LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მომღერლებს ეძებს „დიდი სცენა“ – რა გველოდება „რუსთავი 2“-ზე 15 დეკემბრიდან

3694
mtavari

15 დეკემბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი მუსიკალური მეგაშოუ იწყება. შესარჩევი ტურები უკვე დასრულებულია. როგორც შოუს შემქმნელები აღნიშნავენ, „დიდი სცენა“ ორიგინალური წესებით და გამორჩეული მუსიკალური მხარით დაამახსოვრებს თავს მაყურებელს, ამიტომაც ეს არის შოუ, რომლის გამოტოვებაც არ ღირს.

უკვე ცნობილი არიან ჟიურის წევრები, – ნატო მეტონიძე, გიორგი ცაგარელი და სალომე კორკოტაშვილი.

რადიო „ფორტუნას“ ოფიციალური საიტი მათთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

ნატო მეტონიძე:

არ ვიცი, სხვა შოუებში როგორაა, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენთან განსაკუთრებული მონაწილეები მოვიდნენ, თანაც, ბევრი მათგანი, 16 წლის. კონკურსში მონაწილეობის ასაკმა, შეიძლება ითქვას, დაიკლო. ეს ჩემი დაკვირვებაა. ზოგიერთი მონაწილე სკოლიდან შატალოზე იყო გამოპარული (იღიმის). ადრე იშვიათად მოდიოდნენ 16-17 წლის მონაწილეები. ვინც კი დავიწუნეთ და გავუშვით, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ-ნაკლებად ყველა მღეროდა.

გიორგი ცაგარელი:

მერე უკვე სუბიექტური აღქმა ირთვება. ადამიანები ვართ და სრულად ობიექტურად ვერ შევაფასებთ, ხომ? ყველა საკუთარი გემოვნებიდან და ხედვიდან გამომდინარე ვაფასებთ. სხვამ შეიძლება თქვას, რომ მეორე მონაწილე უნდა გადაგვეყვანა შემდეგ ტურში.

ძალიან რთული იყო შესარჩევი ტურები, დღის ბოლო საკმაოდ გამოფიტულები ვიყავით. თითქოს მხოლოდ უნდა უსმინო გამომსვლელს და შეაფასო, მაგრამ ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავ.

სალომე კორკოტაშვილი:

ზოგადად, ძალიან ემოციურია, იყო ჟიურიში. ყველას აკვირდები, რომ ძირითადად, პოზიტიური რაღაცები დაინახო. ზოგს ქარიზმა აქვს და ხმა არ აქვს, ან ხმა და მაგარი ტექნიკა აქვს და არტისტიზმი აკლია. ხშირად ვაჩერებდით და სხვა რამეს ვამღერებდით… ვფიქრობთ, ძალიან ნიჭიერი და მუსიკალური ხალხი მოვიდა ჩვენთან.

როგორ მომღერალს ეძებს თითოეული თქვენგანი?

ნატო:

განსაკუთრებულად ვეძებთ ინდივიდუალურ შემსრულებლებს, რომლებიც არავის ჰგვანან. ძირითადი ტენდენცია ასეთია, – მესმის, რომ რაღაც ასაკში კოპირებით სწავლობს ადამიანი, მაგრამ შემდე ზოგი იქ რჩება. 16-17 წლის ბავშვები რომ ვახსენე, ისინიც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან და არ მისულან მთავარ მომენტამდე. ისინი ან დარჩებიან კოპირების რეჟიმში ან გაარღვევენ მას და იპოვნიან საკუთარ თავს.

გიორგი:

ვფიქრობ, ისეთი მუსიკოსები შეგვიძლია ვიპოვოთ, ვისთან ერთადაც შეგვიძლია, თავადაც დავდგეთ პატარა თუ დიდ სცენებზე და კოლაბორაციები შევქმნათ. ხშირად ხდება, რომ ამა თუ იმ შოუში აღმოჩენილი კარგი შემსრულებლები იკარგებიან, აღარ ჩანან. მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მოსწონს თუ არა ესა თუ ის მომღერალი, ჩვენთან ერთად, ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ თუკი რომელიმე მათგანი ვერ გაიმარჯვებს პროექტში ან ნაადრევად გამოვარდება, შეიძლება, ჩვენთვის მაინც საინტერესო არტისტად გამოიკვეთოს.

ნატო:

კონკურსში, იმის გარდა, რომ მონაცემები უნდა გქონდეს, ამბიციაც გჭირდება, ჯანსაღ ამბიციას ვგულისხმობ. თუკი ეს არ გაქვს, ვერაფერს აკეთებ.

სალომე:

რა თქმა უნდა, ამბიცია არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი, მაგრამ რამდენიმე კონკურსანტის მოსვლამ ძალიან გამახარა, ჯაზი და ბლუზი მოგვწონსო, ამბობდნენ, ერთმა მათგანმა კი ელა ფიცჯერალდის სიმღერის საკუთარი საინტერესო ვერსია შემოგვთავაზა. აუ, რა მაგარი გოგო იყო!..

გიორგი:

რამდენიმე კონკურსანტზე გული დაგვწყდა, გვინდოდა ყოფილიყვნენ, მაგრამ კონკურენტებმა აჯობეს. შესაძლოა, მათთვის აქ მონაწილეობა დიდი სტრესი ყოფილიყო, ასაკიდან გამომდინარე, ამიტომაც ალბათ, ამ ეტაპზე ჩვენი გადაწყვეტილება ჯობდა. ვურჩიეთ, მეტი იმუშაონ, არ დანებდნენ და ბედი კიდევ სცადონ.

თქვენს ჟიურიში რომელი ხართ „ცუდი“ და „კარგი“ პოლიციელი?

ნატო:

არ მგონია, რომელიმე ჩვენგანი ცუდი იყოს. ყველა ჩვენგანი კეთილგანწყობილი ვართ. მე, მაგალითად, სულ ვეძებ სიტყვებს, ფორმას, რომ რაც უნდა მძაფრი შენიშვნა მივცე, მაინც დავინდო. არ მაქვს უფლება, ისე გავუშვა, რომ არ ავუხსნა ჩემი არა-ს მიზეზი.

გიორგი:

გვსურს, იმ ხალხისთვის გაკეთდეს ეს შოუ, ვისაც მუსიკალურ სფეროში განვითარება სურს… კრიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მუსიკოსისთვის საჭიროა. ჩემზე ხშირად ამბობენ, რომ ცოტა უხეშად გამომდის ნათქვამი, მაგრამ ჩემზე მოქმედებს კრიტიკა, მჭირდება, მითხრან გვერიდან, რა არის პრობლემა. პედაგოგი ყველას სჭირდება. შესრულების დროს ვერ აფიქსირებს წვრილმანებს, რომლებსაც მერე პუბლიკა დააფიქსირებს. ეს არის და ეს…

ნატო:

ერთადერთი, ვისაც გიორგიმ მოჭრით უთხრა, რომ სხვა პროფესიაში ეცადა ბედი, ერთი პატარა მონაწილე იყო. ყველას გვინდოდა ამის თქმა, მაგრამ მხოლოდ გიორგიმ გაბედა, თუმცა ობიექტური შენიშვნა იყო.

სალომე:

ზოგადად, ძალიან მიჭირს, ადამიანებს ამაღლებული სკამიდან ვუთხრა, რომ რაღაც არ მომწონს. მე იმიტომ მოვედი აქ, ჩემს მეგობრებთან ერთად, რაც ძალიან მახარებს, რომ ამ პროექტის გამარჯვებული არ დაიკარგოს, ამიტომაც სწორი შენიშვნაც უნდა უთხრა და სწორ გზაზეც უნდა დავაყენო, თუკი ეს შემიძლია.

რა ტენდენციები გამოიკვეთა კასტინგებისას, რას ასრულებდნენ ყველაზე ხშირად?

ნატო:

როგორც ჟიურის გამოცდილი წევრი, ვიტყვი, რომ ბევრად უკეთესად შერჩეულ სიმღერებს ასრულებდნენ. ქართულსაც და უცხოურსაც.

სალომე:

მე არ მაქვს ასეთი კონკურსის ჟიურიში ყოფნის გამოცდილება, მაგრამ ერთი-ორმა თავისი სერიოზული ტექნიკით გამაკვირვა, ისეთი რამ გააკეთეს, რომელზეც ვთქვი, ამას მე ვერ ვაკეთებ-მეთქი… ემორე მხრივ, ზედმეტი ტექნიკური შესურლებაც ზოგჯერ დამღლელია. პირდაპირ ბიონსე და რიანა რომ ხარ, არ არის კარგი, საკუთარი თავი უნდა იპოვო.

გიორგი:

მე მაქვს პრობლემა მაშინ, როცა არაგულწრფელები არიან და მღერიან იმას, რაც არ იციან და ვერ გრძნობენ. არაგულწრფელობა ყველაზე მეტად გადმოდის მსმენელებზე.

ნატო:

გიორგი მეკითხება ხოლმე, რა იყო ახლა ეს, ის პატარა ბავშვი ხელებს ასე რატომ შლიდაო?! (იცინის). მე ჩემი ჟანრის გათვალისწინებით ვიტყვი, რომ მაინც უჭირთ ქართული სიმღერის შესრულება. რაღაც სხვა აქცენტით მღერიან. როცა ვთხოვთ, იქნებ, ქართული სიმღერა შეასრულოთო, იწყებენ სიმღერას რუსული აქცენტით, რაც ძალიან გასაკვირია. თითქმის ყველას ვთხოვეთ ქართული სიმღერის შესრულება.

 

მხიარული ამბები იყო კასტინგებზე?

 

გიორგი:

ვერ გეტყვით, რომ ბევრი მხიარული მომენტი იყო, რადგან კონკურსანტები ძალიან ნერვიულობდნენ, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ზოგი შემოსვლამდე ტიროდა და ზოგი გასვლის შემდეგ. ჩვენთან კასტინგზე სხვა სიტუაციაა, თიკა და აჩიკო კულისებში ისეთ რაღაცებს აკეთებენ, მგონი, ცოტა ჩვენც გვეღადავებიან… ანუ მხიარული ამბები უფრო იქით არის.

სალომე:

ძალიან კარგი გუნდი მუშაობს ამ გადაცემაზე. ყველა ამთგანი შემიყვარდა, მეგობრული და კარგი გარემოა შექმნილი.

დაბოლოს, რატომ უნდა აირჩიოს მაყურებელმა „დიდი სცენა“?

გიორგი:

პირველ რიგში, კონკურსანტებზე ვიტყვი, რომ ეს კარიერის დაწყების ან განვითარების ძალიან დიდი შანსია. მათთან იმუშავებენ ძალიან მაგარი პედაგოგები და შესანიშნავი მუსიკოსები. ეს მათთვის სხვა სკოლა იქნება, რომლის საშუალებაც აქამდე არანაირად არ მიეცემოდათ. თავად ეს კონკურსიც განსხვავებული იქნება, რადგან თითოეული ლაივი თავისთავად იქნება ძალიან კარგი კონცერტი, რომლის ნახვის შესაძლებლობა მაყურებსლ ყოველ კვირა მიეცემა, 15 დეკემბრიდან.

სალომე:

ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს სჭირდება ასეთი პოზიტიური შოუ. ყურისთვისაც და თვალისთვისაც სასიამოვნო შოუ იქნება.

ნატო:

მოკლედ, მაყურებელს საინტერესო სანახაობა ელოდება.

როგორც ჟიურის წევრები, რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, რომლებსაც მომავალში სურთ ასეთ კონკურსზე გასვლა?

გიორგი:

არ ინერვიულონ, რადგან არ ღირს კონკურსზე გასვლისთვის ადამიანმა შაქარი დაიმართოს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ეცადონ, რადგან ამით არაფერი იცვლება.

სალომე:

ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ კონკურსებში მონაწილეობა სტრესის მომტანი იყო, მაგრამ გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე, ჩამოვყალიბდი მუსიკოსად. არ დაელოდონ იმ დღეს, როცა ვინმე მაგარი ამერიკელი პროდიუსერი მიუკაკუნებს კარზე. ასე არ მოხდება. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუყვე და ბოლომდე ახვიდე ყველაზე მაღალ მწვერვალზე, სანამ იქ ახვალ რთულია, მაგრამ იქიდან გადმოხედვა ძალიან სასიამოვნოა.

ნატო:

რჩევა, არ ინერვიულო, ჩემზე არ ჭრის, ახლაც კი ვნერვიულობ. მე საერთოდ არ წავიდოდი კონკურსზე, მაგრამ ახლა სხვა თაობაა, რომელიც მე ძალიან მომწონს, გამბედავი და ამბიციური. შეძიძლება, გავსულიყავი კიდეც კონკურსზე, მაგრამ ჩემ თავში დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ…

სალომე:

ყველაზე მთავარი ისაა, რომ აქ გაკეთდეს ისეთი მუსიკალური სკოლა, სადაც ადამიანები სწორ რჩევებს მიიღებენ და „დიდი სცენა“ ჩემთვის სწორედ ეს გახლავთ.

ნინო მურღულია