდენი ხანი რატომ დასჭირდა პოლიტიკური თოქშოუების ეთერში შესვლას?

ამდენი ხანი დაგვჭირდა იმიტომ, რომ მარტივი მოსამზადებელი არ არის პოლიტიკური გადაცემები. თავიდან შეზღუდული რესურსი გვქონდა. ვერ მოხერხდა, რომ ერთდროულად „კურიერსაც“ დაეწყო სრულყოფილი მაუწყებლობა და პოლიტიკური თოქშოუც გაგვეკეთებინა. ამ ტიპის გადაცემას დამატებითი მომზადება და ადამიანური რესურსი, ცალკე პროდიუსინგი სჭირდება. როგორც კი შევძელით, აღვადგინეთ წელს, გაზაფხულზე, მარტის თვეში. ახლახან კი დავამატეთ „ღამის კურიერი“ ირაკლი იმნაიშვილთან ერთად. ამ სეზონზე ასე წავალთ, შემდეგ კი, როგორც აღვნიშნე, წინასაარჩევნოდ აუცილებლად დავამატებთ განსხვავებული ფორმატის პოლიტიკური გადაცემები.

თქვენი, როგორც გენერალური დირექტორის ტოპმიზანი რა არის, როგორი ტელევიზია გინდათ, იყოს „რუსთავი 2“? ფაქტია, რომ იმისგან ძალიან განსხვავდება, რაც თქვენამდე იყო…

ორი კრიტერიუმით შევაფასებდი – პირველ რიგში, ტელევიზიის წარმატება იზომება რეიტინგებით და ამ მხრივ პირველობას ვისურვებდი. ჩემთვის და არხის მფლობელისთვის, ვფიქრობ, მაყურებლისთვისაც ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ტელევიზია იყოს ყველაზე სანდო. „კურიერი“, რომელსაც მაყურებელი უყურებს, უნდა იყოს ინფორმაციის ყველაზე სანდო წყარო.

მოგეხსენებათ, საქართველოში საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია, გემოვნების მიხედვით ირჩევენ ტელევიზიას, თუმცა თუნდაც ამ პანდემიის დროს სარეიტინგო კომპანიებიდან მოსულმა ინფორმაცია დაგვანახვა, როდესაც ნაკლები ადგილი არის პოლიტიკური სიმპათია–ანტიპატიის გამოვლენისთვის, მაყურებელი რთავს „რუსთავი 2“–ზე. შეიძლება, სანდოობის მოპოვება დროში გაიწელოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ტელევიზია იყოს თავისუფალი პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფების ყველანაირი გავლენისგან და მაყურებელი იგებდეს რეალურ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, არხზე ყოველთვის იქნება პოლიტიკური სიმპათია–ანტიპატიის ადგილი, რადგან გავა თოქშოუები, სადაც ადამიანები თავიანთ მოსაზრებებს თავისუფლად დააფიქსირებენ, მაგრამ მე გეუბნებით, როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი იდეალში. მით უმეტეს, პოლიტიკურად ცხელი სეზონი გველოდება. შევეცდებით, მაყურებელს შევთავაზოთ დაბალანსებული ინფორმაცია, სადაც მოვლენა სრულად აისახება და ყველა მასში მონაწილე მხარის პოზიცია წარმოჩინდება. ეს არის არა მხოლოდ მენეჯმენტის ნებაზე, არამედ პროფესიონალიზმზე დამოკიდებული. ჟურნალისტების სურვილიცაა და ჩვენიც, რომ ვაკეთოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ახალი ამბები. მიზანი არის რეიტინგებში პირველობა და მაყურებლის ნდობა.

ბოლოს მინდა გკითხოთ, პიროვნულად რა შეიცვალა თქვენთვის, რაც ამ კაბინეტში ხართ და რა ბარიერები გადალახეთ?

ბევრი ისეთი გადაწყვეტილება იყო, რომელიც სერიოზული დაფიქრების საგანი გახლდათ (იღიმის). არ არის მარტივი, მოხვიდე სხვა სფეროდან ტელევიზიაში, სადაც განსაკუთრებული ხალხი მუშაობს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ სხვანაირი ადამიანები არიან. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბევრ საქმიანობასთან მქონია შეხება, მათ შორის, ტელევიზიასთანაც, მაგრამ არა იმ კუთხით, რაც აქ მომიწია. ჩემთვის ქიბარ ხალვაშის შეთავაზება სრულიად მოულოდნელი იყო. როცა განგვიხილავს დავის პერიოდში და ვფიქრობდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ საქმეს მოვიგებდით, თავს „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორად ნამდვილად არ მოვიაზრებდი. ჩვენთვის ერთი კვირით ადრე გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილებას იღებდნენ და მოფიქრების დროც არ იყო, სხვა კანდიდატურის ძებნის დრო ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა, ამიტომ გადაწყდა მოკლე დროში და მეც უარი ვერ ვუთხარი.

ვნანობ თუ არა, რომ დავთანხმდი? ალბათ, არა. ალბათ კი არა, ნამდვილად არ ვნანობ. ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე. ბევრი გამოწვევა დადებითად და წარმატებით გამოვიარეთ. სირთულეები იყო, რადგან სრულიად მტრულ გარემოში მოვედი. ბევრი იმ ადამიანთაგან დარჩა, მაგრამ პროფესიული ურთიერთობები დავალაგეთ და არ გვაქვს ანტაგონისტური დამოკიდებულება, ეს აღარ არის არხზე.

არხი გასული წლის აგვისტოში საინფორმაციო სამსახურმა დატოვა. ამაზე საუბარს, ალბათ, აზრიც აღარ აქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, არა ჩემი, არამედ არხის ინტერესიდან გამომდინარე ვსაუბრობ. მეორე მხრივ, ის, რაც მოხდა აგვისტოში, შეიძლებოდა მომხდარიყო სექტემბერში და გაცილებით დამანგრეველი იქნებოდა არხისთვის. კრიზისი იყო, მაგრამ ამ კრიზისს მაინც ვერ ავცდებოდით, უფრო დიდი მასშტაბებით, ცოტა უფრო გვიან. დღეს ვართ გაცილებით წინ, ვიდრე შეიძლებოდა ვყოფილიყავით. იმ პერიოდში იყო განცხადებები, რომ ეს არხი უნდა დანგრეულიყო, ათასი აბსურდი ითქვა, ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ „რუსთავი 2“ 26–ე დაბადების დღეს არ შეხვედროდა. დაბადების დღეს კი არა, ისიც არ ვიცოდით, ახალ წლამდე მივიდოდით თუ არა. დღეს აქ ვართ და ვსაუბრობთ დაბადების დღეზე. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც დარჩა და არა ქიბარ ხალვაშის ან ჩემი ხათრით, არამედ არხისადმი პატრიოტული დამოკიდებულების გამო, გადაწყვიტეს გაეგრძელებინათ თავიანთი საქმის კეთება. მათთვის მთავარი იყო, „რუსთავი 2“ არ ჩამქრალიყო. სექტემბერში ხელმეორედ ვიგრძენი ამ მხარდაჭერის ტალღა, როცა ბევრი შვებულებიდან სამსახურში დაბრუნდა. „რუსთავი 2“–ს არ ეშინია კრიზისების. არაერთი წვრილი თუ ცოტა უფრო დიდი კრიზისი გამოვიარეთ, რაც ტელევიზიას გარედან არ ეტყობოდა, მაგრამ ამის გარეშე მგონი, არსად ხდება. დღეს ვართ იქ, სადაც ვართ და გვინდა, აღვნიშნოთ 26 წლის იუბილე. გაცილებით დიდი გეგმები გვქონდა სეზონთან დაკავშირებით, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. უკვე მეორედ, სეზონს ვიწყებთ გვიან, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ის წარმატებული იქნება. მთავარია, არის ის სულისკვეთება, რომ „რუსთავი 2“ ვართ და აუცილებლად პირველობისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები