რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყანას უკვე 18 წელია მართავს.

დიდი ალბათობით, მომდევნო 12 წელი მას კვლავ ქვეყნის პირველი პირის სავარძელში ვიხილავთ.

პუტინი ჯერ მხოლოდ 67 წლისაა და ჯანსაღი ცხოვრებისა და როგორც ამბობენ, ბოტოქსის წყალობით არაჩვეულებრივად გამოიყურება.

მიმდინარე კვირას რუსეთის დუმამ პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიცირებით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად რუსეთის პრეზიდენტს – ვლადიმირ პუტინს პრეზიდენტის პოსტზე გატარებული ვადა უნულდება.

დუმამ საპრეზიდენტო ვადის განულებას მხარი დაუჭირა…

რუსულ სოციალურ ქსელში მომხდარზე ბევრს ხუმრობენ.

წერენ, რომ რუსეთში აღარ დარჩა კატა, რომელიც პუტინის პრეზიდენტობას  ვერ მოესწრო (კატების უმეტესობა 16 წლამდე ცხოვრობს)

View image on Twitter

– შეიძლება, ქალი რუსეთის პრეზიდენტი გახდეს? ეკითხებიან პუტინს და ისიც პასუხობს: არა, იმიტომ რომ მე ქალი არ ვარ.

თუმცა, ქართველებს აშკარად არ გვაქვს სახუმაროდ საქმე. აშკარაა, რომ მითი თითქოს პუტინმა ბავშვობა საქართველოში გაატარა და ამ ქვეყნის მიმართ გარკვეული გრძნობები შემორჩა, მითად რჩება და რეალობასთან არაფერ კავშირშია.

„ფორტუნამ“ ქართველ ექსპერტებს ჰკითხა, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე პუტინის მრავალწლიანი მმართველობის მინიმუმ კიდევ 6 წლით გახანგრძლოვება.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ რუსეთში დემოკრატიის კულტურა არ არსებობს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ამის ნათელი დადასტურებაა.

„რუსეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე, რასაკვირველია, აისახება. როდესაც დუმაში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, გააკეთა კომენტარი, რომ ახლა რუსეთს სჭირდება ძლიერი ვერტიკალი და ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი. რასაკვირველია, ამ ნათქვამში საკუთარ თავს მოიაზრებდა. რუსეთს ეს  ყველაფერი იმიტომ სჭირდება, რომ ქვეყანას დიდი გამოწვევები და რისკები ემუქრება. მათ შორის ერთ-ერთი დიდი საკითხია საკარანტინო ზონის შექმნა, რომელიც ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს იყო  შემუშავებული, რომელიც გულისხმობს რუსეთის გარშემო ნატოს პოზიციების გაძლიერებას. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ამას უნდა დაუპირისპირდეს ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ვერტიკალით და ამის გამკეთებელი სხვა არავინაა, თუ არა პუტინი და მისი გუნდი. საქართველო ამ საკარანტინო დერეფნის სისტემაში მოიაზრება. თავისი ფუნქცია აქვს და თავისი ადგილი და მოიაზრება რუსეთის მოწინააღმდეგეებში. უფრო კარგადაც შეგვიძლია ვთქვათ, მტრებში.

რუსეთიც შესაბამისად იქცევა. ის სხვა საკითხია, რომ რუსეთმა მტრის ხატი თავის დროზე თავადვე ხელოვნურად შექმნა, მაგრამ ახლა რეალურად რომ შევხედოთ მოვლენებს, საქართველო არის რუსეთის მოწინააღმდეგეთა ბანაკში. ამაში ლომის წილი რუსეთის დამსახურებაა, მაგრამ რეალობა ასეთია.

რაც შეეხება კითხვას, რას ველოდოთ ქართველები, ომს არ ველოდები, რადგან ამის მოცემულობა არ არის. მაგრამ რუსეთი როგორც მოწინააღმდეგეს საქართველოს ისე მოექცევა, რადგან საქართველო შედარებით სუსტი რგოლია, საკორდონო სისტემაში, აქედან გამომდინარე მთავარი დარტყმები ხშირად საქართველოზე მოდის ხოლმე.

ექსპერტის თქმით, რუსეთს არ ყავს ისეთი ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის დღის წესრიგის შეცვლას შეძლებს.

„რუსეთში დემოკრატიის კულტურა არ არსებობს. არც არასოდეს არსებობდა. ეს ქვეყანა მუდმივად ორიენტირებული იყო იმპერიულ იდეაზე. მხოლოდ ბორის  ელცინის პრეზიდენტობის დროს იყო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მცდელობა. მაგრამ მერე თვითონ ელცინმა დახურა თემა ჩეჩნეთში გადადგმული ნაბიჯების შედეგად. ხალხი მიჩვეულია, რომ უნდა ჰყავდეს მეფე. მეფე კი მუდმივია, ვიდრე მას ფიზიკური ძალა აქვს, ან ცოცხალია. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რაც რუსეთში ხდება. ეს აბსოლუტურად რეალური მოცემულობაა რუსეთისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი არის ევრაზიული ტიპის სახელმწიფო აზიური მენტალობით. აზიაში კი რამდენიმე ქვეყნის გარდა დემოკრატია განულებულია.

ამიტომ რუსეთში დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. პირიქით ხალხს ძლიერი ხელი მოსწონს და ისეთი მმართველი, რომელიც ცნობადია.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ნავალნი ეყრდნობა მოსკოვისა და პეტერბურგის ელიტის ერთ ნაწილს. რასაკვირველია, საპროტესტო განწყობები ქვეყანაში არის, მაგრამ როდესაც საზოგადოების მხოლოდ 5-6 პროცენტია საპროტესტოდ განწყობილი, ეს ის რესურსი არ არის, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში ვითარება შეცვალოს“, – აცხადებს არეშიძე.

 

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ფოტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დაძაბული დარჩება პუტინის მორიგი გაპრეზიდენტების შემდეგაც.

„რუსეთის დუმაში ამ თემაზე საუბრის დაწყება ნიშნავს, რომ პუტინს კლავ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება უნდა. არ მგონია, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს. რეალურად პუტინმა განსაზღვრა, რომ უნდა იყოს მანამ, სანამ თავად არ მოუნდება პრეზიდენტის პოსტის დატოვება.

მოსალოდნელია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დარჩეს ისეთივე  დაძაბული, როგორიც დღეს არის, თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მხოლოდ პუტინზე არ არის დამოკიდებული. საუბარია საერთაშორისო ორგანიზაციებზე და მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაზე.

მსოფლიოში ამ ეტაპზე ვითარება ძალიან დაძაბულია. განსაკუთრებით ეს ეხება ნავთობის გამო დაწყებულ ომს რუსეთსა და ოპეკის ქვეყნებს შორის. ეს ომი სერიოზულ დარტყმებს მიაყენებს რუსეთის ბიუჯეტსა და პუტინს.

რუსეთის შიგნით არ ჩანს ძალა, რომელიც პუტინის ალტერნატივას შექმნის. რუსეთის ზედა ფენებში პუტინმა ფაქტობრივად დაალაგა სიტუაცია. ასე რომ, მას კონკურენტი არც ოპოზიციიდან ჰყავს და არც იმის მოულოდნელობა არსებობს, რომ თავად პუტინის კარის გადატრიალება მივიღოთ.

კითხვაზე, რუს ოლიგარქებს რატომ არ უჩნდებათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი, ექსპერტი პასუხობს, რომ ეს რუსული თამაშის წესია, რომელსაც უბრალოდ ვერავინ დაარღვეს, თუ სიცოცხლე უნდა.

„რუსეთში ყველა ოლიგარქს თავისი ადგილი აქვს მიჩნეული. თუ ვინმე თამაშის წესიდან გავა, მიხაილ ხოდორკოვსკის ბედს გაიზიარებს. ასე რომ, ამ მხრივ პუტინს ყველაფერი მოწესრიგებული აქვს. მისი წასვლის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია, რომ იმავე ელიტამ, რომელიც დღეს პუტინი ეყრდნობა, უღალატონ და ჩათვალონ, რომ საჭიროა მისი შეცვლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ შეიცვლება სოციალური და ეკონომიკური გარემო. რუსეთის პოლიტიკური სტაბილურობა ამ ფაქტორზეა დამოკიდებული. მოდის ახალი თაობა, რომლებიც მთელ ამ პროცესებს ცოტა სხვაგვარად უყურებს. მაგრამ ჯერერობით ამ ახალ თაობას იმის ძალა არ აქვს, რომ სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას“, – აცხადებს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

კატეგორიები: ანალიტიკა

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05