LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ დისტანციური სამუშაოსგან გამოწვეულ სტრესს და როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა

528
ნებიერიდზეეე

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე დღეს, საზოგადოებას განსაკუთრებულად რთული პერიოდი უდგას. არსებულმა გარემოებამ, სხვადასხვა დაწესებულებებში და ზოგად ურთიერთობებში გარკვეული კრიზისი გამოიწვია. ზოგმა, სამუშაო ადგილი დაკარგა, გარკვეულმა ნაწილმა კი სტრესულ გარემოს ვერ გაუძლო. აღნიშნული ფაქტების გამო, წარმოიქმნა, როგორც ოჯახში უკმაყოფილება ასევე, სამუშაო სივრცეში.

ბიზნეს ტრენერი, მარიკა ნებიერიძე, რომელსაც 20 წლიანი გამოცდილება აქვს, გაგვიზიარებს რჩევებს, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

სხვადასხვა ფიზიკური პირები თუ კომპანიები ხშირად, გაუთვალისწინებელი კრიზისის წინაშე დგებიან. მარიკა სწორედ ის ადამიანია ვინც, მათ პრობლემების გამკლავებაში ეხმარება. უამრავი პროექტის ავტორია. ისე აქვს გათავისებული საკუთარი პროფესია, როგორც ჩვევა – დაეხმაროს და ფეხზე დააყენოს ჩამოშლილი სისტემები.

რა წინააღმდეგობებს წააწყდნენ ადამიანები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს?

ამ პერიოდში, ყოველდღიურ რუტინას და ჩვევებს ვერ ვახორციელებდით, მაგალითად დილით ადგომა, ბავშვების სკოლაში/ბაღში წაყვანა, სამსახურში გაქცევა და სხვა; ყველაფერი რაც ქცევის დონეზე იყო გამომუშავებული ჩვენში. ამან ბევრი სირთულე გამოიწვია. თვითდისციპლინის ნაკლებობა, რაც განსაკუთრებულად გამოვლინდა დისტანციური მუშაობის დროს. შესაბამისად, ისედაც მყიფე ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის, კიდევ უფრო დაირღვა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი კომპანიებისათვის აღმოჩნდა, გუნდურობის განცდის რღვევა და ციფრული სტრესი თანამშრომლებში.

როგორ აისახა ეს ყოველივე, თქვენი და თქვენს გარშემომყოფების ცხოვრების სტილზე?

რა თქმა უნდა ჩემ შემთხვევაშიც, სხვადასხვა ტიპის პრობლემებმა იჩინა თავი. შემდეგ, დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და პოზიტიური შედეგიდან გამომდინარე გადავწყვიტე, გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა.
თითქმის ერთწლიანი დისტანციური მუშაობის ფონზე, ბევრი კომპანიისთვის გუნდური მუშაობა აქტუალური და პრობლემატური გახდა. ამიტომ, ჩემ ორ მეგობარ ტრენერთან ერთად, განსხვავებული პროექტი გავაკეთე. ”გუნდურობა ციფრულ ერაში” რომელიც კომპანიების თანამშრომლებს დაეხმარება გუნდური მუშაობის დროს არსებული გამოწვევების გადალახვასა და ჩართულობის გაზრდაში.

კონკრეტულად რას პასუხობს ეს გამოწვევა, ”გუნდურობა ციფრულ ერაში”?

დისტანციური მუშაობის დროს ეფექტურობის შესანარჩუნებლად მეტი თვითორგანიზებულობა/თვითდისციპლინა არის საჭირო, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სწორად გადავანაწილოთ ჩვენი რესურსები კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. მეორე, არსებულ გამოწვევას უნდა შევხედოთ, როგორც განვითარების შესაძლებლობას.

აქამდე არსებულ უნარებს და ცოდნას გაუკეთეთ მოდიფიკაცია, რადგან ჩვენ უკვე სხვა რეალობაში ვცხოვრობთ და აქამდე შეჩვეული მუშაობის სტილი უკვე ვეღარ დაბრუნდება. ბევრი კომპანია უკვე გადადის ე.წ. ჰიბრიდული მუშაობის სტილზე.

ტრენინგის თემატიკა კი იმ კონკრეტულ გამოწვევებს პასუხობს, რაც პანდემიის შედეგად ყველა ჩვენგანს აწუხებს. მივუსადაგეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ კორპორატიულ ფორმატშია ხელმისაწვდომი. თავისი არსით ეხება, ისეთი უნარების გამომუშავებას, როგორიც არის ციფრული სტრესის მართვა, პრობლემების არასტანდარტული გადაჭრა, პოზიტიური აზროვნება, კომუნიკაცია კრიზისების დროს, გუნდში ცვლილებების მართვა, დისტანციური შეხვედრების ეფექტურად ჩატარება და სხვა.

დისტანციურად მუშაობის დადებით მხარეზე, რას იტყვით?

მეტი ავტონომია – სამუშაოს დამოუკიდებლად განხორციელების საშუალებას იძლევა.
თვითგანვითარება – მეტი დრო და ინტერნეტ რესურსი კონკრეტული ცოდნის და უნარების გამოსამუშავებლად.
ადამიანური ფაქტორი – მეტი კომუნიკაციის საშუალება ოჯახურ გარემოში.

სამუშაოს შესრულების ხარისხი დასაქმებულის მხრიდან.. რა ვითარებაა ამ კუთხით?

ის გამოწვევები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე პირდაპირ პროპორციულად აისახება შესრულების ხარისხზე. შესაბამისად, თუ კომპანიები არ დაიწყებენ საკუთარი თანამშრომლების გაძლიერებას ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის, დამერწმუნეთ სულ მოკლე დროში მძიმე ვითარებაში ავღმოჩნდებით.

როგორ გავუმკლავდეთ გამოწვეულ სტრესს?

არსებულმა რეალობამ ახალი ტერმინიც კი დაამკვიდრა – ციფრული სტრესი. რეკომენდაციის სახით გირჩევდით, რომ ყოველდღიურ რეალობაში ისეთი ქცევები და უნარები განავითაროთ, რაც პოზიტიურ განწყობაზე გაყენებთ. მაგალითად: საყვარელი მუსიკის მოსმენა ყოველ დილით და პოზიტიური განწყობის შექმნა; ყოველ საღამოს 30 წუთი ფეხით გასეირნება; ისეთი ჰობისთვის დროის გამოყოფა, რომელიც ადრეულ ასაკში სიამოვნებას განიჭებდათ და შემდეგ მიივიწყეთ; საკუთარი აზრების და ემოციების ფურცელზე გადმოტანა – ხელით ჩანაწერების გაკეთება, რაც ერთგვარ ემოციურ დაცლასთან ასოცირდება და ამ ყველაფრის მინიმუმ 21 დღის განმავლობაში ყოველდღიურ რუტინად ქცევა, რათა შემდეგ თქვენი ჩვევის ნაწილი გახდეს.

როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა?

პოზიტიური განწყობა დღევანდელი რეალობის წინაშე, ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა, მარტივად ვადაპტირდეთ ცვლილებებთან და რთულ ცხოვრებისეულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ჩვენს მოდულში ჩაშენებულია კონკრეტული სავარჯიშოები, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მონაწილეს გამოიმუშაონ ეს მეტად მნიშვნელოვანი უნარი.