LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გადალახა გიგი დედალამაზიშვილმა უმძიმესი პერიოდი: „ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ გადამეწურა იმედი – ჯერ კორონა, შემდეგ ომი. სულ ეჭვებში ვიყავი, რა იქნებოდა…“

230
გიგი მთავარზე

„მგზავრები“ შემოდგომაზე ახალ ალბომს გამოსცემს სახელწოდებით ბ„კამარა“. ანსამბლი გააქტიურებულია და სიახლეებს გვტავაზობს. მალე დაიწყებენ ორ ვიდეორგოლზე მუშაობას, ერთ-ერთს ქარდი ბის ახალი კლიპის რეჟისორი, ლადო კვატანია გადაიღებს, მეორეს, სავარაუდოდ, ზაზა ორაშვილი. იგეგმება დიდი ტურნე აშშ-შა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. საქართველოში უკვე რვა კონცერტი გამართეს და ყველამ ანშლაგით ჩაიარა, მსმენელს ახსოვს და უყვარს ჯგუფის ბევრი ცნობილი კომპოზიცია…

გიგი დედალამაზიშვილისთვის გასული ორი წელიწადი ძალიან მძიმე იყო – უკრაინაში მისი მეუღლის ოჯახია და იქ შექმნილ მდგომარეობას ძალიან განიცდის, გარდა ამისა, გიგის კორონავირუსი საკმაოდ მძიმე ფორმით შეხვდა და კლინიკაში მოხვდა… ამის მიუხედავად, შეძლო რთული პერიოდის გავლა და ახლა აქტიურობისა და სიახლეებისკენ არის მომართული.

„მგზავრების“ სოლისტი FORTUNA.GE-სთან საუბრობს.

„ჩვენი ახალი ალბომიდან ორ სიმღერაზე კლიპების გადაღებას ვგეგმავთ – ერთის სახელწოდებაა „ო, მოდა, მოდა“, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობართან, რეჟისორ ზაზა ორაშვილთან და გვინდა, მასთან შედგეს ეს კოლაბორაცია. მეორე კლიპისთვის ყველაფერი მზად გვაქვს, მათ შორის სცენარი და ვიმუშავებთ ლადო კვატანიასთან, ჩემს მეგობართან, რომელმაც ახლახან ქარდი ბისა და კანიე ვესტის კლიპზე იმუშავა. ლადოს დიდი მოთხოვნები აქვს, ფირზე უნდა ვიდეორგოლის გადაღება და რაღაცები გვქონდა გასარკვევი. ცოტა რთული სცენარია და ამიტომაც გაგრძელდა მოსამზადებელი პერიოდი დაახლოებით რვა თვის განმავლობაში. სიმღერას, რომელზეც ლადო გადაგვიღებს კლიპს, „ვალსი“ ჰქვია.

ალბომზე მუშაობა როდის დაასრულეთ?

2020 წლის დასაწყისში ფაქტობრივად უკვე დამთავრებული გვქონდა მუშაობა, ვაპირებდით გამოცემას, მაგრამ ბევრი რამ დავამატეთ და ცოტა გადასხვაფერდა ალბომი. მასტერინგი გავაკეთეთ გერმანიაში და პრინციპში კმაყოფილები ვართ, მაგრამ ახლა მოვნახეთ მასტერინგის ძალიან კარგი სპეციალისტი აშშ-ში და გვინდა, იდეალური გამოვიდეს, ამიტომ მასთანაც ვცდით და შევადარებთ, თუმცა გერმანელის გაკეთებულიც ძალიან კარგია. ალბომი, სახელწოდებით „კამარა“ ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გამოიცემა.

როგორც ვხვდები, განსხვავებული მუსიკალური მიმართულება შეარჩიეთ… 

დისკოა… არ ვიცი, რა და როგორ გამოგვივიდა, ერთია, რას ვფიქრობ მე და მეორეა, სინამდვილეში რა გამოვიდა.

გიგი, საკმაოდ კარგ განწყობაზე გვესაუბრები და ამას ტყუილად არ აღვნიშნავ, რადგან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა გამოიარე, შემდეგ კი უკრაინაში ომი დაიწყო, რაც შენი ოჯახისთვის და უკრაინელი მეუღლისთვის დიდი დარტყმაა… როგორ გადალახე ეს პერიოდი?

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრჯერ გადამეწურა იმედი – ჯერ კორონა, შემდეგ ომი. სულ ეჭვებში ვიყავი, რა იქნებოდა, მათ შორის კარიერაში და ზოგადადაც. ახლა, ბოლო პერიოდში, მივხვდი, რომ ყველანი საჭირო ვართ ერთმანეთისთვის. ამ ომმა უფრო გაგვაერთიანა და მოგვცა სტიმული, რომ არ დავნებდეთ, ვიმუშავოთ. ამიტომ ვარ ბედნიერი. ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე კონცერტი ჩავატარეთ… ძალიან გაგვიხარდა, რომ ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ბოლო 10 წელია, რაც არ გვიკეთებია, ახლა გავაკეთეთ აქ…

ერთი მხრივ, უკრაინაში ძალიან რთული მდგომარეობაა, ჩემი ცოლის გარდა, ჩვენი ოჯახი იქაა, 24 საათი კონტაქტზე ვართ და საშინელება ხდება – მეორეა, შვილები გყავს და ხვდები, რომ არ გაქვს მოდუნების საშუალება.

ხელის ჩაქნევა, იმედგაცრუება ბევრჯერ გქონდა?

ძალიან ბევრჯერ… ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. რაღაც დროც გავიდა და ოჯახის წევრებმა ერთმანეთიც გამოვიყვანეთ, მარინას ფაქტორმა, დედაჩემმა, ჩემმა დამ, ყველამ ერთად… ცალ-ცალკე არ ვყოფილვართ, ყველანი ერთად ვიყავით ამ ტკივილის გაზიარებაში… ბოლომდე ვერ გამოვედით ამ სტრესიდან, რადგან ომი არ დამთავრებულა და სამწუხაროდ, ალბათ, დიდი ხანი ვერ დამთავრდება, მაგრამ ფაქტია, სტრესის მიუხედავად, უნდა გამოხვიდე და რაღაც გააკეთო, ადამიანი ხარ და გაჩერება უარესია.

მუსიკა გშველის?

რაღაც კუთხით კი, მაგრამ როცა რთული პერიოდები მაქვს, ვერ ვწერ ვერაფერს. მერე უფრო ვიხსენებ ემოციებს და ამის მიხედვით ვქმნი. ჯერჯერობით ერთი სიმღერა გავაკეთეთ, ამ ემოციიდან გამომდინარე, რომელიც ალბომში დავამატეთ…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები