LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი თუ კოვიდსინდრომი დიდხანს გრძელდება: კოვიდგადატანილების კვლევა 2 კვირაში დაიწყება

413
fortuna.ge (3)

კორონავირუსი შესახებ მრავალი ფაქტორი ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა უკვე ვიცით, რომ კოვიდგადატანილები შესაძლოა, კვლავ მოხვდნენ  კლინიკაში.

პაციენტები საქართველოშიც მიმართავენ საავადმყოფოებს კოვიდის შემდგომი გართულებებით: გამყრელიძე

თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „ფორტუნასთან“ იმ ძირითად გართულებებზე საუბრობს, რომლის გამოც კოვიდგადატანილი შესაძლოა, კვლავ კლინიკაში მოხვდეს.

„ზუსტ სტატისტიკას ვერ მოგაწოდებთ, მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირი არაა, მაგრამ გვქონია შემთხვევა, როდესაც კოვიდგადატანილების ჯანმრთელობა მოგვიანებით გართულდა. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა უკვე არსებული პლევმონია ბაქტერიულით გართულდა. პერიოდულად ხანგრძლივდება ცხელება. თავს იჩენს ავტოიმუნური დაავედებები და ა.შ.

საქართველოში კოვიდინფექციის შემდგომ უეცარი გარდაცვალება ძირითადად თრომბოემბოლიასთან არის კავშირში.

კოვიდის შემდგომი გართულებები ძირითადად დაკავშირებულია თრომბოემბოლიურ და ავტოიმუნურ გართულებებთან“,- ამბობს ენდელაძე ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელმაც კოვიდინფექცია უკვე დაამარცხა, ენდელაძე პასუხობს:

„კოვიდგადატანილი ადამიანი უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დამატებითი ანალიზები თუ დასჭირდა, ამას ექიმი გადაწყვეტს.

ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია, მაგრამ არაა სასურველი ბევრი ვარჯიში. დღის განმავლობაში მსუბუქი ვარჯიშების გასაკეთებლად 15 წუთიც საკმარისია. რა თქმა უნდა, სასურველია ჯანსაღი კვება“,  – გვითხრა ინფექციონისტმა.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, სამწუხაროდ ამ დრომდე ებრძვის კორონავირუსს. მას კოვიდინფეცია 15 დეკემბერს დაუდასტურდა.

„სამწუხაროდ მე ჯერჯერობით კორონა ვერ დავამარცხე. საერთო სისუსტე, ქოშინი და ადვილად დაღლა ჯერ კიდევ მაქვს“, – ამბობს გოგინავა.

მისი თქმით, კოვიდინფეციის გადატანის შემდეგ გარკვეული სიმპტომატიკა რჩება, თუმცა ეს საშიში არაა.

„კოვიდის გადატანის შემდეგ გარკვეული სიმპტომატიკა ხანგრძლივდება ხოლმე. ესაა დაბალი სიცხეები. სისუსტე, მაგრამ ეს ძირითადად საშიში არაა და მალევე ლაგდება, მაქსიმუმ თვენახევარში.

თუმცა ასაკოვანებში,  ვისაც გულ-სისძარღვთა ან ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს, როდესაც კორონავირუსსს გადაიტანენ, თავიანთი ძირითადი დაავადებების გართულება ხდება.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ პაციენტები იყვნენ ყურადღებით. განსაკუთრებით ის პაციენტები, ვინც არიან ასაკოვნები და კორონავირუსთან ერთად აქვთ ფონური დაავადება. აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ექიმს, რომ მოხდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.

ასეთი ყურადღება ყველაზე ხშირად გულ-სისხძარღვთა პათოლოგიის ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ“,- აღნიშნავს გოგინავა.

გოგინავა დასძენს, რომ პანიკაში ჩავარდნა არ ღირს, ბევრს შეიძლება გაუჭირდეს ფინანსების გამო, ანალიზის გაკეთება. მაგრამ ბევრს არ სჭირდება განსაკუთრებული კვლევა. ოჯახის ექიმის კონსულტაცია უფასოა და კოვიდგადატანილები უნდა ეცადონ, რომ თერაპევტის კონსულტაცია გაიარონ იმისათვის, რომ მათი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებული იქნას.

„კორონავირუსი ვინც გადაიტანა, 80-90 პროცენტი სრულად ჯანმრთელდება.  მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კორონას ფონზე ხდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამწვავება და თავიანთი ძირითადი დაავადების მიმართ კვლევები უნდა ჩაიტარონ, რათა მდგომარეობა შეფასდეს“,- აცხადებს ჩვენთან საუბარში გოგინავა.

საქართველოში კოვიდგატანილი პაციენტების კლევა არ ჩატარებულა, მაგრამ როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ფორტუნას“ განუცხადა, უახლოეს მომავალში კვლევების დაწყება იგეგმება.

„კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო, საქართველოშიც ბევრი პაციენტი მოგვმართავს. ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია. გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინადრომი, შესაძლოა კოვიდის დამარცხების შემდეგ კორონავირუსის სიმპტომები გაგრძელდეს.

მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა. არის შემთხვევები, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. ყოფილა შემთხვევები, როცა პაციენტი განიკურნა, გაუარა ყველა სიმპტომმა და დაახლოებით 1 ან 2 თვის მერე ხელახლა გაუჩნდება რაღაც სიმპტომები, იგივე, სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულის მოვლენები, უძილობა, დეპრესია, შფოთი და სხვა და სხვა. ასეთი პაციენტი საქართველოში ბევრია და ხშირად მოგვმართავენ.

პირადად ჩვენთან, კლინიკაში, კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა“,-აცხადებს ცერცვაძე ჩვენთან საუბარში.

ცერცვაძის თქმით, კოვიდგადატანილების კვლევა საქართველოში დაახლოებით 2 კვირაში დაიწყება და მასში ჩართული იქნება 500-მდე პაციენტი.

პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ, იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ.

„პირველ გამოკვლევას დაახლოებით ერთ თვეში დავასრულებთ. ასე ვვარაუდობთ.

კვლევისთვის შეირჩევა ყველა პაციენტი, მძიმეც და მსუბუქიც და ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ კლინიკიდან გაწერილი პაციენტები.

ამ კვლევის შედეგად გაირკვევა არამხოლოდ ის, რამდენს ჰქონდა პოსტკოვიდური სინდრომი და რა ნიშნები ჰქონდათ, არამედ რამდენ ხანს გაუგრძელდათ. ერთ და 3 თვეში გაუარა თუ არ გაუარა ან გარდაიცვალა.

ამის გარდა, დადგინდება, ეს პოსტკოვიდური სინდრომი არის ფუნქციური ანუ ორგანოები არ არის დაზიანებული, უბრალოდ ჩივილებია, თუ ამ ჩივილებს საფუძვლად ორგანოების დაზიანება უდევს.

ზუსტი შედეგების დადების შემდეგ შედგება პროგრამა, რომლითაც ასეთ პაციენტებს საშუალება ექნებათ მიმართონ კოვიდკლინიკებს და ეს გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ. ამიტომაა საჭირო ამ კვლევის ჩატარება, რომ ვიცოდეთ რაზე შევადგინოთ პროგრამა, რამდენ კაცს ველოდოთ და მათ რა გამოკვლევები დასჭირდებათ”, – განგვიცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს CNN-მა გამოაქვეყნა ბრიტანელი მეცნიერების კვლევა, რომლის მიხედვით, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედს, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

CNN: ჰოსპიტალიზებული კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები