LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივხვდეთ, რომ გაზი ჟონავს? – რჩევები პრევენციისთვის და გადაუდებელი სიტუაციების დროს

50083642_606899579742440_5308638685195927552_n

2018 წელს თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, მოწამვლის 98, ხოლო გარდაცვალების 27 შემთხვევა დაფიქსირდა – სტატისტიკა დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ, “ფორტუნამ” ყაზტრანსგაზიდან გამოითხოვა.

ყოველწლიურად, საქართველოში და მსოფლიოში, გაზით უამრავი ადამიანი იწამლება. ხალხმა იცის ამ “ჩუმი მკვლელის” შესახებ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ფატალური შედეგი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფას მოჰყვება ხოლმე.

“ფორტუნა” გთავაზობთ მარტივ რჩევებს, რომელთა გათვალისწინება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია.

ბოლო 3 წელში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში co-თი მოწამვლის 285, ხოლო გარდაცვალების 86 შემთხვევა დაფიქსირდა. 

პრევენცია

ხშირად შეამოწმეთ ღუმელი – შეამოწმეთ, რომ გაზი გათიშული გაქვთ. როგორც წესი, ხშირად ხდება ისე, რომ გაზი ანთებული არ არის, თუმცა გაზის კამფორებში გაზი გაშვებულია.

სახლშიც და ოფისშიც – ყოველწლიურად შეამოწმეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზის მილები და ა.შ.

დარწმუნდით, რომ თქვენს სახლში (ან ოფისში) ერთი მუშა ცეცხლმაქრი მაინც გაქვთ.

გაზის მოწყობილობების და აღჭურვილობის მოხმარებისთვის და მონტაჟისას გაითვალისწინეთ უსაფრთხოების ნორმები.

არ გამოიყენოთ საეჭვო წარმოშობის გამათბობლები და წყალგამაცხელებლები – მოერიდეთ ისეთ გამათბობლებს და გამაცხელებლებს, რომლებიც წვისთვის ოთახში არსებულ ჟანგბადს მოიხმარენ ან არ გააჩნიათ გამწოვი სისტემა

ბუნებრივი და მხუთავი აირის კომპლექსური დეტექტორი – არსებობს მოწყობილობები, რომლებიც ჰაერში ბუნებრივი აირის საგანგაშო დონის აღმოჩენის შედეგად, განგაშის სიგნალს რთავს. მისი შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია, ფასი კი დაახლოებით 40 ლარიდან იწყება.

ნუ გამოიყენებთ გასათბობად გაზქურას – არ დატოვოთ ანთებული გაზქურა ყურადღების გარეშე

 

ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

  • გაზი ანთებისას უნდა იყოს ლურჯი შეფერილობის და არა ყვითელი ან სტაფილოსფერი
  • ყურადღება მიაქციეთ ფანჯრებზე და კამფორებზე გადაჭარბებულ კონდენსაციას.

 

თუ გაზის სუნი იგრძენით

არ აანთოთ სინათლე – ამას შესაძლოა, გაზის გაჟონვის შემთხვევაში, აფეთქება მოყვეს. გამოიყენეთ ფარანი, მოერიდეთ ნებისმიერ ქმედებას, რამაც შესაძლოა, ნაპერწკლის წარმოშობა გამოიწვიოს.

არ გამოიყენოთ ტელეფონი – აუცილებელი ზარები უმჯობესია სახლიდან გასულმა განახორციელოთ. მოერიდეთ ნებისმიერი მოწყობილობის დენის წყაროში შეერთებას.

გააღეთ კარი და ფანჯრები – დარწმუნდით, რომ სახლი ნიავდება. ხშირად გამოაღეთ ფანჯრები და კარები, ამით სახლში გაზის დაგროვებას აიცილებთ თავიდან.

იპოვეთ სად არის გაზის მრიცხველი – როდესაც გადაუდებელი სიტუაცია არ არის, დააკვირდით გაზის მრიცხველს, თუ როგორ მუშაობს ის. თუ გაზის სუნს იგრძნობთ, შეგიძლიათ გადაკეტოთ ის მთავარი სარქველიდან, რომელიც მრიცხველთანაა დამონტაჟებული.

მოშორდით სახლს – თუ საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებით, იზრუნეთ იმაზე, რომ ყველამ გაიგოს საფრთხის შესახებ, როდესაც სახლის ევაკუაციას განახორციელებთ, შენობისგანაც დისტანცირდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები