LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაბრუნდნენ ევროპიდან საქართველოში უსაბუთო ემიგრანტები

958
2 ემიგრანტი

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა წარადგინა, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებელი ავიაფრენების გრაფიკს. დავით ზალკანიანი განმარტავს, რომ განრიგით განსაზღვრული ფრენების ბილეთები ეტაპობრივად იქნება ხელმისაწვდომი. საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” უზრუნველყოფს. მინისტრი ბილეთების ხელმისაწვდომობასა და პრემიერის მიერ მკაცრად განსაზღვრულ განკარგულებაზეც საუბრობს, მაგალითად, ბილეთის ფასი 199 ევროს არ უნდა გასცდეს.

ავიაბილეთი ნებისმიერი კლასის შემთხვევაში 199 ევროზე მეტი არ ეღირება – ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის

დადგენილ გეგმაში მითითებულია ინფორმაცია იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო სავიზო რეჟიმის ვადა ამოეწურათ. თუმცა არ არის დაკონკრეტებული უკანონოდ მყოფი მოქალაქეებისთვის რა რეგულაციები განხორციელდება. “ფორტუნა” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება თხოვა.

“ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს დროებითი რეგულაციები, რომლის თანახმად მათ ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც შექმნილი ვითარებისა და ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო შეექმნა გადაადგილების პრობლემა, ფორს-მაჟორის გათვალისწინებით, შენგენის სივრცეში ლეგალურად ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდება, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ ადგილსამყოფელი ქვეყნების შესაბამის უწყებებს” – წერია უწყების მიერ მოწოდებულ განმარტებაში.

 

პასუხი ვერსად ვერ ვიპოვე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერც ოფიციალურ გვერდზე და ვერც საელჩოს გვერდზე ვერ იპოვა კითხვაზე პასუხი საბერძნეთში უსაბუთოდ დარჩენილმა ქართველმა ემიგრანტმა მალხაზ დ-მ. ის ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ჩავიდა საბერძნეთში და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა საბუთების მოწესრიგება. ამჟამად ის ერთ-ერთი ქართველის ოჯახს აფარებს თავს. მისი თქმით, ამოწურული აქვს ფულადი სახსრები, არ გააჩნია საცხოვრებელი, არ აქვს სამუშაო და არ იცის რა გზით დაბრუნდეს სამშობლოში.

“2 თვეა ახლობლების სახლში ვცხოვრობ. ფული არ მაქვს. სამსახურები, სადაც შეიძლებოდა მემუშავა, ყველაფერი დაკეტილია. საბუთები წესრიგში არ მაქვს. გარეთ ვერ გავდივარ. რომ დამიჭირონ ციხეში გადამიყვანენ, დაკავებულებით ისედაც გადავსებულია. ვინ დაავადებულია და ვინ ჯანმრთელი ვერ გაიგებ. ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება ჩემნაირი ადამიანი გაემგზავროს საქართველოში, არავინ არ ამბობს. მე კი არა, საბუთიანები ვერ მიდიან. ამბობენ, ბილეთები არ არისო, ყველა წინასწარ გაყიდულიაო. ვიცი, რომ მარტო მე არ ვარ საბერძნეთში არალეგალი. სხვა ქვეყნებშიც იქნებიან. რას გვიპირებს ჩვენი ქვეყანა, არ ვიცი. პასუხი ვერსად ვერ ვიპოვე, არავინ არ იცის. საბუთებზე ვადის ამოწურვის პრობლემა ვისაც ჰქონდა, ეს გარკვეულიაო, საელჩოები პრობლემას აგვარებენ, მაგრამ არალეგალურად მყოფებისთვის არაფერი არ ვიცით. ყველას ეშინია, რომ თქვას არაკანონიერად ვარო. ვწერთ აქედან ქართველებს საქართველოში, ტელევიზიებსაც მივწერეთ, მაგრამ ამ დრომდე ვერ გავარკვიეთ როგორ მოხდება ჩვენი წასვლა”, – აცხადებს ჩვენთან საუბარში მალხაზ დ.

10 აპრილამდე ევროპის მიმართულებებიდან საქართველოსკენ 4 რეისია ჩანიშნული

უწყების გვერდზე გავრცელდა განცხადება საბერძნეთში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ, სადაც ნათქვამია, რომ დღეს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, საელჩოს გვერდზე ონლაინ კონსულტაცია გაიმართება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან ექიმებს.

“მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.
საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაცია გაიმართება 2020 წლის 25 მარტს, საბერძნეთის დროით 17:00 საათზე, საელჩოს “Facebook” გვერდზე: https://www.facebook.com/greece.geoembassy/?fref=nf
მოქალაქეებს ვთხოვთ, შეკითხვები გამოაგზავნონ მისამართზე [email protected] ” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პოპულალურები