LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საზღვაო კურორტზე აკლიმატიზაციაში – თამარ ობგაიძის რჩევები

262
როგორ დავეხმაროთ ბავშვს საზღვაო კურორტზე აკლიმატიზაციაში

ექიმი, პროფესორი თამარ ობგაიძე გასცემს რეკომენდაციებს იმის შესახებ, როგორ უნდა დავეხმაროთ პატარას, საზღვაო კურორტზე აკლიმატიზაცია პრობლემების გარეშე გადალახოს.

გთავაზობთ ექიმის პოსტს:

„კლიმატ-კონტროლი – როგორ დავეხმაროთ ბავშვს საზღვაო კურორტზე აკლიმატიზაციაში ზღვის სეზონიც დადგა და სანამ თქვენ კურორტს არჩევთ, ოჯახის წვრებს უთანხმებთ და სასტუმროს ჯავშნით,

აკლიმატიზაციის პრობლემებზე მოგიყვებით.

ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

აკლიმატიზაცია არის ორგანიზმის რთული ბიოლოგიური პასუხი ჰავის, კლიმატური და დროის სარტყლის ცვლილების პასუხად მასთან შეგუების პროცესში. თქვენ ეს, შესაძლოა, სულაც ვერ იგრძნოთ.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ჩამოუყალიბებელია და არასრულფასოვანია მისი ორგანიზმი და მით ხშირად და ზოგჯერ ავადმყოფურადაც გამოიხატება უცხო გარემოსთან შეგუების პროცესი.

როგორ გამოიხატება აკლიმატიზაცია თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ გზად პატარა გაცივდა ან აეროპორტში აბეზარი ვირუსი „აიკიდა“.

სრულიად ჯანმრთელ ბავშვს უეცრად შეიძლება აეწიოს ტემპერატურა, გამოიხატოს ზოგადი სისუსტე, უგუნებობა, მოვლენები სასუნთქი გზების მხრივ, მაგალითად, ცხვირიდან გამონადენი, სუნთქვის გაძნელება,

ოფლიანობა, ზოგჯერ გულისრევა და პირღებინება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, უმადობა, თავის ტკივილი, მომატებული ჭირვეულობა, ჩაძინების გაძნელება.

ვირუსული დაავადებებისაგან განსახვავებით, დაავადების სიმძიმე არ მატულობს. სტაბილურადაა გამოხატული სიმპტომები და რამდენიმე დღე თითქოს არც კი იცვლება. შემდეგ კი ისევე უეცრად გაქრება, როგორც გაჩნდა.

ეს პროცესი, შესაძლოა, 3-5 დღეს გაგრძელდეს და თავისთავად გაივლის, თუმცა თავად აკლიმატიზაცია, როგორც ბიოლოგიური პროცესი 7-10 დღე გაგრძელდება.

როგორ დავეხმაროთ პატარას აკლიმატიზაციის პროცესში

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ – თუ თქვენ კურორტზე მიემგზავრებით და 1 კვირაში უკან დაბრუნებას აპირებთ, ადაპტაციის პერიოდში მყოფ პატარა ორგანიზმს დაბრუნებისას მეორე აკლიმატიზაციის პროცესის სიმძიმის გადატანა მოუწევს. ამიტომ დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა მინიმუმ 2-3 კვირის მანძილზე.

არ გირჩევთ ჩვილთან ერთად ზღვაზე გამგზავრებას საზღვარგარეთ – იქ, სადაც თვითმფრინავით მოგიწევთ მგზავრობა. ფრენით ხომ თქვენ სულ რამდენიმე საათში ანუ უსწრაფესად მოხვდებით არამარტო სხვა კლიმატურ, არამედ დროის სრულიად სხვა სარტყელშიც, რაც ბავშვისათვის გაცილებით მძიმე ასატანია, ვიდრე თქვენთვის. ამიტომ სჯობს ადგილობრივი საზღვაო კურორტი შეარჩიოთ.

ჩასვლისთანავე ნუ გაეშურებით ზღვისკენ. პირველი დღე სჯობს, ბავშვი ახალ საცხოვრებელ გარემოს და ჰაერს შეეჩვიოს.

ნუ გაასინჯებთ ისეთ კერძს, რაც მანამდე არ მიუღია. თუ ზღვაზე ჩვილი მიგყავთ, ჩვეული საკვები მას ან უნდა დაუმზადოთ ან საბავშვო მრეწველობის მიერ გამოშვებული ქილის საკვები და მზა ფაფები წაიღოთ თან.

ხშირად დაბანეთ ხელები ინფექციებისაგან თავის დასაცავად.

ცხელების შემთხვევაში პარაცეტამოლი ან იბუპროფენი მიეცით.

გაზარდეთ სასმელი წყლის რაოდენობა.

შეცადეთ, არ აურიოთ მისი ჩვეული დღის განრიგი, კვების და ძილის დრო დატოვეთ უცვლელი.

მზეზე გაყვანისას კანზე აუცილებლად წაუსვით მზისგან დამცავი კრემი.

უმადობის შემთხვევაში ნუ დააძალებთ ბავშვს საკვებს. ახალ გარემოსთან შეგუების შემდეგ ის კვების ჩვეულ რეჟიმს თავადვე დაუბრუნდება.

კარგ დასვენებას გისურვებთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები