LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის ტირის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი: „ამ სპორტში რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე…“

1529
levan-saginashvili

ქართველ ჰალკად წოდებულმა სპორტსმენმა, მკლავჭიდში შვიდგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონმა, ლევან საგინაშვილმა ახლახან კიდევ ერთ მნიშვნელოვან  გამარჯვებას მიაღწია – ლეგენდარულ კანადელ მკლავჭიდელთან, დევონ ლარატთან  დაპირისპირებაში მან გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მკლავჭიდელის ტიტულიც დაიმსახურა ისე, რომ არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დატოვა.

ამ შესანიშნავ გამარჯვებაზე სასაუბროდ ლევან საგინაშვილი „ფორტუნაში“ გვესტუმრა.

ამ შეჯიბრების წინ იყო შიშის მომენტი?

ლევან საგინაშვილი: 

რა თქმა უნდა. სანამ ეს მატჩი ჩაინიშნებოდა, ჩემს კონკურენტს ათი წაუგებელი შეხვედრა ჰქონდა. დადგა დრო ჩვენი შეხვედრის და მეც უარი არ ვუთხარი. თავად გამოთქვა ამის სურვილი. მასაც წაუგებელი სერია ჰქონდა და მეც. თავადაც აღიარებდა ჩემს პირველობას მსოფლიოში, მაგრამ ბოლო კითხვის ნიშანი იყო მასთან შეხვედრა და ეს უნდა გამევლო. თავადაც ჰქონდა პრეტენზია მოგების.

ვიცი, რომ სიტყვიერადაც გიწვევდათ…

შეურაცხყოფას მაყენებდა და ალბათ, ცდილობდა, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვყოლოდი, თუმცა ამას არ ავყევი.

გარეგნულად მშვიდი ადამიანი ჩანხართ, ეს რამდენად გეხმარებათ შეჯიბრების დროს?

ზოგადად, მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ უშუალოდ შეჯიბრებებზე – ემოციური. მოსამზადებელ პერიოდში გაცილებით მშვიდად ვარ ხოლმე, ვარჯიშების დროს. პრესკონფერენციაზე ძალიან ეცადა, რომ წყობიდან გამოვეყვანე, რაღაცებს მეძახდა ცუდ სიტყვებს მეუბნებოდა. ჩვენს სპორტში, სხვათა შორის, ეს პირველად მოხდა. არ მგონია, ეს თავისი იდეა ყოფილიყო. ალბათ, ორგანიზატორებისგან მოდიოდა. ფინანსურად ეს შეჯიბრება დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად მეტი ტრანსლაცია გაიყიდებოდა. მეტი ინტერესი სჭირდებოდათ. საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. მთელი მსოფლიოდან, ვისაც ძალისმიერი სპორტი აინტერესებს, ყველამ უყურა. ამ შემთხვევაში საპრიზო ფონდიც რეკორდული იყო. 30 000 დოლარი იყო და დამატებით პროცენტი გაყიდული ტრანსლაციებიდან. წაგებულს 10 000-ით ნაკლები შეხვდა.

ალბათ, თქვენთვის ფინანსურზე მეტად, სახელისა და პრესტიჟის საკითხი იდგა. რა მოგიტანათ, თქვენი აზრით, ამ გამარჯვებამ?

ამ გამარჯვებამ მომიტანა ის, რომ დიდი წერტილი დავსვი და ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნა, ვინ არის მსოფლიოში პირველი სპორტის ამ სახეობაში.

ამას კი ამბობთ, მაგრამ არ გეტყობათ, რომ საკუთარი თავით ტკბობის მომენტს განიცდით. 

არ ვაქცევ ამას ყურადღებას. მოგების შემდეგ, რამდენიმე საათი, მაქვს ეს მომენტი და მერე ვცდილობ დავივიწყო. ის რამდენიმე საათი ეიფორიული იყო ძალიან. ასეთ დროს ვურეკავ ხოლმე საყვარელ ადამიანს, მშობლებს, მეგობრებს. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ არა მხოლოდ ჩვენი დროის, არამედ ზოგადად ამ სპორტში საუკეთესოდ დამასახელონ. კიდევ თუ გავაგრძელე წინსვლა, ალბათ, ამისი დრო დადგება. 33 წლის ვარ, ვისაც შევხვდი, ის 47 წლისაა. მკლავჭიდი ისეთი სპორტია, ყველა 40 წელს ზევითაა, ვინც ახლა ძლიერად მიიჩნევა.

რამდენად დაფასებულად გრძნობთ თავს საქართველოში? 

ხალხის მხრიდან ძალიან, შეიძლება, ზედმეტადაც კი.

სახელმწიფოს მხრიდან?

სამწუხაროდ, სრული იგნორია. ამ გამარჯვების შემდეგ ერთი მესიჯიც არ გამოუგზავნია არავის, რასაც უკვე მივეჩვიე… ვფიქრობ, ეს ყველაფერი პიროვნულია. ალბათ, იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ ვერევი და ვიღაცებს არ ვეხმარები. ტელევიზიებიდან, ჟურნალისტების მხრიდან დიდ ინტერესსა და თანადგომას ვგრძნობ.

ჩვენი ფოტოსესიის დროს თქვენმა თაყვანისმცემელმა მოინდომა თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება. ხშირია ასეთი შემთხვევა?

აქამდეც ასე იყო და ხშირია, თუმცა ამ გამარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ინტერესი. ასე სწრაფად როგორ გაიგო ყველამ, გამიკვირდა. მეორე დღესვე წამოვედი დილით და ჩამოვედი თუ არა, ქუჩაში მაჩერებდნენ და მილოცავდნენ. პირველ რიგში, სპორტსმენი ამისთვის შრომობს.

ახლა, როცა საკუთარ წარმატებულ კარიერას უყურებთ, როგორ იხსენებთ განვლილ გზას?

ალბათ, პირველ რიგში, შრომისმოყვარეობამ განაპირობა ეს ყველაფერი, გენეტიკურადაც იდეალური მონაცემები მაქვს, ამას რომ დავამატეთ შრომა, შედეგი გამოიღო. უკვე 13 წელია ვვარჯიშობ. მალევე მქონდა შედეგები, სხვათა შორის.

სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა შემოუთავაზებიათ?

არის ხოლმე შემოთავაზებები, მაგრამ არ ვფიქრობ ამაზე.

რა არის თქვენი ჰობი?

ძალიან მიყვარს დასვენება, რადგან სპორტი დიდ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირდება. ვცდილობ, თავისუფალ დროს სპორტზე არ ვიფიქრო, განვიტვირთო, რადგან სულ ერთი და  იმავეს კეთება ძალიან დამღლელია.

გქონიათ ეპიზოდი, როდესაც ხელის ჩაქნევა მოგნდომებიათ?

მაქსიმუმ ერთი დღე.

საყვარელი ადამიანი ახსენეთ და შეყვარებული ხართ?

ძალიან არ მინდა ამ თემაზე საუბარი. რამდენჯერაც ვილაპარაკე, იმდენჯერ დამენგრა ურთიერთობა.

თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში გეკონტაქტებიან?

სოციალურ ქსელში იმდენი მესიჯი მომდის, რომ ვაგროვებ და მერე ერთიანად ვპასუხობ ხოლმე. ამ შეჯიბრების შემდეგ იმდენი შეტყობინება მოვიდა, რომ ფიზიკურად არ ვიცი, შევძლებ თუ არა, ყველას ვუპასუხო. ხალხი გამოხატავს სითბოსა და პატივისცემას, რაც ძალიან მიხარია.

10 წლის შემდეგ რა მიღწევები გექნებათ, როგორ ფიქრობთ?

ამ სპორტში რისი მოგებაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოვიგე. რეკორდიც დავამყარე. დაახლოებით ექვსი წელია, რაუნდი არ მაქვს წაგებული. ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია. შემდეგი მეტოქის არჩევაც გართულდა. გამოდის, რომ უკან უნდა დავბრუნდე და მათ შევეჯიბრო, ვისთანაც უკვე მქონია შეხება. მათ კი უნდათ ჩემთან შეხვედრა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური სარგებელი უნდა ნახონ. თან, იმასაც ფიქრობენ, რომ იქნებ, მოვუგოთ და მისი ადგილი დავიკავოთო, მაგრამ ვცდილობ, ეს არ გამოუვიდეთ (იცინის).

როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს ქართველებს ძალისმიერ სპორტში ყველაზე კარგი შედეგები?

გენეტიკა გვაქვს კარგი ასეთი ტიპის სპორტისთვის, ბუნებამ დაგვაჯილდოვა. ძალიან ბევრი ძლიერი სპორტსმენი გვყავს ამ პატარა ქვეყნიდან. მკლავჭიდში ჩემ გარდა სხვა ძალიან კარგი სპორტსმენებიც არიან საქართველოდან. უფრო მეტად ინდივიდუალური სპორტის სახეობებში გამოვირჩევით. სხვათა შორის, მკლავჭიდში ასპარეზობა საკმაოდ დიდ ასაკში დავიწყე, 20 წლის ვიყავი და თავიდანვე ეს იყო ის სპორტი, რომელიც ძალიან შემიყვარდა, აზარტში ჩავვარდი.

როგორ ფიქრობთ, მამაკაცებს თქვენი ეშინიათ? თქვენთან ჩხუბის სურვილი ვინმეს გაუჩნდება როდისმე?

(იცინის) ძალიან ვერიდები კონფლიქტებს და სხვებიც მერიდებიან. ალბათ, უფრო პატივისცემის გამო არ გამოთქვამენ ჩემთან ჩხუბის სურვილს და არა შიშის გამო. შიშით, მგონი, უფრო გოგონებს ეშინიათ (იცინის).

არ მგონია, რომ ასე იყოს… საკუთარ თავში რა თვისებები მოგწონთ და რა – არა…

მომწონს ის, რომ ძალიან მიზანდასახული, შრომისმოყვარე ვარ – რაღაცას თუ დავისახავ მიზნად, შეიძლება ძალიან დიდი დრო დამჭირდეს, მაგრამ მაინც გავაკეთებ. მინუსი ისაა, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. ბოლო დროს მივხვდი, რომ ეს კარგი არ არის. ემოციური ადამიანი ვარ.

შეიძლება, რამეზე ატირდეთ?

ფილმზე… მაგალითად, „ჰაჩიკოს“ ყურებისას მიტირია. ასევე მეტირება ხოლმე ქართულ ფილმზე „ფესვები“. ამ ფილმიდან მუსიკა რომ გავიგო, შეიძლება, ახლაც ავტირდე… (იღიმის).

თქვენ შესახებ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ სამსახიობო ნიჭი გაქვთ და „ნეტფლიქსმა“ გადაგიღოთ ახალ ფილმში. 

ფილმის გადაღებები დასრულდა. 2023 წლის დასაწყისში უნდა გამოვიდეს, როგორც ვიცი – „დახსნა 2“, ასე ჰქვია ამ ფილმს. ძალიან საინტერესო იყო გადაღებების პროცესი, დატვირთული, დავრბოდი იარაღით, ვისროდი… ქართველ მაყურებელს ძალიან დიდი სიურპრიზი ელის, რადგან ფაქტობრივად, ქართული ფილმია და ქართველებზეა. ამ სფეროზე ძალიან სერიოზულად დავფიქრდი. თუ იქნება შემოთავაზებები, უარს არ ვიტყვი. აქამდე მქონია ეპიზოდური როლები, პროფესიულად შეხება არ მქონია და ეს პროფესია არ მისწავლია. კამერის რიდი და შიში არ მაქვს. „ნეტფლიქსმაც“ რომ გადამიღო, მსახიობი ვეგონე ყველას, ძალიან კმაყოფილები იყვნენ. იმედია, კიდევ გადამიღებენ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

ლოკაცია: „რესტორანი „ვეფხი და მოყმე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები