თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

ფსიქოლოგი: ირინე დოღაძე

თანამედროვე სამყაროში ტექნიკასთან ურთიერთობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის გვეხმარება ინფორმაციის სწრაფ წვდომაში, სოციალიზაციაში, ახალი ურთიერთობების დამყარებაში, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, ახლობელ ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციაში. ბავშვებისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია მიჰყვნენ თანამედროვე გამოწვევებს, რათა მზად იყვნენ მომავლისთვის, სიახლეებისთვის, შეძლონ თანატოლების ინტერესების გაზიარება და ჰქონდეთ მათთან მიკუთვნებულობის განცდა.

მეორეს მხრივ, ეკრანთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი რისკის შემცველია, რაც გულისხმობს მის ჭარბად ან არა უსაფრთხოდმოხმარებას.ბავშვები დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ ტექნიკასთან გატარებული დროის რეგულირებას და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასაც. ამ მიმართულებით მშობლების როლი შეუცვლელია.მათ თავიდანვე უნდა ასწავლონ შვილებს ტექნიკის მოხმარების წესები და უზრუნველყონ ბავშვის ჯანმრთელობა, უსაფთხოება.

რა სარგებელთანაა დაკავშირებული ტექნიკისა და ინტერნეტის გამოყენება

– ვიღებთ ახალ ინფორმაციას, რაც გვეხმარება სწავლაში, პრობლემებთან გამკლავებაში, ცოდნის გამრავალფეროვნებაში;
– ვეცნობით მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს;
– გვაქვს საზოგადობასთან, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა;
– სოციალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა;
– გვეხმარება ახლობელ ადამიანებთანკონტაქტის შენარჩუნებაში;
– და ა.შ.

რას გულისხმობს ტექნიკასთან გატარებული დრო

ეს არის იმ პერიოდის მთლიანი ხანგძლივობა, როცა ჩვენ ვმუშაობთ, ვუსმენთ, ვთამაშობთ, ვკითხულობთ ან ვუყურებთ:
? ტელევიზორს;
? ტელეფონს;
? კომპუტერს;
? ტაბლეტს;

რა პრობლემებთანაა დაკავშირებული ტექნიკის ჭარბი მოხმარება

ტექნიკასთან ჭარბი დროის გატარება გულისხმობს სხვა სასარგებლო აქტივობებზე უარის თქმას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც მეტ დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან, უფრო ნაკლებადაა ჩართული:

– ფიზიკურ აქტივობაში – რომელიც უმნიშვნელოვანესია მისი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, წონის რეგულირებისთვის და მოტორული განვითარებისთვის;
– თავისუფალ თამაშში – სადაც ივითარებს წარმოსახვის, აზროვნებას, სამყაროს შესწავლის უნარებს;
– სხვა ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობის პროცესში – რაც გულისხმობს მათთან ერთობლივ აქტივობას, მუშაობას, თამაშს, აზრების გაცვლას, დიალოგს. ეს გამოცდილება უმნიშვნელოვანესია სოციალურად მისაღები ქცევების გავარჯიშებისთვის და დასწავლისთვის.

შესაბამისად, ტექნიკასთან ჭარბი დროის გატარება დაკავშირებულია:

– ჭარბ წონასთან – ეკრანთან ყოფნისას ბავშვებს უწევთ ისხდნენ ან იწვნენ დიდი დროის განმავლობაში. ეს კი ზრდის ჭარბი წონის, სისხლძარღვოვანი დაავადებების და დიაბეტის განვითარების რისკს. მნიშვნელოვანია მშობელი დაეხმაროს ბავშვს დროის სწორად გადანაწილებაში, რათა მას მალ-მალე მოუწიოს ადგომა და მოძრაობა.

– ძილის პრობლემებთან- ბოლო კვევების შედეგების მიხედვით ბავშვების 70% აქვთ ძილის უკმარისობა ტექნიკასთან გატარებული ჭარბი დროის გამო. ამასთან, ეს დრო განსაკუთრებით მაღალია დასვენების დღეებში. ბავშვები უფრო გვიან მიდიან დასაძინებლად, მეტი დრო სჭირდებათ ჩასაძინებლად და ეღვიძებათ ხშირად. საბოლოოდ კი ეს უარყოფთად ზემოქმედებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებით ჩვევებზე და სწავლაზე.

– ქცევისა და ყურადღების პრობლემებთან – აღმოჩნდა, რომ ტექნიკასთან ჭარბი დროის გატარება ზრდის ყურადღების კონცენტრაციისა და ქცევითი პრობლემების აღმოცენების რისკს.

– ფიზიკურ ტკივილთან (კუნთების, სახსრების ტკივილი) – ტექნიკასთან ხანგძლივი დროითჯდომა ერთ პოზაში, როდესაც მხრები მოხრილი აქვს, კისერი დაძაბული და წინ წაწეული, იწვევს ტკივილს, დისკომფორტს. ასევე, განმეორებითი მოძრაობის განხორციელება მაგალითად, კომპიუტერული თამაშისას ერთი და იმავე ღილაკზე დიდი დროით თითის დაჭერა, იწვევს კონკრეტული კუნთების ტკივილს.

– სმენის პრობლემასთან- მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენის, ან ყურსასმენების ხანგძლივი დროით გამოყენების გამო.

– აგრესიულობასთან– ვირტუალურ სამყაროში არსებული აგრესიის გამო, ბავშვები ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიან ძალადობის, ჩაგვრის მიმართ და მას მიიჩნევენ პრობლემების გადაწყვეტის ნორმალურ გზად.

– სოციალური ურთიერთობების დამყარების და შენარჩუნების პრობლემასთან– ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ატარებენ დიდ დროს ტექნიკასთან, აღენიშნებათ ენის ათვისების, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის პრობლემები.

– ინტერნეტში საზიანო შინაარსის მასალაზე წვდომით გამოწვეულ პრობლემებთან– ადამიანებისა და ცხოველების მიმართ ძალადობის, პორნოგრაფიული შინაარსის მასალის ნახვის შედეგად გამოწვეული ემოციური პრობლემები.

– ინტერნეტჩაგვრასთან (ე.წ კიბერბულინგთან) – ბავშვები და მოზარდები (თინეიჯერები) ხშირად არიან მსხვერპლნი აღნიშნული ტიპის ძალადობის, რომელსაც

გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები აქვს. ერთ-ერთი მაგალითია არასრულწლოვნებზე ძალადობა შანტაჟის გზით, როდესაც უცნობი ადამიანები აიძულებენ მისთვის სახიფათო ქმედებების განხორციელებას, ინტიმური ინფორმაციის გადაცემას და სხვა.

ტექნიკასთან ურთიერთობის რა ხანგრძლივობაა მისაღები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის

ტექნიკის ჭარბად გამოყენება პირდაპირ ზემოქმედებს ბავშვის თავის ტვინის განვითარებაზე. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო დრამატულია ეს გავლენა. ეკრანთან ყოფნის დროს მიღებული ჭარბი შეგრძნებები: ფერები, ფორმები, ხმები, სწრაფი მოძრაობები ჭარბად ასტიმულირებს ტვინს. ბავშვები ხდებიან დამოკიდებულნი ამ შეგრძნებებზე და მოგვიანებით რეალურ სამყაროსთან ურთიერთობას ამჯობინებენ აღნიშნულ გამოცდილების მიღებას; ნაკლებად ინტერესდებიან გარემოთი, სხვა ადამიანებით; აღარ ცდილობენ მათ მიბაძვას და სწავლას. მშობლები ჩივიან, რომ: „არ აინტერესებს სათამაშო ან ჩემთან თამაში, მშვიდდება მხოლოდ მაშინ თუ მის საყვარელ ვიდეოს ჩავურთავ“, რაც ძალიან ცუდია. მშობელი უნდა ახერხებდეს ბავშვის დამშვიდებას მასთან კომუნიკაციით, საუბრით, მისი ყურადღების სხვა, რეალურ მოვლენაზე გადართვით: „უი, შეხედე რა ლამაზი ფისოა, ნახე როგორ აკეთებს: „მიაუ““, „იცი რა უნდა ვქნათ? ეზოში უნდა გავისეირნოთ“.

ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციის მიხედვით,ბავშვის ტექნიკასთან ურთიერთობა ნორმალურია და აუცილებელია თანამედროვე სამყაროში მისი ადაპტაციისთვის. ამ პროცესში მშობლის როლი უდიდესია:

ა)მან უნდა დააწესოს წესები, რომელიც აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.ის უნდა იყოს ნათელი და სწორი მაგალითი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის მიერ ტექნიკასთან გატარებული დროის რეგულირება უფროსმა უნდა დაიწყოს საკუთარი თავით. მან თავად უნდა შეზღუდოს დრო, როცა დაკავებულია ტელევიზორის ყურებით, მეგობრებთან მიმოწერით.

ბ) აქტიურად ჩაერთოს და დაინტერესდეს ბავშვის საქმიანობით ტექნიკის გამოყენებისას– უყუროს მულტფილმებს, ფილმებს მასთან ერთად, ითამაშონ ვიდეო თამაში ერთობლივად. იყოს მეგობრული და აუხსნას ინტერნეტის მოხმარების საფრთხეები და მისგან თავის დაღწევის საშუალებები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაარსს – ის რას უყურებს და აკეთებს ბავშვი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დრო რომლის განმავლობაშიც აღნიშნული აქტივობითაა დააკავეული;

გ) შეამოწმოს ხომ რჩება ბავშვს საკმარისი დრო თავისუფალი თამაშისთვის– თანატოლებთან ცოცხალი კომუნიკაციისთვის, ეზოში ფიზიკური აქტივობისთვის.

გ) დარწმუნდეს, რომ ბავშვს კარგად ესმის ტექნიკისგან თავისუფალი პერიოდები, როდესაც აკრძალულია მათი გამოყენება– დაძინებამდე 1 საათით ადრე, მეცადინეობისას, ოჯახური ვახშმისას და ა.შ;

სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სხვადასხვა დროითი ინტერვალია რეკომენდირებული:

დაბადებიდან 2 წლამდე ბავშვები -საერთოდ არ უნდა ატარებდნენ ეკრანთან დროს და არც უნდა ესმოდეთ ტექნიკის ხმა. ბავშვობის ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესია ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ევოლუციურად, ადრეულ ასაკში ტვინის ნორმალური განვითარება დამოკიდებულია რეალურ, ნამდვილ სამყაროსთან, ადამიანებთან ურთიერთობის ხარისხზე. უფროსებთან და თანატოლებთან ურთიერთობა და მათთან ერთობლივი თამაში, კომუნიკაცია წარმოადგენს საუკეთესოდა ერთადერთ გზას ბავშვის მიერ ენის ათვისებისთვის, შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტის, მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარების განვითარებისთვის. ტექნიკას შეუძლია ბავშვის დაინტერესება, ჩართულობა, მშრალი ინფორმაციის მიწოდება (ციფრები, ფორმები, ანბანი და ა.შ), თუმცა არ ავითარებს არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ უნარს. საბოლოოდ კი მნიშვნელოვანი ხომ ისაა, რომ ბავშვმა შეძლოს სამყაროს გამოკვლევა, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის ემოციის გაზიარება, სხვისი გრძნობების გაგება, ახალი ინფორმაციის ანალიზი, დასწალა და ა.შ.?!

2- 5 წლამდეასაკის ბავშვები – ტექნიკასთან შესაძლოა ატარებდნენ დღეში მაქსიმუმ 1 საათს. ამასთან, მშობელი უნდა აკონტროლებდეს იმ პროგრამებისა და თამაშების შინაარსს, რასაც ბავშვი უყურებს ან მონაწილეობს. ამ დროის განმავლობაში:
– შეარჩიეთ ის პროგრამები რომელიც მაღალი ხარისხის და საგანმანათლებლო მნიშვნელობისაა;
– აუცილებლად იყავით ჩართული ტექნიკის გამოყენების პროცესში – უყურეთ, იცეკვეთ, იმღერეთ და ითამაშეთ მასთან ერთად.

6-იდან 18 წლამდე ასაკის მოზარდების – შემთხვევაში ეს დრო ინდივიდუალურია და გულისხმობს ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებას. თანამდროვე სამყაროში ფუნქციონირება წარმოუდგენელია ტექნიკასთან გატარებული დროის გარეშე. ბავშვების შემთხვევაშიც ესეა. მათ სჭირდებათ ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება სასკოლო პროექტებისთვის; ვიდეო-თამაშებით დაინტერესება თანატოლებთან სოციალიზაციისთვის, მათთან საერთო სასაუბრო თემის ფლობისთვის და კომუნიკაციისთვის; ასევე, სჭირდებათ ტექნიკის გამოყენება, რათა შეძლონ მშობლებთან დაკავშირება, ახლობელი ადამიანების მოკითხვა. შესაბამისად, ძალიან რთულია კონკრეტული და ყველასთვის სასარგებლო დროის განსაზღვრა.

მშობლების ამოცანაა ინდივიდუალური მოცემულობის ფონზე შეადგინოს გრაფიკი შემდეგი ფაქტორების გაითვალისწინებით:

? მოზარდს ყოველდღიურად აუცილებლად უნდა დარჩეს დრო ფიზიკური აქტივოებისთვის, სახლში, ეზოში, სათამაშო მოედანზე თამაშისთვის;

? მოზარდს ყოველდღიურად აუცილებლად უნდა ქონდეს ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა – იაროს სტუმრად და მოიწვიოს მეგობრები, დასთან, ძმასთან ან მშობლებთან ითამაშოს სხვადასხვათამაშები;

? მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს, რომ თავისუფალი დრო აუცილებლად არ ნიშნავს ტექნიკასთან ყოფნას.არსებობს ბევრი სხვადასხვა აქტივობა, რომლის დროსაც აგრეთვე შესაძლებელია განტვირთვა, დასვენება და სიამოვნების მიღება. მშობელმა უნდა ასწავლოს შვილს რითი დაკავდეს მეცადინეობის შემდგომ. უნდა დაეხმაროს მას ინტერესების გამრავალფეროვნებაში. მაგალითად: ხატვა, ქსოვა, ძერწვა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა.

? ბავშვმა უნდა იცოდეს ტექნიკის გამოყენების წესები. მაგალითად, მან უნდა შეწყვიტოს ტექნიკის მოხმარება დაძინებამდე ერთი საათით ადრე მაინც, ოჯახური სადილისა და ვახშმისას, მეცადინეობისას. აუცილებელია მშობელმა აკონტროლოს აღნიშნული წესების შესრულება და იყოს თანმიმდევრული. არ შეიძლება ერთ დღეს აკრძალოს მულტფილმის ყურება დაძინებამდე და მეორე დღეს ამის უფლება მისცეს.

? მშობელი უნდა დააკვირდეს ხომ არ იწვევს ტექნიკის გამოყენება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას:ძილის, წონის, ყურადღების კონცენტრაციის და ა.შ. თუ აღნიშნული სირთულეები სახეზეა, მაშინ უნდა იზრუნოს აღნიშნული დროის კიდევ უფრო შეზღუდვაზე.

? ასწავლოს ტექნიკისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება – სპეციალური პროგრამების საშუალებით შეუზღუდოს სხვადასხვა შინაარსებზე წვდომა. ესაუბროს სიტუაციებზე, როდესაც ტექნიკის გამოყენება დაუშვებელია. მაგალითად; მობილურით თამაში მანქანის მართვისას ან ქუჩაზე გადასვლისა. ასწავლოს, რატომ არ უნდა გაეცნოს სახიფათო შინაარსის მასალას, თუკი შემთხვევით გადააწყდება.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ტექნიკისა და ინტერენეტის უსაფრთხო გამოყენება:

ჩაერთეთ – ინტერნეტთან ურთიერთობა შესაძლოა ბევრი მიზეზით იყოს სასარგებლო ბავშვებისთვის: იღებენ ახალ ინფორმაციას, სწავლობენ, იმრავალფეროვნებენ ინტერესებს, ურთიერთობენ და იძენენ ახალ მეგობრებს, არიან შემოქმედებითნი, ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას, ეხმარებიან სხვა ადამიანებს, თამაშობენ და ერთობიან. ამიტომაც გაარკვიეთ: რა ინტერესები აქვს? რა წარმატებები ან პრობლემები აქვს? როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ონლაინ სამყაროში უკეთეს აქტუალიზაციაში? ჩართულობა საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ: რომელ ვიდეო-თამაშს თამაშობს? რომელ ვებ-გვერდს სტუმრობს? მშობლის ამოცანაა ასწავლოს ბავშვს საფრთხის შემცველი გვერდების ამოცნობა: რა ტიპის შინაარსებია სახიფათო და რა უნდა გააკეთოს ბავშვმა თუ შემთხვევით გადააწყდება?

ესაუბრეთ ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე– თუ მშობელი მხოლოდ რისკებსა და ინტერენეტის უარყოფით მხარეებზე ესაუბრება, მაშინ შესაძლოა პრობლემის არსებობის შესახებ ბავშვმა აღარ შეატყობინოს. ამიტომაც, გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება; რაში გეხმარებათ ინტერნეტით სარგებლობა? რა პრობლემა შეგიქმნათ? რა რისკები ახლავს და როგორ გაუმკლავდით? დაეხმარეთ სიმართლისა და სიცრუის განსხვავებაში – აუხსენით, რომ ყველაფერი რასაც ინტერნეტში ნახავს სიმართლე არ არის. დაეხმარეთ სანდო ინფორმაციის მოძიების გზების გარკვევაში, მცდარი ინფორმაციის არასასურველი ეფექტებისგან თავის დაცვაში.

ასწავლეთ სახიფათო ინფორმაციისგან თავის დაცვა- აკონტროლეთ სახიფათო ინფორმაციაზე წვდომა, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. თუკი შემთხვევით გადააწყდება ძალადობასთან, ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობასთან, სიცოცხლისთვის სახიფათო ქცევებთან ან პორნოგრაფიული შინაარსის ინფორმაციასთან დაკავშირებულ მასალას აუხსენით, თუ როგორ და რატომ უნდა აარიდოს თავი მათ გაცნობას? რა უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ აღნიშნულ ინფორმაციას მის ემოციურ მდგომარეობაზე?

ასწავლეთ სახიფათო ადამიანებისგან თავის დაცვა – ესაუბრეთ და ასწავლეთ, როგორ მოიქცეს თუ ონლაინ რომელიმე ადამიანი, რაიმე გზით თავს ცუდად, არაკომფორტულად აგრძნობინებს ან შეაშინებს. უთხარით რომ ნებისმიერი ესეთი შემთხვევის არსებობისას დაუყოვნებლივ შეგატყობინოთ თქვენ, ან სხვა სანდო ადამიანს. ესაუბრეთ პოტენციურ რისკზე წინასწარ, რათა ასეთის დადომის შემთხვევაში სწორად მოახდინოს რეგიარება.

რა წესები უნდა არსებობდეს სახლში ტექნიკისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით

არ შესთავაზოთ ტექნიკა ადრეულ ასაკში. მისი გამოყენების ცოდნა ნაწილობრივ ინტუიტურია და ბავშვები ძალიან სწრაფად ითვისებენ.

ბავშვთან ერთად შეადგინეთ სახლში ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული წესები – რომელია დროის ის პერიოდები, როდესაც აკრძალულია ტექნიკის გამოყენება: მაგალითად ოჯახური სადილის, ვახშმის, მეცადინეობის, დაძინებამდე პერიოდი. რომელია სახლის ის ადგილები, სადაც შეუძლია ითამაშოს ონლიან თამაში, გამოიყენოს ტელეფონი.

რომელი ონლაინ სერვისის გამოყენება შეუძლია – რომელი ვებ-გვერდების, ონალინ თამაშები, სოციალური ქსელის, ასაკის შესაბამისი ვიდეო პროგრამების ყურება შეუძლია.

იყავით ჩართული – იმ დროის განმავლობაში, რაც რეკომენდირებული კონკრეტული ასაკის ბავშვისთვის იყავით მასთან ერთად. ასწავლეთ, როგორ გამოიყენოს ინტერნეტი განვითარებისთვის, სწავლისთვის, სწორი და უსაფრთხო კომუნიკაციისთვის.

რა წესები მოქმედებს მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობისას– ეცადეთ გაუზიაროთ თქვენი ოჯახის წესები ბავშვის მეგობრის მშობლებას. ამით, მოახერხებთ ბავშის დაცვას ინტერნეტის უარყოფითი ზემოქმედებისგან მაშინაც, როცა მის გვერდით არ ხართ.

დაარეგულრეთ ტექნიკასთან და მის გარეშე გატარებული დრო – დააკვირდით ბავშვის ფიზიკურ აქტივობასა და ძილის სიჯანსაღეს, როგორ ურთიერთობს პირისპირ უფროსებთან და თანატოლებთან, რამდენად ჩართულია და წარმატებული სკოლაში, რამდენად მრავალფეროვანი ინტერესები აქვს. შეადგინეთ დღის გეგმა, რომელთაგან მხოლოდ ერთ-ერთია კომპიუტერთან ურთიერთობა. წაახალისეთ ისეთი აქტოვობები, როგორიცაა კითხვა, სპორტული აქტივობა, ერთმანეთთან საუბარი; მოაწყვეთ ბუნებაში ოჯახური გასვლის შემთხვევები.

როგორ შევამციროთ ბავშვის მიერ ტექნიკასთან გატარებული დრო

ფაქტია, რომ ბავშვები გაცილებით მეტ დროს ატარებენ ეკრანების წინ, ვიდრე მშობლები აცნობიერებენ. ძალიან რთულია აღნიშნული რეჟიმის ცვლილება და დროის შემცირება, თუმცა ნებისმიერი მცირე ნაბიჯიც კი დიდი წინსვლაა.

როგორ მოიქცეს მშობელი, თუ აღმოაჩენს, რომ ბავშვი ჭარბ დროს ატარებს ტექნიკასთან.

1. დაითვალეთ დრო – დააკვირდითდა ჩაიწერეთ მთელი დღის განმავლობაში ბავშვის მიერ ტექნიკასთან გატარებული დროის ხანგძლივობა.

2. აუხსენით – თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტექნიკასთან გატარებული დროის შემცირება და რა სარგებლობის მომტანია ეს მისთვის, მისი ოჯახისთვის.

3. შეზღუდეთ ტექნიკის ფონური გამოყენება – მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზორი არ იყოს ჩართული მუდმივად. იმ შემთხვევაშიც, კი თუ თვლით, რომ ბავშვი ყურადღებას არ აქცევს. ჩართეთ მხოლოდ მიზანმიმართულად, ბავშვისთვის წინასწარგანზრახულ დროს. თუ ოჯახის სხვა წევრს სურს მოსმენა. მაშინ ბავშვისთვის სათამაშო სივრცე გამოყავით სხვა ოთახში. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ტექნიკასთან წვდომა, არ უნდა ესმოდეს ხმა, სანამ სადილობს, იძინებს ან ამზადებს დავალებას. აუცილებელია, რომ ყველა ტიპის ტექნიკაზე წვდომა შეეზღუდოს დაძინებამდე 1 საათით ადრე მაინც.

4. დაეხმარეთ ინტერესების გამრავალფეროვნებაში – ტექნიკასთან გატარებული დროის შემცირება ბავშვისთვის ძალიან მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ აღარ იცის რა აკეთოს, როგორ გაერთოს. შესაბამისად, ბავშვთანერთად ჩამოწერეთ ყველა ის სახალისო აქტივობა, რომელიც არ არის დაკავშირებული ტექნიკასთან და რომლითაც შეუძლია დაკავდეს მარტო, სხვა ბავშვებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად. დაეხმარეთ ახალი ინტერესების გაჩენაში: სპორტი, ხატვა, კითხვა. შესთავაზეთ რაიმე სახალისო აქტივობა, როგორც კი შეამჩნევთ, რომ მოიწყინა: „სათამაშო მოედანზე ხომ არ გაგვესეირნა?“; „ზოოპარში ხომ არ წავსულიყავით“; „პიკნიკი ხომ არ მოვაწყოთ“; „რამე ხომ არ გვეთამაშა?“ და ა.შ.

5. შეადგინეთ განრიგისხვადასხვა დავალებებით – რომლის შესრულების შემთხვევაშიც შეძლებს ტექნიკის გამოყენებას. ამასთან,
წინასწარშეათანხმეთ რამდენი ხანი შეუძლია გაატაროს კომპიუტერთან, რას უყუროს ან ითამაშოს. აუხენით, რომ თუ შერჩეული პროგრამის დასრულებას ამ დროში ვერ მოასწრებს, შეძლებს გააგრძელოს მოგვიანებით.

6. ჩართეთ საოჯახო საქმეებში – დაიხმარეთ, როდესაც სადილს ამზადებთ, ან სუფრას შლით. ეს დაგეხმარებათ მოარიდოთ ტექნიკას და ამავდროულად, საუკეთესო დროა საუბრისთვის და დღის ამბების გამოკითხვისთვის: „როგორ ჩაიარა ბიოლოგიის გაკვეთილმა, მოეწონა მასწავლებელს შენი პროექტი?“

7. იყავით კარგი მაგალითი – თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენც ნაკლებ დროს ატარებთ ტექნიკასთან, ცდილობთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, მაშინ ნაკლებად გაგიწევთ წინააღმდეგობას.მზად იყავით იმისთვის, რომ ეს პროცესი არ იქნება ადვილი და სწრაფი. ელოდეთ პროტესტს მისგანაც, თუმცა თქვენი თანმიმდევრულობა შედეგს აუცილებლად მოიტანს. ხანგძლივი მუშაობის შემდგომ კი ბავშვი თავად შეძლებს საკუთარი დღის რეჟიმის დაგეგმვას და გაკონტროლებას.

8. წაახალისეთ – აუცილებლად აღნიშნეთ ტექნიკასთან გატარებული დროის შემცირებისკენ გადადგმული უმნიშვნელო წინსვლაც კი.

9. გამოყავით ტექნიკისგან თავისუფალი ერთი დღე – ეცადეთ გქონდეთ კვირაში ერთი დღე მაინც, როდესაც ოჯახის არც ერთი წევრი არ ატარებს ტექნიკასთან. მოიფიქრეთ რაიმე ოჯახური აქტივობა. მაგალითად; წადით ექსკურსიაზე, პიკნიკზე, ლაშქრობაში. ეს დაგეხმარებათ განტვირთვაში, ბავშვთან ურთიერთობის დარეგულირებაში და ამასთან, მოგეცემათ საშუალება დაასწავლოთ ახალი უნარები, გაუმრავალფეროვნოთ ინტერესები.

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

მსგავსი თემები