LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან ამოქმედდება და რა ეღირება პეკინის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირება

170
67628541-2873569522659629-8062145783484383232-o

“პეკინის გამზირზე ადგილობრივებისთვის პარკირება უფასო იქნება” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ აღნიშნა, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება ახალი პროექტია, რომელიც თბილისის ორ რაიონში უკვე წარმატებით განხორციელდება, ახლა კი მისი დანერგვა პეკინის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე იგეგმება.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, ადგილობრივებისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მქონე პირთათვის პარკირება უფასო იქნება.

“ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები კოტე აფხაზისა და ორბელიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ძალიან წარმატებულად დაინერგა ზონალურ-საათობრივი პარკირება, ახლა კი გვინდა შემდეგი ქუჩები და რაიონები განისაზღვროს. პროექტი მომდევნო ეტაპზე საბურთალოზე, კერძოდ, პეკინის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება. შესაბამისად, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე განთავსდება 10 საინფორმაციო ჯიხური, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ როგორ ფუნქციონირებს ეს პროექტი”, – აცხადებს კახა კალაძე.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ უფასო პარკირებით სარგებლობისთვის ადგილობრივებს სისტემაში საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირება მოუწევთ.

“ადგილობრივებს, რომელთაც ჰყავთ ავტომობილები უნდა დარეგისტრირდნენ სისტემაში და მათთვის კონკრეტული საპარკინგე ადგილი იქნება უფასო. რაც შეეხება სხვა რაიონებიდან შემოსულ მოქალაქეებს მათთვის პარკირება იქნება ფასიანი: 1 საათი 1 ლარი. ასევე შშმ პირთათვის და ელექტრომობილების ავტომობილების მფლობელებიც უფასო პარკირებით ისარგებლებენ”, – განაცადა დედალაქის მერმა.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ პროექტი ეტაპობრივად თბილისის ყველა რაიონში განხორციელდება.

 

 

კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მერიის მიზანი, მოქალაქეების მიერ კერძო ავტომობილებზე უარის თქმა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭებაა.

“მნიშვნელოვანი გამოწვევა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მოწესრიგება ისე, რომ მოქალაქეებმა კერძო ავტომობილების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, დავიწყეთ ახალი ავტობუსების შემოყვანა, ყვითელი ავტობუსების პარკის მთლიანი განახლება და ჩანაცვლება ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე დავიწყეთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ახალი შემადგენლობების შემოყვანა და მეტროსადგურების განახლება. ამას რა თქმა უნდა, გარკვეული დრო და თანხები დასჭირდება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ნაბიჯები გადადგმულია”, – აღნიშნა მან.