LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოიქცეთ ბავშვებთან კრიზისული ასაკის დროს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

399

ფსიქოლოგები ბავშვის ხასიათის ცვალებადობას კრიზისული ასაკით ხსნიან. ამ ასაკს ბავშვი 4 -ჯერ გადის. ყოველი კრიზისული პერიოდი – ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, როცა ბავშვს ახალი წარმოდგენები უჩნდება “ზრდასრულობაზე”. კრიზისის დასასრულს ბავშვი განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ადის. ამის შემდეგ იწყება ხანგძლივი, შესამჩნევად მშვიდი პერიოდი, როცა ბავშვი ეუფლება ახალ უნარ-ჩვევებს, იღებს საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს.

კრიზისი უფრო მწვავედ ვლინდება, როდესაც მის გამოვლენას ზღუდავენ და ან როდესაც უფროსები მხარდაჭერას არ გამოხატავენ ბავშვების მიმართ. როგორც „ფორტუნას“ ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი აღზრდის პროგრამის ხელმძღვანელმა,  ბაღი „ფელიქსის“ დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა ნინუ კიკნაველიძემ  განუცხადა,  კრიზისის პერიოდები შემდეგნაირად ნაწილდება: პირველი წლის კრიზისი, 3 წლის  კრიზისი, 7 წლის კრიზისი და 12-15 წლის კრიზისი.

როგორ ხასიათდება პირველი წლის კრიზისი?

ამ პერიოდში ბავშვი სწავლობს სიარულს. იზრდება აკრძალული და საშიში ნივთების ნუსხა. უამრავი „არა“ კი პროვოცირებას უკეთებს ბავშვის მძაფრ რეაქციებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსებს არ ესმით ბავშვის სურვილი, სიტყვები და მიმიკა.

რა ახასიათებს 3 წლის კრიზისს?

ეს არის საკუთარი „მე“-ს გამოყოფის ეტაპი. ამ დროს ვლინდება პირველადი თვითშეფასება. ბავშვი ცდილობს იმოქმედოს სიტყვებით „მე თვითონ.“ დაჟინებით ითხოვს რაღაცას, უნდა რომ მის სურვილებს ითვალისწინებდნენ. კრიზისი ყველაზე მძაფრად სოციალურ ურთიერთობებში ჩანს. ის შეიძლება გამოვლინდეს დესპოტიზმში, ეჭვიანობაში, გაღიზიანებაში. განსაკუთრებით ძლიერია ბავშვის პროტესტი ავტორიტარული აღზრდის დროს. საჭიროა მოთმინება და გამოსავლის მოძებნა. თუ გარშემომყოფები უგებენ ბავშვს და მზად არიან პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მაშინ კონფლიქტი შეიძლება აცილებული იყოს.

როგორ იცვლებიან ბავშვები 7 წლის კრიზისის დროს?

ამ პერიოდში ბავშვი ხშირად კამათობს, აპროტესტებს მოთხოვნებს და საკუთარი თავის დასაცავად სხვადასხვა არგუმენტებს ეძებს. ცდილობს დიდივით მოიქცეს. დიდივით საუბრობს, ქცევაც, როგორც წესი, მშობლების ქცევის გასარჟებულ ვარიანტს წარმოადგენს.

როგორ ვლინდება მოზარდობის კრიზისი? (12-15 წელი)

ამ პერიოდში მოზარდს ადვილად შეამჩნევთ სიჯიუტეს, სწავლაში მიღწევის დონისა და შრომის მოყვარეობის დაცემას, ხშირია გარშემომყოფებთან კონფლიქტური სიტუაციები. გასათვალისწინებელია, რომ ბიჭები უფრო რთულად გადიან ამ პერიოდს. ფსიქოლოგები მოზარდობის კრიზისს „სქესობრივი მომწიფების ნეგატიურ ფაზას“ უწოდებენ. მოზარდობის კრიზისის დროს ბავშვი შესაძლებელია სკოლაში ისეთ საგნებშიც კი ჩამორჩეს, რომელშიც ნიჭიერი და წარმატებულია. ბავშვი გაგებასა და დედუქციას სწავლობს. ხდება შინაგანი სამყაროსა და ობიექტური რეალობის ერთმანეთისგან დაშორება. შინაგანად შფოთავს და მარტოობას ესწრაფვის. ფსიქოლოგის თქმით, ითვლება, რომ კრიზისის ყველა მახასიათებლის გავლა მხოლოდ 20%–ს უწევს. მათ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ქცევები აქვთ. ეს მდგომარეობა შესაძლებელია რამდენიმე კვირა, ან დიდი პერიოდი გრძელდებოდეს, როცა ბავშვი ამოვარდნილია ოჯახის ცხოვრებიდან, გაღიზიანებულია ან პირიქით, ჩაკეტილია საკუთარ თავში. ბავშვების უმრავლესობა – 60% ე.წ. „პოტენციური ნეგატივისტები“ არიან.

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ბავშვებს კრიზისული პერიოდები გაუმარტივდეთ, რჩევებს ნინუ კიკნაველიძე მოგცემთ.

  1. მნიშვნელოვანია ბავშვისთვის იყოთ ავტორიტეტი და შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა თქვენს დამოკიდებულებებში და მიდგომებში, იყავით მისთვის მაგალითი.
  2. ყოველთვის შეადარეთ ბავშის ქცევა მისივე გამოცდილებას, ნუ შეადარებთ სხვებს.
  3. მიეცით ბავშვს საშუალება იკამათოს თქვენთან. თუ მას გააჩნია საკუთარი აზრი, მიეცით უფლება, რომ მოახდინოს საკუთარი შეხედულებების არგუმენტაცია. ასეთ შემთხვევაში ის დაისწავლის, რომ არ მოითხოვოს უპირობოდ, კატეგორიულად რაიმეს მიღება და თქვენც ისწავლით  მოსმენას და მისი სურვილების გათვალისიწინებას.
  4. ჩაერთეთ მისი შემეცნების პროცესში აქტიურად. იზრუნეთ მისი ინტერესების განვითარებაზე, შეუწყვეთ ხელი იმით, რომ ერთად აკეთოთ და ერთად მოიძიოთ ახალი ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხზე. რაც უფრო მეტად გამოხატავთ ინტერესს და  ჩართულობას, მით უფრო ხელს შეუწყობთ თქვენს ურთიერთობას და მის თანამშრომლობაზე დათანხმებას. დააკავშირეთ ბავშვის ინტერესები სასწავლო პროგრამას და სკოლის ცხოვრებას, ეს გაზრდის მისი აკადემიური ჩართულობის ხარისხს.
  5. იურთიერთეთ ბავშვთან თანაბარი პირობებით, დაუსვით კითხვები, მიეცით უფლება მიიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები და აიღოს პასუხისმგებლობა მათ განხორციელებაზე.
  6. ჩაანაცვლეთ ავტორიტალური პოზიციები სხვადასხვა ფილმებით, მულტფილმებით, წიგნებით, რომლებსაც აღმზრდელობითი ხასიათი აქვს და შემდეგ ერთად განიხილეთ, იმსჯელეთ.
  7. არ მოეპყრათ ბავშვს, როგორც თქვენს კუთვნილებას, ქონებას. თქვენ ის გააჩინეთ, გაზარდეთ, მაგრამ ის დამოუკიდებელი ინდივიდია, რომელიც არ არის ვალდებული აუცილებლად თქვენ დაგემსგავსოთ. ყველაზე ძლიერი სიპმტომები კრიზისულ ასაკში,  ვლინდება სწორედ მშობლების ქცევიდან გამომდინარე. როდესაც კრიზისი იწყება, არ ჩათვალოთ რომ სიტუაციაზე კონტროლს კარგავთ და რომ თქვენი ,,სათამაშო’’ გაფუჭდა, ნუ ჩადებთ მთელ ძალისხმევას მის შეკეთებაში. თქვენ უნდა გაუმკლავდეთ მშობლის გრძნობებს და გააცნობიეროთ, რომ თქვენს შვილს ახლა უფრო უჭირს ვიდრე თქვენ. ერთად ხელჩაკიდებულებმა უნდა გაიაროთ ეს კრიზისული პერიოდი. თქვენი, როგორც მშობლის, ძირითადი ამოცანაა მისი მხარდაჭერა და ბავშვის მხრიდან იმის განცდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია მოგმართოთ დასახმარებლად. იყავით ერთად, რადგან ეს  პერიოდი ორივესთვის ერთნაირად რთული და მტკივნეულია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები