LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ საკარანტინო მოწყენილობას? – აპრილის პრემიერები

241
premiersofapril

ვიდრე პლანეტა #დარჩისახლში მოწოდებით ცხოვრობს, ახალი სერიალები და ფილმები განსაკუთრებით აქტუალურია. შესაძლოა ამან სრულიად ვერ გამოგვიკეთოს განწყობა, თუმცა ფაქტია, რომ აპრილში არაერთი საინტერესო შოუს ხილვის შესაძლებლობა გვექნება. ზოგ მათგანს პირველად ვიხილავთ, ზოგს კი კარგად ვიცნობთ და მათ ახალ სეზონებსაც მოუთმენლად ველოდით.

მაშ, რას ვუყუროთ აპრილში? ,,ფორტუნა” გირჩევთ:

“ამბები მარყუჟიდან” /Tales from The Loop

Amazon, სეზონი 1
ჟანრი: სამეცნიერო ფანტასტიკა
პრემიერის თარიღი: 3 აპრილი

სამეცნიერო-ფანტასტიკურ სერიალში, რომელიც რაღაცით ბევრისთვის საყვარელ “უცნაურ ამბებს” (Stranger Things) წააგავს, მოვლენები ალტერნატიულ 1980-იანი წლებში ვითარდება. კაცობრიობამ უჩვეულო მაგნეტრონული ეფექტი აღმოაჩინა, რამაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ტექნოლოგიების და რობოტექნიკის სფეროში. ეფექტის უკეთ შესასწავლად სიუჟეტის ცენტრში მყოფ პატარა ქალაქში მეცნიერთა ჯგუფი სპეციალურ აპარატს, “მარყუჟს” ამონტაჟებს, თუმცა ცხადია, აღმოჩენები მსხვერპლს მოითხოვს და არც “მარყუჟის” ამოქმედება ჩაივლის ანომალიური მოქმედებების გარეშე.

“სახლში დაბნელებამდე” / Home Before Dark

Apple Tv+, სეზონი 1
ჟანრი: დრამა, მისტიკა
პრემიერის თარიღი: 3 აპრილი

მისტიკური დრამა ამერიკის ჟურნალისტთა ასოციაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრის, ჰილდე ლისიაკის ამბავს ეფუძნება. პატარა გოგონა ოჯახთან ერთად მამის მშობლიურ ტბისპირა ქალაქში ჩადის. მისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობის წყალობით, ჰილდე დიდი ხნის წინ დახურული საქმის ახალ მტკიცებულებებს აღმოაჩენს.

“ქაღალდის სახლი” / La Casa de Papel

Netflix, სეზონი 4
ჟანრი: დრამა, მისტიკა, კრიმინალური
პრემიერის თარიღი: 4 აპრილი
IMDB: 8.4

“ქაღალდის სახლი” პროფესიონალი მძარცველების ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც ესპანეთის სამეფო ხაზინაში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს, რამაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. დამნაშავეთა ჯგუფი და მათი მეთაური, “პროფესორი” ეკრანებს ახალ სეზონში ახალი თავგადასავლებით უბრუნდებიან.

“გაქცევა” / Run

HBO, სეზონი 1
ჟანრი: კომედია, რომანტიული, თრილერი
პრემიერის თარიღი: 12 აპრილი

რუბის და ბილის ამბავს მოგვითხრობს. ყოფილი შეყვარებულები 17 წლის წინანდელ შეთანხმებას ასრულებენ. თუ რომელიმე მათგანი მეორეს გაუგზავნის შეტყობინებას სიტყვით Run, ხოლო მეორე ამავე შეტყობინებით უპასუხებს, ორივემ ყველაფერი უნდა მიატოვოს, რის შემდეგაც ცენტრალურ სადგურზე უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და მატარებლით გაემგზავრონ სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად.

“ევას მკვლელობისას” / Killing Eve

BBC America, სეზონი 3
ჟანრი: ჯაშუშური თრილერი
პრემიერის თარიღი: 12 აპრილი
IMDB: 8.3

ბრიტანული დაზვერვის ოფიცერი ევა პოლასტრი და ფსიქოპათი მკვლელი ვილანელი ეკრანზე მესამე სეზონით ბრუნდებიან. მას შემდეგ რაც ევა ვილანელის პიროვნებით ინტერესდება, მკვლელიც იწყებს მის შესახებ გამოძიებას, საბოლოო ჯამში კი ქალბატონებს ერთმანეთის მიმართ არაჯანსაღი მიჯავულობა უვითარდებათ, რაც ხელს უშლით მისიების შესრულებაში. “ევას მკვლელობისას” წარმატებული და აღიარებული სერიალია, რომლის გაგრძელებასაც სერიალების მოყვარულები სულმოუთქმელად ელოდნენ.

“დაკარგული სამოთხე” /Paradise Lost

Spectrum, სეზონი1
ჟანრი: დრამა, მისტიკა
პრემიერის თარიღი: 13 აპრილი

გოთიკურ-მისტიკური დრამა თანამედროვე სამხრეთული ოჯახის შესახებ.
ყველას ცხოვრება სრულიად იცვლება მას შემდეგ, რაც იეტსი ფორსაიტი და მისი ფსიქიატრი ცოლი ფრენსისი კალიფორნიიდან მისისიპის შტატის პატარა ქალაქში მდებარე მშობლიურ სახლში ბრუნდებიან. იეტსის სახლში დაბრუნების შემდეგ ფორსაიტების ოჯახის დიდი ხნის დავიწყებული საიდუმლოებები აშკარავდება.

“მისის ამერიკა” / Mrs. America

FX, Hulu
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული მინისერიალი
პრემიერის თარიღი: 15 აპრილი

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული დრამატული მინი-სერიალი,რომელშიც მთავარ როლს ქეით ბლანშეტი ასრულებს, გასული საუკუნის 70-იან წლებში, ამერიკაში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. კონსერვატიული პარტიის სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი, ფილის შლეფი მოულოდნელად ფემინისტური მოძრაობის და აშშ-ის კონსტიტუციაში ქალთა თანაბარი უფლებების შესახებ შესწორების მიღებას ეწინააღმდეგება, რაც ფართომასშტაბიან დაპირისპირებას და მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.

“საზარელი ზღაპრები: ანგელოზების ქალაქი” / Penny Dreadful: City of Angels

ჟანრი: დრამა, ფენტეზი, ჰორორი
Showtime, სეზონი 1
პრემიერის თარიღი: 26 აპრილი

პირველი სეზონის მოვლენები 1939 წელს ლოს-ანჯელესში ვითარდება.
ქალაქი შეძრულია საზარელი მკვლელობით, რომელსაც დეტექტივები: ტიაგო ვეგა და ლიუის მიჩენერი იძიებენ. დეტექტივები, რომელსაც არ სწამთ არაფერი ზენუბერივი, ძალიან მალე ეპიკური და უცნაური მოვლენების ჯაჭვში აღმოჩნდებიან ჩათრეული, ეს ყველაფერი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალაქის ისტორიასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები