საქართველოს მთავრობის მეთაურის ინიციატივით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო არსებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, თუმცა პანდემიასთან ბრძოლის გარდა, მას კიდე ორი მიმართულებით მოუწევს მუშაობის გაგრძელება – ეკონომიკური აღორძინება და პოლიტიკური ცხოვრების ამოქმედება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და ამ კუთხით სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული სახის შეზღუდვებს ტოვებს.

პრემიერის თქმით, მცირე რაოდენობით დადასტურებული შემთხვევები არ ნიშნავს პანდემიის დასრულებას, ამიტომ შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტი აკრძალვა, საზღვრისა და საკარანტინე სივრცეების კონტროლი, მოძრაობის შეზღუდვა 3-ზე მეტ მგზავრთან დაკავშირებით და ა.შ.

“საქართველოს მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში გადადგა ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯები და ეს შედეგი ნათელია. 5 და 10 ახალი შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ეპიდემია დასრულდა. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული, ისევე როგორც გლობალურად არ არის დამარცხებული.
ჩვენ ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა ავამუშავოთ ეკონომიკა, რომ მოქალაქეებმა თავიანთი საქმიანობა უსაფრთხოდ გააგრძელონ და არჩინონ ოჯახები. როგორი წარმატებული ვიყავით პანდემიასთან ბრძოლაში, ასეთი წარმატებული და სანიმუშო უნდა ვიყოთ მომავალი არჩევნების ჩატარებაშიც. აქაც უნდა ვიყოთ წარმატებული და გამარჯვებული.
აგერ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაცა პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ერთმნიშვნელოვნად მინდა, ყველამ იცოდეს, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა, რათა მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას დიდი მნიშვნელობა ქონდა ეპიდსიტუაციის პირობებში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა მოქალაქეებს გარკვეული სახის დისკომფორტი შეუქმნა, ყველა გატარებული ღონისძიება იყო სწორი და აუცილებელი. გახარიას თქმით, ჯერ არაფერი არ დასრულებულა, ამიტომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ საბჭო იგივე აქტიურობით განაგრძობს მუშაობას.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05