LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოვიმუშაოთ უნარები, რომელიც ონლაინ განათლების მიღებაში დაგვეხმარება – ფორტუნა აკადემია

359
IMG-9821-2

როგორ გამოვიმუშაოთ უნარები, რომელიც ონლაინ განათლების მიღებაში დაგვეხმარება? – ამ თემაზე ქოუჩმა ირინა ჭოჭუამ “ფორტუნა აკადემიისთვის” მასტრეკლასი ჩაატარა.

რა უნარები გვჭირდება რომ მოვერგოთ არსებულ რეალობას?

ონლაინ სივრცე გვაძლევს საშუალებას ამოუწურავი ინფორმაცია მივიღოთ. გარდა ინფორმაციის მიღებისა, მივიღოთ განათლება სახლიდან გაუსვლელად. ამისათვის კი აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარის გავარჯიშება, როგორიცაა: თვითდისციპლინა, დროის მართვა, კრიტიკული აზროვნება, მოქნილობა კომუნიკაციაში, სისხარტე, შემოქმედებითობა. იმისათვის, რომ ეს უნარები გამოიმუშაოთ, ჯერ აუცილებელია ჩამოყალიბდეთ, რისი სწავლა გინდათ და რას მოგცემთ ეს?

პირველ რიგში დასახეთ მიზანი, ანუ მონიშნეთ ის სასურველი B წერტილი, სადაც გინდათ მიხვიდეთ. ონლაინ განათლება იძლება ინფორმაციის მიღების უამრავ წყაროსა და ზღვა მასალას. შესაბამისად, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ამ აურაცხელ ინფორმაციაში უბრალოდ დავიკარგოთ. თავიდან შესაძლოა გაგვიჩნდეს ეს მონდომება, რომ ერთდროულად ბევრი მიმართულება ავიღოთ, თუმცა ეს არასწორია. ფოკუსირება და დროის მართვა აუცილებელია. კონკრეტულად გამოყავით ის, რისი სწავლაც გინდათ და რა შედეგი გინდათ მიიღოთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რას მოგცემთ ეს ყველაფერი და როგორ აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

შეაფასეთ რეალისტურად ის გარემობა, რაშიც ხართ, ის რესურსები, რაც გაქვთ და გაწერეთ ეს მიზანი დროში. დააკონკრეტეთ, რა დროს დაუთმობთ მთლიანობაში ამ მიზნამდე მისვლას. და შემდეგ დააკონკრეტეთ ყოველდღიურად რა დროს დაუთმობთ განათლების მიღებას. რადგან, ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარი ონალინ განათლების მისაღებად არის თვითდისციპლინა. თავისუფალ რეჟიმში სწავლა მოითხოვს დროში გადანაწილებულ საქმიანობას. შესაბამისად, როდესაც სწავლის დაგეგმვის პასუხისმგებლობა გადმოდის კონკრეტულ ინდივიდზე, ის გამოიმუშავებს თვითმოტივაციის უნარსა და მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებას.

გააკეთეთ ყოველდღიური კალენდარი, სადაც დროების მიხედვით ჩაინიშნავთ რა თემას რა დროს უთმობთ. იმისათვის, რომ ახალი ქცევა ჩამოყალიბდეს და შემდეგ გადავიდეს იგი ავტომატურ რეჟიმში, აუცილებელია რეჟიმულობის დაცვა, რაც გულისხმობს ყოველდღე, ერთი და იმავე დროს განმეორებად ქცევას. შეგიძლიათ დაიწყოთ 20 წუთით და ეტაპობრივად გაზარდოთ დრო. ხშირია შემთხვევები, როდესაც ნებისყოფა გვღალატობს და იმისათვის, რომ ყოველდღური რუტინა არ შევასრულოთ, აუცილებლად მოვძებნით თავის გამართლების კარგ მიზეზს. ასევე ხშირია თვითსაბოტაჟი სიზარმაცის სახით, პროკრასტინაცია და ა.შ. ყოველთვის გაიხსენეთ ასეთ დროს, რისთვის აკეთებთ ამას და რა იქნება საბოლოო შედეგი? თვითდისციპლინის გამომუშავებისთვის ძალიან კარგად მოქმედებს მხარდამჭერი გარემო. გააკეთეთ იმ ადამიანების სია, რომლებიც თქვენი გულშემატკივრები არიან და მათ წინაშე მოახდინეთ თქვენი მიზნის დეკლარირება. ამ ქმედებას ორი შედეგის მოტანა შეუძლია, ერთი – თქვენ დეკლალირების საშუალებით იღებთ პასუხისმგებლობას მათ წინაშეც, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება, მეორე – თქვენ რთავთ ამ ადამიანებს პროცესში და მათი გულშემატკივრობა, ასევე მათთვის თქვენი შედეგების გაზიარება შეგიქმნით პოზიტიურ ემოციებს.

კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს, არის „ჯილდო მოტივაციისთვის“. თუკი ერთი კვირის განმავლობაში დაგეგმილ ნაბიჯებს გადადგამთ, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი იმით, რაც ძალიან გინდათ ან გაგიხარდებათ. თუკი ასე არ მოხდება, შეგიძლიათ „დასაჯოთ“ საკუთარი თავი. ეს ტექნიკა იმუშავებს კარგად თუკი აქაც ჩართავთ თქვენს მხარდამჭერებს.

ზოგჯერ მიზნები გვეკარგება და ინტუიტიურად ვაგრძელებთ მოქმედებას. ასე რომ არ მოხდეს, არსებობს ეს მარტივი და ეფექტური ინსტრუმენტი – დილის და საღამოს კითხვები საკუთარ თავს. მარტივი იმითი, რომ ნაკლები დრო მიაქვს და შეგიძლიათ ეს პროცესი სახალისოც გახადოთ.

ნაბიჯი პირველი: ყოველ დილას, თქვენი საყვარელი რიტუალის დროს, რომელიც შეიძლება იყოს ყავის დალევა ან თავის მოწესრიგება, დაუსვით საკუთარ თავს სამი კითხვა: ჩემი მიზნის მისაღწევად დღეს რა შემიძლია გავაკეთო? რა შემიძლია შევცვალო და ისე გავაკეთო? დღეს პირველ რიგში რაზე მოვახდენ ფოკუსირებას?

საღამოს კი შედეგების შეჯამების დროა. და აქვე საღამოს კითხვები: დღეს რა გავაკეთე ისეთი, რამაც ჩემს მიზანთან დამაახლოვა? რა ვისწავლე დღეს? რა გავიგე ახალი? როგორ შემიძლია დღეს მიღებული ცოდნა გამოვიყენო?

ამ პროცესის კიდევ უფრო გასახალისებლად შეგიძლია გააკეთოთ მინიშნებები. მაგალითად, გაიკრათ სტიკერები ან დააყენოთ ენერგიული მუსიკა მობილურზე იმისათვის, რომ საკუთარ თავს შეახსენოთ კითხვების დასმა.  როდესაც მიხვდებით, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგით, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები