საქართველოში ინოვაციური იდეეების განხორციელების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი – Startup Factory  შეიქმნა.

”თუ გაქვთ ინოვაციური იდეა და არ იცით, როგორ აქციოთ ის წარმატებულ ბიზნესად, Startup Factory  გაძლევთ უპრეცედენტო შესაძლებლობას განავითაროთ, განახორციელოთ და წარმატებულ ბიზნესად აქციოთ საკუთარი იდეა”, – აცხადებეს Startup Factory-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე.

მისივე ცნობით, ეს არის სრულიად ახალი ტიპის,  მოქნილი ინოვაციების ცენტრი, რომელიც გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ინკუბატორებთან და აქსელერატორებთან,  პერსპექტიული პროექტების ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით.

”აღსანიშნავია, რომ Startup Factory პირველი პროექტია საქართველოში, რომელიც ხორციელდება კერძო სექტორის მიერ და მასში მონაწილეობა ნებისმიერ   დაინტერესებულ პირს შეუძლია. Startup Factory მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი სერვისების მიწოდებას:

„საერთო სამუშაო სივრცე“ – 24/7 -ზე ფუნქციონირებადი თანამედროვე სამუშაო გარემო, რომელშიც შესაძლებელია 40-მდე ადამიანის განთავსება;

„შეხვედრების ოთახი“ – თანამედროვე სტანდარტების მყუდრო გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით;

„სტარტაპების აქსელერაცია“ – Startup Factory ყველას აძლევს შესაძლებლობას განავითაროს საკუთარი იდეა და დაიწყოს სტარტაპ ბიზნესი, რაშიც ხელს შეუწყობენ სპეციალურად შერჩეული ქართველი და უცხოელი მენტორები, რომლებიც ასევე დაეხმარებიან დაფინანსების მოძიებაში.

„წვდომა ინოვაციურ ლაბორატორიებთან“ – ცენტრის სტარტაპებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი არის შემდეგი ინფრასტრუქტურა: ელექტრონიკისა და ინჟინერიის ლაბორატორია, მობილური აპლიკაციების შექმნის ცენტრი.

ასევე, ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპების ინოვაციური იდეების კომერციალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე”, – განმარტავს ირაკლი ქაშიბაძე.

როგორც ის ამბობს,  Startup Factory – ს პარტნიორთა სიაშია მსხვილი კერძო კომპანიები,  მათ შორის ბანკები.

მსგავსი თემები