LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აფასებენ ირანელები აშშ-სა და ირანის კონფლიქტს და მიიჩნევენ თუ არა ამერიკას მტრად?

211
t57

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო სახიფათო ხდება. ისლამური რესპუბლიკა ევროპულ ქვეყნებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მათგან ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გავლენის შემსუბუქებაში დახმარებას ითხოვს.

მიმდინარე მოვლენებზე ირანის მოსახლეობა საკუთარ შეფასებებს აკეთებს. მათი თქმით, ყველაფერი პოლიტიკური თამაშია. ისინი სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ელოდებიან.

“თუ დასავლეთი თავის დაპირებებს არ შეასრულებს, მათი ნდობა არ შეიძლება, განსაკუთრებით კი მათი კურსის მიყოლა. ჩვენ საკუთარი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. მათთვის ეს პოლიტიკური თამაშია, სადაც მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის თამაშობენ”, – აცხადებს ირანის მოქალაქე.

ადგილობრივებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მძიმე შედეგები აფიქრებს:

“ვფიქრობ, ყველაფერი ორივე მხარის სიჯიუტის ბრალია. ერთმანეთის მიმართ მეტი კეთილგანწყობა რომ გამოევლინათ, შეიძლება სიტუაცია ბევრად უკეთესი ყოფილიყო. მომავალში ასე თუ გაგრძელდა, საქმე უარესობისკენ წავა. ორივე ქვეყანა დაზარალდება, მაგრამ ეს ირანისთვის განსაკუთრებით მძიმე დარტყმა აღმოჩნდება. ქვეყანა ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. უბრალო ხალხს მეტ დროს რომ უთმობდნენ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სამწუხაროდ, ხალხის აზრი უგულებელყოფილია.”

 

სააგენტო “ევრონიუსის” ჟურნალისტი ირანელ ახალგაზრდებს შეხვდა და მათი ხედვები მოისმინა. ახალგაზრდები აღნიშნული მდგომარეობის შედეგად ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემას განიხილავენ და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. ისინი საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის დატოვებას არ გამორიცხავენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა სანქციებიდან გამომდინარე შედეგები მინიმუმამდე დაიყვანოს, ხალხს მაინც უჭირს შესაბამისი სამსახურის მოძებნა. ამ მიზეზით ბევრი ცდილობს ირანის დატოვებას”, – ამბობს არიან ნაბიჟადეხი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (საჯარო მმართველობის სპეციალობით).

 

“მომავალში მინდა, რომ ბედნიერი ვიყო, თუმცა ირანში ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. ქვეყნიდან წასვლა და საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა მინდა. ბოლო ოთხი წლის განამვლობაში იქ 4-ჯერ ვიყავი. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს. ამერიკაშიც თითქმის იგივეა, როგორც აქ, მაგრამ ბევრად უფრო რთულად. იქ მეტი თავისუფლებაა, ხალხი თავისუფლად გრძნობს თავს. იმას იღებენ, რასაც საკუთარი შრომით იმსახურებენ”, – ამბობს საფირ ნაჯაფი, მომავალი ინჟინერ-ქიმიკოსი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს მართლაც მიიჩნევენ თუ არა მტრად, ერთ-ერთი ირანელი ახალგაზრდა პასუხობს.

“არ მიმაჩნია, რომ რომელიმე ქვეყანა შეიძლება მეორე ქვეყნისთვის მტერი იყოს. ყველა ერი კარგია, თუმცა ყოველ მათგანშია ბოროტი ხალხი, ვისი მოქმედებებიც ახალგაზრდა ხალხს ქვეყნის დატოვებას აიძულებს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ მიზეზით ხდებიან ემიგრანტები”, – ასე ფიქრობს სანაზ მერდარი, ტელეკომუნიკაციის მენეჯერი.

მოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ბირთვული შეთანხმება და მასთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მთავარი. ისინი მომავალზე ფიქრობენ. სურთ, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიონ და უკეთესი ცხოვრება შეიქმნან. ამისთვის, ზოგიერთ მათგანს ქვეყნის დატოვება აუცილებლად მიაჩნია, რათა ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება შეძლონ. ნაწილს კი ირანში დარჩენა ურჩევნია. რადგან ასე მეტი შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ქვეყანა უკეთესი გახადონ. ამისთვის კი, მთავარია კარგი სამსახური მოძებნონ და უკეთესი პერსპექტივა დაინახონ.

ადგილობრივებს შეიძლება არც გაკვირვებიათ, როცა ოფიციალურმა თეირანმა ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე ახალი ზომები მიიღო. მაგრამ დანარჩენი ქვეყნებისთვის საქმე სხვაგვარად არის. მათ ახლა მთავარი საფიქრალი აქვთ: შემდგომში რას მოიმოქმედებს ირანი?

ამ კითხვაზე ირანის საპარლამენტო კომისიის წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ნაგავ ჰოსეინი პასუხობს:

„ჩვენ მხოლოდ მშვიდობიან და ინდუსტრიულ მიზნებს მივყებით. არაერთხელ ითქვა და უმაღლესმა ლიდერმაც გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც იარაღის შესაქმნელად ბირთვული ენერგიის გამოყენებას კრძალავს.”

შეგახსენებთ, რომ ირანი უკვე წლებია ეკონომიკურად იზოლირებულია. ამ ვითარების შესაცვლელად, 2015 წელს მსოფლიოს დიდმა ქვეყნებმა ირანთან შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვით თეირანი ბირთვული პროგრამის განვითარებას შეამცირებდა, სანაცვლოდ კი სანქციებისგან გათავისუფლდებოდა. მას შემდეგ, რაც გასულ წელს დონალდ ტრამპი ამ შეთანხმებას გამოეთიშა, თეირანს სანქციები კვლავ დაეკისრა.

 

სალომე გაზდელიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები