მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან გაიხსნება – ამის შესახებ „ფორტუნას“ „ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მეტროსადგურის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ის მაისის თვიდან სატესტო რეჟიმში იმუშავებს, სექტემბრიდან კი ოფიციალურად გაიხსნება და მგზავრების გადაყვანას დაიწყებს.

„ამჟამად სადგურის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. მაისის ბოლოს ჩაეშვება სატესტო რეჟიმში, მატარებლები იმოძრავებენ, ოღონდ მგზავრების გარეშე. 2-3 თვის განმავლობაში შემოწმდება, რომ ყველა სისტემა – დაწყებული ესკალატორით, სალიანდაგო ზედნაშენით, ელექტროგაყვანილობით მუშაობდეს გამართულად და გვპირდებიან, რომ სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლიდან პირველი მგზავრები შევლენ სადგურში“, – განაცხადა გიორგი ბაბუნაშვილმა.

როგორც ბაბუნაშვილი „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, ამ ეტაპზე თბილისის მერია „უნივერსიტეტის“ გარდა, სხვა მეტროსადგურების დამატებას არ გეგმავს, თუმცა არის გარკვეული იდეები, რომლის მიხედვითაც მეტროს რამდენიმე ობიექტი უნდა დასრულდეს.

„შეშელიძის ქუჩაზე ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელი უნდა დასრულდეს. ეს გლდანში მოძრაობას ძალიან განტვირთავს. ასევე უნდა დასრულდეს მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელი, უზნაძის და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე“, – აღნიშნა გიორგი ბაბუნაშვილმა.

თბილისში ამ ეტაპზე 22 მეტროსადგურია, სექტემბრიდან კი დედაქალაქს 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ შეემატება.

მსგავსი თემები