LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოხვდა ჯოკერის ღიმილი ანი ცინცქილაძის ახალ კოლექციაში – „რთულია ამ სფეროში ვინმეს გაოცება…“

3796
anuki-cickiladzeeee

Blikvanger – ქართული ბრენდი, რომელიც ორმა მეგობარმა დააფუძნა, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაწილეა. „ფორტუნას“ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიზაინერი ანი ცინცქილაძე ესაუბრა ბრენდის კონცეფციაზე, ბოლოდროინდელ კოლექციასა და გეგმებზე.

ანის ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არჩევანს ორ პროფესიას, მსახიობობასა და დიზაინერობას შორის გააკეთებდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პატარა გამოცდილებებიც ჰქონდა და მშობლები, ზურა ცინცქილაძე და თამარ დათუაშვილი მსახიობები არიან, ანიმ მაინც დიზაინერობისკენ აიღო გეზი…

ანი ცინცქილაძე:

ბავშვობიდან არჩევანს მსახიობობასა და ტანსაცმლის დიზაინერობას შორის ვაკეთებდი. ბავშვობიდან, თინეიჯერობის ჩათვლით და მერეც ვთამაშობდი რეკლამებსა და სერიალებში და პატარ-პატარა სამსახიობო გამოცდილება მივიღე. ეს პროფესია მომწონდა, მაგრამ ჩაბარების დრო რომ დადგა, სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, ოღონდ არა ტანსაცმლის დიზაინზე, რადგან ყველა მეუბნებოდა, რომ ამ პროფესიით საქართველოში მუშაობა რთული იქნებოდა, ამიტომ ჩავაბარე გრაფიკულ დიზაინზე. ჩემს ოჯახში ხატვის ნიჭი ჩემს დას ჰქონდა. პატარაობისას მისი ნახატები ისე მომწონდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ინსპირაციის წყარო გახდა. მისი ნახატები ოთახებში მეკიდა. ძალიან ლამაზად ხატავდა.

სწავლის პირველივე წელს მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა. ოთხი წელი ვისწავლე, მაგრამ სულ ვფიქრობდი მოდელირებაზე გადასვლის შესახებ. გრაფიკული დიზაინის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მოდელირებაზე კერძოდ მოვემზადე და ჩემს არჩევანში დავრწმუნდი. მაგისტრატურაზე უკვე ტანსაცმლის დიზაინის კუთხით მინდოდა ჩაბარება.

ოთხი წლის წინ  შევიტყვე, რომ საქართველოში სოფო ჭყონიამ დააარსა კონკურსი დამწყები დიზაინერებისთვის Be Next. დავიწყე კონკურსისთვის მზადება. გეგმა არ იყო კონკრეტული პრიზის მოგება, უფრო საკუთარი შესაძებლობების გამოცდა მსურდა. არც მიფიქრია, რომ შეიძლებოდა საზღვარგარეთ წავსულიყავი სასწავლებლად, ამ კონკურსის ფარგლებში. გავაკეთე კაფსულა-კოლექცია, რომლის თემაც დაფუძნებული იყო მაწვნის დედოზე. მთლიანი კოლექცია იყო თეთრი და ფაქტურა მაწვნის სტრუქტურასთან იყო მიახლოვებული. შევხვდი ჟიურის, წარვადგინე პორტფოლიო, შემდეგ შედგა ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე. გამოაცხადეს სხვადასხვა პრიზის მფლობელი, ჩემი გვარი არ იყო მათ შორის და გულდაწყვეტილი ვიჯექი. სულ ბოლოს გამოაცხადეს პირველი ადგილის მფლობელი, რომელიც მილანში ერთი წლით მაგისტრატურზე სასწავლებლად გაემგზავრებოდა… და ენის მოტეხვით ნათქვამი ჩემი სახელი და გვარი გავიგე (იცინის). იმდენად არ ველოდი, რომ ვიტირე, მაგრამ მაინც არ ვფიქრობდი, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი. გარეთ რომ გამოვედი, მშობლები, მეუღლე, დედამთლი შემომეხვივნენ და ყველა მეუბნებოდა, ბავშვებს დავიტოვებთ და აუცილებლად უნდა წახვიდეო. გავემგზავრე ერთ წლით მილანში. ძალიან კმაყოფილი ვარ იქ მიღებული ცოდნით, ბევრი რამ ვისწავლე. რთული ერთწლიანი სწავლის პერიოდის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. Be Next-ზე ასევე ერთ-ერთი პრიზი მოიპოვა ანა ოდიშელიძემ, სამი თვით სწავლა მილანში და ის პერიოდი ერთად ვცხოვრობდით იქ. მაშინვე დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ ერთად რაღაც გაგვეკეთებინა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯერ კოლაბორაცია მოვიფიქრეთ და ძალიან კმაყოფილები დავრჩით, მუშაობის პროცესში კი ბრენდის დაფუძნება გადავწყვიტეთ. ორ თვეში მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე მადრიდში მიგვიწვიეს, ამ ჩვენებამ კარგად ჩაიარა, პრესის ყურადღებით კმაყოფილები დავრჩით. მას მერე ვიყავით მილანში, პარიზში, შოურუმებზე, ყველგან მიწვევით და დაფინანსებით. ახლახან გახლდით პოლონეთის მოდის კვირეულზე, სადაც ასევე თავად მიმიწვიეს, სრული დაფინანსებით. იქაც წარმატებით ჩაიარა ჩვენებამ. ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. განცვიფრებული ვარ მათი ყურადღებით და სითბოთი, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეს. ვიგრძენი, რომ დიზაინერი ვარ. მევალებოდა მხოლოდ კოლექციის მიტანა და პოდიუმზე გამოვლა. საოცრად არ მინდოდა მთელ პოდიუმზე გავლა, მაგრამ ძალიან მთხოვეს და უარი ვერ ვუთხარი.

ახლახან კი თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე გამოვიტანე კოლექცია.

„ვოგის“ რამდენიმე ქვეყნის გამოცემამ დაბეჭდა „ბლიკვანგერის“ ახალი კოლექცია.

ასე უცბად არ ველოდებოდი ამდენ გამოხმაურებას. სულ ფიქრობ, დაწერენ საერთოდ რამეს? მაგრამ მეორე დილასვე მიეწყო ხუთი თუ ექვსი გამოცემა. ძალიან გამიხარდა. სტატიებს მიღმა, კარგი შეფასებები მივიღე დამსწრე საზოგადოებისგანაც და ბაიერებისგან, რომლებთანაც ვთანამშრომლობდი და ასევე ახალი ბაიერებიც დაგვემატნენ.

დღეს საქართველოში დიზაინერობა უკვე აღარ არის ის პროფესია, რომელიც მაშინ იყო, შენ რომ აბარებდი…

(იღიმის) მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს სფერო გასცდა ჰობის და წარმატებულია ბიზნესის კუთხითაც, მაინც ძალიან რთულია. ძალიან დიდი კონკურენციაა, ქართველ დიზაინერებს შორისაც და მსოფლიო ბაზარიც მოგეხსენებათ, რამხელაა. საქართველოში თავის დამკვიდრებაც არაა ადვილი და საზღვრებს გარეთ, მით უმეტეს. ეს არის დიდი ჭიდაობა. დღეს ვერაფერს ისეთს ვერ გააკეთებ, რაც არ გაკეთებულა. რთულია ამ სფეროში ვინმეს გაოცება. ეს სფერო იქცა მარკეტინგად და იმისთვის, რომ მოგაქციონ ყურადღება, როგორც ბრენდს და დაინტერესდნენ შენით, მხოლოდ ხარისხი არაა საკმარისი, მნიშვნელოვანია, მარკეტინგულად სწორად გამართული ბრენდი იყო, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ქართველი დიზაინერებით თავის დროზე იმიტომ დაინტერესდნენ, რომ კარგი კოლექციები იქმნებოდა. დღეს არაა საკმარისი, რომ ჩემი ქურთუკი გამორჩეულია. თუ არ შევფუთე სწორად, დამრჩება მაღაზიაში.

ანუ, ფაქტობრივად, დიზინერები იდეებს ყიდით…

ასე გამოდის. ძალიან აკვირდებიან, რამდენად სტაბილური ბრენდი ხარ. დღეს რომ ხარ და ხვალ არ იქნები, ასე ბაიერებთან თანამშრომლობა არ გამოდის. შეკვეთა უნდა სწრაფად მალე და ხარისხიანად.

საქართველოს გარეთ სად იყიდებით?

ვმუშაობთ „ინსტაგრამით“, მომხმარებელი გვყავს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, კორეიდან დაწყებული აშშ-თი დასრულებული, ყველა ქვეყნიდან გამოუწერიათ. მაღაზიებში რუსეთსა და აზერბაიჯანში ვიყიდებით. არის მოლაპარაკებები პარიზსა და ნიუ იორკთან.

„ბლიკვანგერი“ განსხვავებული ბრენდია. სულ ვფიქრობდი, ამ კოლექციებს ქართველი მომხმარებელი თუ ჰყავს-მეთქი…

სამწუხაროდ, რაც მე მიყვარს, მხოლოდ იმას ვერ ვაკეთებ. მუშაობის პროცესში მივხვდთ, რა მოსწონდათ ქართველებს და რა – უცხოელებს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ალბათ, უფრო დასაწყისში, საქართველოში ფანტასტიკურად იყიდებოდა და იყიდება ჩვენი ქურთუკები. მიუხედავად იმისა, რომ არის ოვერსაიზი, ძალიან ფერადი, ასევე კედები. საზღვრებს გარეთ ყველაფერი იყიდება. ჩვენი ბრენდი არ არის კლასიკური ტიპის, მაგრამ გვაქვს კლასიკური სამოსიც. ვცდილობთ, ყველანაირ მომხმარებელს მოვერგოთ. მათთვისაც გვაქვს რაღაცები, მაგრამ უფრო მეტად ჩვენი სამოსი თამამი ადამიანებისთვისაა. სკოლიდან მოყოლებული ყოველთვის ვცდილობდი ჩაცმის გზით თავის გამოხატვას. სკოლაში ამოტრიალებული ჯინსით დავდიოდი. ახლა რამდენიმე უცხოურმა ბრენდმა გააკეთა, მე კი სკოლაში მეცვა (იცინის). ასე ყოფნა მომწონდა. გვინდოდა, „ბლიკვანგერი“ არ ყოფილიყო ჩარჩოში მოქცეული ბრენდი და ვფიქრობ, გამოგვივიდა.

ბოლო კოლექციაში ჯოკერის თემაც შეიტანე…

კოლექცია უკვე დასრულებული მქონდა, როცა „ჯოკერი“ გამოვიდა, ვნახე და ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით დავტოვე კინოთეატრი. მანამდე ჩემი კოლექციის მთავარი თემა იყო, თავისუფლება, ცა, ღრუბლები, აკრძალული ვაშლი. მუდმივად ვარღვევთ წესებს, სულ ვთამაშობთ წესებთან. ბოლოს მივაბი ჯოკერის თემა. რამდენიმე ქურთუკზე ფილმიდან გამონათქვამები ნაქარგის სახით გამოვიტანე, ნაქსოვში კი პრინტით მისი ღიმილი გამოვსახეთ. გასახდელიდან მოყოლებული ამ ჯემპრზე ერთი ამბავი ატყდა. ეს ინტერესი შევინარჩუნეთ. ჯოკერის „სმაილის“ დახატვა ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის, შვილებს ვთხოვე. ჩემს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ჩემმა ქმარმა და შვილებმა, გაიმარჯვა ჩემმა ბიჭმა შვილმა. მისი ნახატით ვიხელმძღვანელეთ. 11 წლისაა, ჩვენებას ესწრებოდა და ძალიან კმაყოფილი იყო.

შენი ოჯახი ძალიან არის ჩართული შენს საქმეში…

ვფიქრობ, ეს დამოკიდებულია, როგორ მიაწოდებ შენს საქმეს შენს ოჯახს. რა მნიშვნელობასაც შენ სძენ მას, ისე შეხედავენ სხვებიც. მაქსიალურად ვეცადე, რომ მათთვის დამენახვებინა, რომ ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ სამსახური ან შემოსავლის წყარო, ან ახირება. ეს საქმე ძალიან მიყვარს და მთელ გულს ვდებ. ბავშვები ესკიზებს მიხატავენ ხოლმე. ქმარიც ძალიან კარგად ხატავს.

შენი ოჯახის წევრებს უკერავ?

ნაკლებად, ხანდახან, უფრო ფუფუნების საგანია მათთვის.

10 წლის შემდეგ შენი თავი სად წარმოგიდგენია?

არ ვფიქრობ, რა იქნება 10 წლის შემდეგ. ვფიქრობ, როგორ მინდა, განვითარდეს ჩემი ბრენდი. იყოს სტაბილურად შემოსავლიანი და ჰქონდეს ბაზარზე თავისი ადგილი. ძალიან დიდი ხნით იქით მომავალში ყურება არ მიყვარს. ვცდილობ, დღეს ისეთი ნაბიჯები გადავდგა, რომ მომავალში კარგი საფუძველი შევიქმნა.

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: კაფე „ორანჟერეა“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები