LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს კორონავირუსის მიერ გამოწვეული დისტრესი – ფსიქოლოგის რეკომენდაციები მშობლებს

420
BeFunky-collage (2)

როგორ შევუმსუბუქოთ ბავშვებს კორონავირუსის მიერ გამოწვეული დისტრესი?- მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პარალელურად, ეს კითხვა ალბათ, ბევრ მშობელს გაუჩნდა.

სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ლიკა ბუწაშვილი მშობლებისთვის რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“შევეცადე, რამდენიმე რეკომენდაცია დამეწერა სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებისა და ოჯახისწევრებისთვის ბავშვებში კორონავირუსის მიერ გამოწვეული დისტრესის შემსუბუქების მიზნით. იმედი მაქვს, გამოგადგებათ.

1.პირველ რიგში, შეეცადეთ კორონავირუსის შესახებ განახლებული ინფორმაცია მოიძიოთ ბავშვისგან დამოუკიდებლად იმგვარად, რომ ბავშვი არ ისმენდეს მუდმივ რეჟიმში საინფორმაციო გამოშვებებს.

2.თქვენ მიერ განახლებული ინფორმაციის მოპოვების შედეგად ან ამისგან დამოუკიდებლად ოჯახისწევრისთვის ემოციების თუ ინფორმაციის გაზიარება იმგვარად დაგეგმეთ, რომ ბავშვი არ ესწრებოდეს აღნიშნულს. თუმცა, მნიშვნელოვანია, ეს გაკეთდეს სიფრთხილით და არ ჰქონდეს ისეთი ფორმა, რომ ბავშვები ხელოვნურად “გაისტუმროთ” სხვა ოთახში. თუკი ბავშვი იგრძნობს, რომ მას რაიმეს უმალავთ, შფოთვა მეტად დაეუფლება.

3.როგორც წესი, ბავშვები თავად იძლევიან მინიშნებებს კომუნიკაციის იმ ფორმასთან დაკავშირებით, რომლითაც ურჩევნიათ შფოთვასა თუ სხვა ემოციებთან დაკავშირებით “საუბარი”. ზოგიერთი ირჩევს თამაშის ფორმას – შესაძლოა დამოუკიდებლად ითამაშოს როლურად ან სხვა ბავშვთან ერთად. ზოგიერთი პირდაპირ სვამს შეკითხვებს. ზოგჯერ კი ბავშვს უჭირს ემოციებთან გამკლავების არხის გამოძებნა და ვაკვირდებით ცვლილებებს მის ქცევაში, გუნებ განწყობაში – ხდება გაღიზიანებული, ან თავს არიდებს ურთიერთობებს, ერღვევა ძილი, ეცვლება კვების პატერნი – ჭამს გადამეტებით ან უარს ამბობს საკვებზე და ა.შ.
მნიშვნელოვანია, უფროსები დაუკვირდნენ ბავშვის მიერ სტრესთან გამკლავების მიზნით გამოვლენილ თითოეული ფორმას/სტრატეგიას და მის შესაბამისად დაეხმარონ ბავშვს, ვინაიდან არ არსებობს ერთი კონკრეტული რეცეპტი, რომელიც ყველა ბავშვს მსგავსი წარმატებით დაეხმარება. კერძოდ, თუკი თქვენი შვილი/შვილიშვილი/ოჯახისწევრი ბავშვი პირდაპირ სვამს შეკითხვებს, პირველ რიგში მზად იყავით მოსმენისთვის. არ გაკიცხოთ, არ შეარცხვინოთ და არც გაუუფასუროთ შეკითხვა. ყურადღებით მოუსმინეთ და უპასუხეთ იმ შეკითხვაზე, რასაც გისვამთ. არ არის საჭირო იმაზე მეტი ინფორმაციის მიწოდება, ვიდრე ბავშვი ითხოვს. ასევე, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მიაწოდოთ ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. მნიშვნელოვანი მესიჯები, რაც შეგიძლიათ გასცეთ არის ის, რომ ვირუსისგან თავის დაცვა შესაძლებელია (კონკრეტული სტრატეგიებით, მაგ. ხელების დაბანა და ა.შ. – რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაწვდის), ასევე, მიაწოდეთ ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რატომ აქვთ მისთვის საყვარელ ადამიანებს (ოჯახისწევრებს) დასნებოვნების დაბალი რისკი – მაგ. უთხარით, რომ მთლიანობაში ჯანმრთელები ხართ (თუკი ასეა) ან თუკი ოჯახში გყავთ ასაკოვანი ადამიანი ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი, აუხსენით, კონკრეტულად რა ნაბიჯებს დგამთ საიმისოდ, რომ მისი დასნებოვნების რისკი შეამციროთ – მაგ. ერიდება თავშეყრის ადგილებს, იცავს ჰიგიენის ნორმებს და ა.შ. ამგვარად, ბავშვს ნაკლებად დაეუფლება შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს რაიმე ცუდი დაემართება. ასევე, მოახდინეთ ბავშვის ემოციების ნორმალიზება – უთხარით, რომ ის ფაქტი, რომ ღელავს/შფოთავს ამ საკითხზე, ნორმალურია და ის, რომ შეკითხვებს სვამს, ძალიან მნიშვნელოვანია და რომ თუკი რაიმე დააინტერესებს ან შეაწუხებს, შეუძლია მოგმართოთ კითხვით ან დახმარებისთვის.
თუკი ბავშვი არ გისვამთ პირდაპირ შეკითხვებს, თუმცა თამაშობს “კორონობანას”, არ აუკრძალოთ და არც დასცინოთ ამგვარი თამაშის გამო. შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოყოთ დრო ბავშვთან თამაშისთვის და ამ თამაშის პროცესში პასიურად დაელოდოთ, რომ თქვენთანაც გამოიტანს ამ შინაარსს. მაგ. გეტყვით, რომ თქვენ ხართ ინფიცირებული და მკურნალობას საჭიროებთ და თავად მოირგებს ექიმის როლს და ა.შ. ამ შემთხვევაში, აჰყევით თამაშში. განასახიერეთ ის როლი, რაც დაგაკისრათ. დააკვირდით, რა შინაარსისაა თამაში, რა ემოციები ეუფლება. არ არის აუცილებელი პირველივე ჯერზე რაიმე კორექტივები შეიტანოთ მის თამაშში. თუნდაც შინაარსმა შეგაშინოთ, თუკი ეს შინაარსი ერთჯერადია, არ გაქვთ შიშის და შფოთვის საფუძველი. ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა გადაამუშავა ემოცია. ბავშვის თამაშის შინაარსში “ჩაერიეთ” იმ შემთხვევაში, თუკი ეს შინაარსი მეორდება. მაგ. ყოველ ჯერზე პაციენტი იღუპება ან ხდება ნებისმიერი რამ, ოღონდ ყოველ ჯერზე მსგავსად. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ შესთავაზოთ ფრთხილად უფრო ჯანსაღი გამოსავალი, თუმცა არ მიმართოთ ბავშვს პირადად, მიმართეთ, როგორც თამაშის გმირმა/მონაწილემ მონაწილეს. მაგ. თუ ყოველ ჯერზე პაციენტი კვდება და პაციენტი თქვენ ხართ, თქვენ, როგორც პაციენტმა უთხარით, რომ თავს უკეთ გრძნობთ, რადგან ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ და თქვენი ორგანიზმი მოერია ვირუსს. შეგიძლიათ სხვა პერსონაჟიც შემოიყვანოთ თამაშში, რომელიც დამატებით არგუმენტებს მოიტანს იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენ გამოჯანმრთელდით.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

ინფორმაცია სპეციალურ საიტზე ვრცელდება.

თუკი ბავშვს არც თამაშში გამოაქვს მსგავსი შინაარსი და არც შეკითხვებს სვამს, თუმცა ამჩნევთ ცვლილებებს მისი ქცევაში, გუნებ-განწყობასა თუ ზემოთ ჩამოთვლილ სხვა სფეროებში, პირველ რიგში გამოყავით დრო მასთან საურთიერთოდ ყოველდღიურად და დაკავდით ურთიერთსასიამოვნო აქტივობით. დიდი ალბათობით, ამ დროის მანძილზე გამოიტანს ბავშვი თქვენთან ამ თემას. თუკი მაინც არ გამოაქვს, შეგიძლიათ ესაუბროთ ემოციებზე. აუხსნათ, რომ ხანდახან ადამიანებს გვეუფლება სხვადასხვა შემაწუხებელი ემოცია – ღელვა/შფოთვა, ბრაზი, შიში და ა.შ. მოუყვანეთ მაგალითები, როგორ მიხვდეს ბავშვი, რომ ეს ემოცია ეუფლება. წაახალისეთ, მოიყვანოს მაგალითები, როდესაც ეს ემოცია ახლო თუ შორეულ წარსულში დაუფლებია. შემდეგ კი ჰკითხეთ, უახლოეს წარსულში თუ განუცდია მსგავსი ემოცია და თუკი უჭირს იდენტიფიკაცია, უამბეთ, რომ თქვენ თავიდან დაგეუფლათ შფოთვა, როდესაც გაიგეთ ვირუსის შესახებ და ეს ნორმალური რეაქციაა. თუმცა, ახლა ეს შფოთვა შემცირებულია და თავს კარგად გრძნობთ. უბიძგეთ, თავადაც ისაუბროს, თუმცა არ დააძალოთ. დიდი ალბათობით, მომდევნო დღეებში მომწიფდება მასთან მზაობა, რაიმე ფორმით გამოიტანოს ეს თემა.
და ბოლოს, ზოგადი რეკომენდაციები გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ ბავშვებს ამ პერიოდში ყოველდღიური რუტინა – ძილის, კვების, გართობა/დასვენების და ა.შ. და გახსოვდეთ, რომ თქვენი ემოციური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ბავშვის ემოციურ ფონზე. ამდენად, პირველ რიგში თავად შეეცადეთ იზრუნოთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გისურვებთ წარმატებას!”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები