LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როლანდ ახალაია ბოკერიასა და ბაქრაძეს მისი ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს

317
roland-akhalaia-1235

ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია “ევროპული საქართველოს” ლიდერებს გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. ახალაია წერს, რომ ბოკერიასა და ბაქრაძეს მისი ოჯახის განადგურებაში ლომის წვლილი მიუძღვით.

“ვცდილობ ფეისბუქზე პოსტები ნაკლებად დავდო, რადგან დღევანდელ მოცემულობაში არაფრის მომტანად არ მიმაჩნია იგი. წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას? ალბათ თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლები წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში”,-წერს როლანდ ახალაია.

„რამდენიმე დღეა, ვწერ და ისევ ვშლი პოსტებს, გამოუქვეყნებლად. მაინც გადავწყვიტე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ბოკერია-ბაქრაძის ინიციატივაზე. არც ერთი არ მყავს მეგობრებში, მაგრამ ვიცი, „ჩიტები“ მიუტანენ ამბავს. ნაძირლობა ცუდია, მაგრამ ის უარესია, როცა ფსკერს ქვემოთაა. წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას? ალბათ თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლები წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში. თქვენი წინასწარი განზრახვაც ხომ ეგ იყო, რამდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილთან ხართ გარიგებულები, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია, თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა, თქვენ თუ კანონი. ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს, თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული ისედაც პიკზე მყოფი „აგრესია“ თქვენ მოგიბრუნდებათ და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, რომ ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუნდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიცით, რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვის. არაფერი არ იმალება ხოლმე, მით უმეტეს ჩვენნაირ ერში.

და ბოლოს, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს. დღემდის არაფერი მითქვამს და აზრიც არა აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი. გუნავა, შე არარაობავ, რა გადაგიხადეს ამდენი, რომ ყველაფერი გაყიდე, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა. რას ეტყვი შენს შვილებს, როცა წამოიზრდებიან. არ მგონია, ყველა ბუნებით შენ დაგემსგავსოს და ნამუს-უნამოსობა არ გაარჩიონ. როგორ, როგორ თანაცხოვრობ შენი სიყრმის მეგობრების მტრებთან და რა ნამუსით შეგაქვს მათგან ნაბოძები და ღალატის სუნით გაჟღენთილი „სიკეთე“ ოჯახში.

ბოდიშს გიხდით, ფეისბუქმეგობრებო. უბრალოდ, პატარა ამონახეთქია იმ უსამართლობისა და ღალიტისაგან დაგროვილი მუხტისა, რასაც შვიდი წელია თან ვატარებ. შეიძლება, ზოგს მოეწონოს, ზოგს არა, მაგრამ ვერ იტევს გული ამდენი პირადი კეთილდღეობისთვის მებრძოლი არაკაცების მოღალატურ ქმედებებს. მწამს, აუცილებლად დადგება ჟამი მოკითხვისა თუ განკითხვისა. თუ ბედმა მარგუნა, მოვესწრები. თუ არადა, ცხოვრება გრძელდება და მომკითხავი მუდამ იქნება“,-წერს როლანდ ახალაია ფეისბუქში.

 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები