პური ადამიანების უმრავლესობის ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. ბოლო დროს ქართულ ბაზარზე არაერთი ახალი სახეობის პური გამოჩნდა, ასორტიმენტი კი თანდათან უფრო იზრდება. რომელი პურის არჩევა და ხშირად მოხმარება ჯობს და რა როლს თამაშობს პურის სარგებლიანობაში მისი დამზადების ტექნოლოგია? თემასთან დაკავშირებით ,,იმედის დილაში” ისაუბრა ექიმმა-ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ. თეთრი და ჭვავის პურის დადებითი და უარყოფითი თვისებები

– პირველ რიგში მსურს გკითხოთ გავრცელებული მოსაზრების შესახებ, რომ თეთრი პური არც ისე სასარგებლოა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

ვეთანხმები იმ შემთხვევაში, თუ მომზადების ტექნოლოგია არასწორია. როგორც იცით,თუ პური საფუარის გარეშე ცხვება, ეს მის ღირებულებას ზრდის, მაგრამ ამის გარდა მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ მუშავდება ხორბალი. ხორბალი უნიკალური პროდუქტია, მაგრამ ხშირად არასწორად ამუშავებენ მის გარსს, რის გამოც იკარგება უნიკალური ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები და რჩება მხოლოდ გლუტენი და სახამებელი. ასეთ დროს პური, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფქვილისგანაა მომზადებული, მაინც არაა სასარგებლო.

– კონკრეტული საფრთხეები რაში მდგომარეობს მაშინ, თუკი ასეთ პურს ყოველდღიურად მოვიხმართ?

გარდა იმისა, რომ თეთრი პური მაღალკალორიულია, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის ე.წ. „ფუჭი კალორიები“. ადამიანი მისი მიღებისას ვერ იღებს ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს, ვერ ნაყრდება. ეს პური არც ისე ჯანსაღია. მისი რეგულარული მოხმარება ზრდის შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკებს. ხდება ქოლესტერინის დონის მომატება. ცხიმოვანი ქსოვილის მომატება, რის შედეგადაც ადამიანი იმატებს წონაში, მაგრამ არა კუნთოვანი მასის, არამედ ცხიმოვანი ქსოვილის მასის ზრდის ხარჯზე. გარდა ამისა პრობლემები ექმნება კუჭ-ნაწლავს, ხდება ნაწლავური მიკროფლორის გაღარიბება, ორგანიზმს ექმნება პრობლმები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით, რაც აუცილებლად აისახება კანის მდგომარეობაზე. სწორედ ასეთ დროს პაციენტს უჩნდება გარკვეველი წარმოშობის გამონაყარი, რომელსაც დერმატოლოგი ვერ შველის, რადგან მისი გამომწვევი მიზეზი კუჭ-ნაწლავის პრობლემებია.

– გლუტენთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

როგორც აღვნიშნე, პურის არასწორი ტექნოლოგიით დამზადებისას საბოლოოდ მასში დიდი ოდენობით გლუტენი და სახამებელი რჩება, გლუტენი მარცვლეულში შემავალი რთული ცილაა, რომლის სახელწოდებაც ლათინურიდან ითარგმნება როგორც „წებოვანა“. გლუტენი აზიანებს ნაწლავის ხაოებს, რის გამოც შემდეგ ნაწლავს უჭირს სხვადასხვა სახის პროდუქტებიდან ვიტამინების,მინერალების, მიკრო და მაკროელემენტების შეწოვა და ათვისება. ასაკთან ერთად ორგანიზმს გლუტენის გადამუშავება უჭირს, ამიტომ ასაკოვანი ადამიანებისათვის თეთრი პური რეკომენდირებული არ არის.

– რას გვეტყვით ალტერნატივაზე? როგორი პურით უნდა ვიკვებოთ?

თუ ადამიანი ჯანმრთელია და წონის კლება აქვს გადაწაყვეტილი, მისთვის საუკეთესო გამოსავალია ჭვავის ფქვილით მომზადებული პური. ჭვავის ფქვილი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და როცა უჯრედისი 14%-ზე მეტია, ეს ნახშირწყალი უფრო ნელა შეიწოვება, უფრო დიდი ხნით ანაყრებს ადამიანს და არ ზრდის შაქრის შემცველობას სისხლში. ჭვავის პურის მიღების შემდეგ ორგანიზმში არ გამოიყოფა დიდ დოზით ინსულინი, გამართულად მუშაობს კუჭ-ნაწლავი. ჭვავის პური მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით ბ ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც შეუცვლელია ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის და ძალიან სასარგებლოა კუნთოვანი ქსოვილისათვის. ჭვავის პური შეიცავს კალიუმს და კალციუმსაც.

– მიუხედავად ამისა, არც ჭვავის პურის შერჩევაა მარტივი, სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით უკმაყოფილო მომხმარებლებს, რომლებიც ჩივიან, რომ პური რეალურად არ არის ჭვავის და შეღებილია. ასეთი პური ბუნებრივია ვერ იქნება სასარგებლო. როგორ დავიცვათ თავი ასეთ დროს და როგორ ავარჩიოთ ჯანსაღი პური?

პირველ რიგში გეტყვით, რომ მომხმარებელმა უნდა ისწავლოს ეტიკეტის წაკითხვა ყურადღებით. თუ ეტიკეტზე მითითებულია, რომ პურში დიდი ოდენობითაა ხელოვნური დანამატები, ემულგატორები, ბევრია ჩვენთვის უცნობი ინგრედიენტები და რაც მთავარია, თუ პურის შენახვის ვადა გონივრულზე დიდია, ეს უკვე იწვევს ეჭვს, რომ პური არ არის ჯანსაღი.
ჭვავის პური 36 საათი ინახება და ინახება განსაკუთრებულ პირობებში. არ შეიძლება მისი შენახვა თეთრ პურთან ერთად, პური უნდა შევინახოთ მშრალად, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ კონტეინერში. ჭვავის პურს აქვს არომატი, ის მძიმე და სველია და თუ არასწორად შევინახეთ სოკო უჩნდება, რაც სახიფათოა. თუ პურს აქვს მოყავისფრო წერტილები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ალაოზეა დამზადებული. პური უფრო ნატურალურია, თუ ის არ არის ერთგვაროვანი ფერის. ჭვავის პური გვხვდება უფრო რუხი ან მოყავისფრო. რაც უფრო მეტ ჭვავს შეიცავს პური, უფრო მუქი ფერისაა.

– როგორი პურით უნდა იკვებოს ბავშვი?

უმჯობესია, რომ ბავშვი თავიდანვე შევაჩვიოთ ჭვავის პურს.

მსგავსი თემები