LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ბავშვი ინტერნეტშია – მშობლების გამოცდილება და სპეციალისტის რჩევები

664
bavshvimultfilmebi

მსოფლიოში ყოველი მესამე ინტერნეტმომხმარებლიდან ერთი ბავშვია. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ინტერნეტი სწავლის, კომუნიკაციის და თავისუფალი თვითგამოხატვის შეუზღუდავი შესაძლებლობაა. რაღა თქმა უნდა, არავინ დაობს იმაზე, რომ ინტერნეტი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, მნიშვნელოვანია, როგორ მოიხმარენ ისინი ინტერნეტს, რომელიც სიკეთეებთან ერთად უამრავ საფრთხესაც შეიცავს.

საბავშვო ფილმები, მულტფილმები და თამაშები – რა გავლენას ახდენს ისინი ბავშვებზე და რა როლი აქვთ მათ განვითარებაში. სპეციალისტები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, სწორად იყოს შერჩეული ისინი და ამავე დროს, მივაქციოთ ყურადღება დროის ხანგრძლივობას, თუ რა დოზით არის ბავშვი დაკავებული ამ აქტივობით. ამასთან, სპეციალისტები საფრთხეებზეც საუბრობენ და გვირჩევენ, მუდმივად ვიყოთ საქმის კურსში, რას აკეთებენ ბავშვები ონლაინ.

მას შემდეგ, რაც პრობლემაზე საუბარი ხმამაღლა დაიწყო, მშობლების ნაწილმა კატეგორიულ აკრძალვას მიმართა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მას არათუ შედეგი არ აქვს, არამედ  კატეგორიული აკრძალვის შემდეგ, აგრესია მათში უფრო იმატებს. “ფორტუნა” ამ მხრივ, მშობლების გამოცდილებით და სპეციალისტების რეკომენდაციებით დაინტერესდა.

 

თაკო ბუაჩიძე, 31 წლის

თაკოს ორი შვილი ჰყავს, 7 წლის სანდრო და 4 წლის ლიზი. მულტფილმებითა და კომპიუტერული თამაშებით განსაკუთრებით სანდროა დაინტერესებული.

„ცოტა უცნაურ რამეებს უყურებს. სანამ სკოლაში შევიდოდა, შეეძლო ყოველდღიურად 3-4 საათი მჯდარიყო კომპიუტერთან, ეთამაშა ან მულტფილმები ენახა. სკოლაში მასწავლებელმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა და მკითხა, რას უყურებდა ბავშვი. მითხრა, რომ რომელიღაც გმირის სახელს ახსენებდა ძალიან ხშირად. აღმოჩნდა, რომ უარყოფითი პერსონაჟია, რქიანი… მირჩია, რომ მეკონტროლებინა როგორც ის, თუ რას უყურებდა, ასევე გამეკონტროლებინა დროც. ახლა მუდმივად საქმის კურსში ვარ, რას უყურებს. რა თქმა უნდა, მულტფილმი და კომპიუტერული თამაშები სრულად არ აგვიკრძალავს. თუმცა, ვესაუბრები იმაზე, რომ უკვე დიდი ბიჭია, გაკვეთილებიც აქვს მოსამზადებელი და თავისუფალი დრო, რაც რჩება, სჯობს ეზოში თამაშისთვის გამოიყენოს. შედეგსაც მივაღწიეთ ამ მხრივ.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო. ერთ-ერთ თამაშს თამაშობდნენ სკოლაში. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო თამაში, სადაც ბავშვი გარკვეულ დავალებებს ასრულებს და ხშირად, ეს საკმაოდ სავალალო შედეგებით სრულდება. როგორც აღმოჩნდა, მარტივ დავალებებს ასრულებდნენ, რა თქმა უნდა, პედაგოგი ჩავაყენე საქმის კურსში და პრობლემა მოგვარდა“, – ამბობს თაკო.

 

 

გვანცა გვენეტაძე, 29 წლის

გვანცას ორი შვილი ჰყავს. როგორც თავად ამბობს, კომპიუტერული თამაშებითა და მულტფილმებით უფრო მეტად უფროსი, 8 წლის გაბრიელია დაინტერესებული. გვანცა ამბობს, რომ უარყოფითთან ერთად მულტფილმების ყურებას, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგებიც მოაქვს. მაგალითად, მისმა შვილმა ამის დახმარებით უკვე კარგად ისწავლა რუსული ენა. თუმცა, ცდილობს, რომ პლანშეტებს და კომპიუტერს მაინც მოარიდოს.

“უფროსი შვილი კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს და ამ თამაშების ვიდეოებს უყურებს, უყურებს მულტფილმებს, ფილმებსაც. როგორც შემიძლია, ვცდილობ რომ დიდი ხნით არ იყოს ამით დაკავებული. ვამჩნევ, რომ თუ ცოტა ზედმეტი მოუვიდათ, აგრესია ეწყებათ, უძილობა, მაგრამ რომ ვუშლი იმაზეც ნერვიულობს, უნდა თამაში და ვერ ხვდება, რატომ არ უნდა ითამაშოს, როცა გაკვეთილებიც მოამზადა, დახატა და ა.შ. მერე კი ეს ყველაფერი მობეზრდა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც არჩევანი ეზოში ჩასვლას და კომპიუტერთან ჯდომას შორის აქვს, ეზოში, ბავშვებთან გართობა ურჩევნია და კომპიუტერის გამო ამაზე უარს არასდროს ამბობს.
პატარა 3 წლის უფრო მცირე დოზით უყურებს. ძირითადად, სპაიდერმენს, ბეტმენს და ასეთ გმირებს, შემდეგ კი მათ ანსახიერებს,“- ამბობს გვანცა.

კიდევ ერთი მშობელი გვეუბნება, რომ მისი შვილი ძალიან ხშირად არის რომელიმე მულტფილმის გმირი.

„ვფიქრობ, რომ ამ დროს ფანტაზია ეხსნებათ ბავშვებს და ეს კარგია. მერე სადღაც წავიკითხე, რომ შესაძლოა, ასე ბავშვმა პარალელურ სამყაროში დაიწყოს ცხოვრება, ჩაიკეტოს, უარი თქვას თანატოლებთან ურთიერთობაზე. თუმცა, მაინც უფრო მგონია, რომ ეს კიდევ სხვა ფაქტორებზეც არის დამოკიდებული“, – ამბობს 31 წლის თაკო.

 

ფსიქოლოგის რეკომენდაციები

რა დრო შეიძლება დაუთმოს ბავშვმა კომპიუტერულ თამაშებსა და მულტფილმებს, როგორ ამოვიცნოთ ნიშნები, რომელიც უარყოთ გავლენაზე მიგვანიშნებენ, როგორ შევძლოთ ვიყოთ საქმის კურსში, ზედმეტი კონტროლის გარეშე რით არიან დაკავებული ბავშვები – ამ საკითხზებზე “ფორტუნა” ფსიქილოგ მარინა კაჭარავას ესაუბრა.

არა პლანშეტებს და მობილურს

ფსიქოლოგი ამბობს, რომ რაც უფრო პატარაა  ბავშვი, უფრო ნაკლები დროით უნდა იჯდეს კომპიუტერთან, საერთოდ უარი უნდა ვუთხრათ პლანშეტებს და მობილურს.

„ბევრად ცუდია პლანშეტი და მობილური, რადგან პატარა ეკრანით ხდება ბავშვის შესრუტვა, მთლიანად შთანთქმა. მე არ ვსაუბრობ სომატურ პრობლემებზე, მაგალითად იმაზე თუ რა გავლენას ახდენს ეს თვალებზე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც არ არის რეკომენდებული, რადგან მოკლე მანძილზე პატარა ეკრანში ყურება მთლიანად გაიტაცებს და შთანთქავს ხოლმე ბავშვს.

6 წლამდე, სანამ პიროვნული მახასიათებლები არ ჩამოუყალიბდება ბავშვს საერთოდ არ სჭირდება პლანშეტი და მობილური, ეკრანი, ტელევიზორი და მულტფილმები კი ბატონო. თუმცა, დრო დოზირებული უნდა იყოს, უმჯობესია კომპიუტერზე უარი ვთქვათ, 3 წლის ბავშვი შეიძლება უყურებდეს ნახევარი საათი, 6 წლიდან 1 გაკვეთილის პერიოდი შეუძლია“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

არა აკრძალვას, შეთახნმება მეგობრობით

ხშირად აკრძალვები ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ ჩვენი მოთხოვნა არ უნდა იყოს იმპერატიული და საერთოდაც, უმჯობესია უბრალოდ დავდოთ შეთანხმება, რომელსაც ორივე მხარე ყოველთვის იცავს.

„მოდი შევთანხმდეთ როგორც მეგობრები, რომ 45 წუთი იჯდები კომპიუტერთან, შემდეგ დარეკავს ზარი და შენ უკვე იცი, რომ უნდა ადგე. პირველ ზარზე ვთქვათ ემზადება, მეორეზე კიდევ რაიმეს აკეთებს და მესამეზე დგება, რომ არ გაუჭირდეს ერთბაშად კომპიუტერზე უარის თქმა. ამის შემდეგ უნდა წავახალისოთ და შევაქოთ. ამასთან, უნდა ვანახოთ, რომ ჩვენც ვიცავთ შეთანხმებებს და ეს მხოლოდ მისი ვალდებულება არ არის, ამიტომ რაზეც შევუთანხმდებით, აუცილებლად ბოლომდე ვასრულებთ მას“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კომპიუტერული თამაშები და მულტფილმები არ გახდეს გართობის ერთადერთი საშუალება და აღნიშნავს, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის, მით უფრო მაშინ, როცა კომპიუტერი შესანიშნავი საშუალებაა ცოდნის მიღებისთვის.

„როცა ეს ხდება გართობის ერთადერთი საშუალება, ადამიანს უყალიბდება მიჯაჭვულობის განცდა, ხდება ჩაკეტილი საკუთარ სამყაროში, სადაც თვითონ შეიძლება იყოს გმირიც, პრინცესაც და ა.შ. თუმცა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ამის გარჩევა ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენებისგან, ბავშვები ხშირად განასახიერებენ რომელიმე მულტფილმის გმირს, ეს ჩვეულებრივი და ბუნებრივია, პირიქით ეს ეხმარება მის ფანტაზიას განვითარებაში, ასევე ყავთ გამოგონილი პერსონაჟები, რომელთანაც კონტაქტობენ, ამაში საშიში არაფერია, პირიქით წარმოსახვა და ფანტაზიორობა მის წარმოსახვაზე დადებითად მოქმედებს და ეს რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. თუმცა, აუცილებელია მუდმივად ვაკვირდებოდეთ ხომ არ უჭირს კომუნიკაცია თანატოლებთან, როგორი აქვს ძილი, ხომ არ შეიცვალა ქცევა და ხომ არ გახდა უფრო აგრესიული. ეს ყველაფერი კარგად ჩანს და მშობელი მარტივად ამჩნევს.

 


პატარა ბავშვები თამაშობენ თამაშებს, სადაც აძლევენ დავალებებს და ჩემთან მოსულან ასეთი პრობლემით, შსს უარყოფს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ესეთი თამაშები არის მთელ მსოფლიოში და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი.
რა მომენტში აღმოჩნდება ადამიანი ამ ქსელში არ ვიცით, ამიტომ კონტროლი ცუდი სიტყვაა, მაგრამ მშობელი მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს, რას აკეთებს ბავშვი. ეს უნდა მოახერხოს მეგობრობით  – აბა მოდი, ერთად გავაკეთოთ, ერთად ვუყუროთ, უი რა საინტერესოა და ა.შ. პრობლემების პრევენცია არის მეგობრობა. არაფრის გამო არ ღირს პანიკის ატეხვა, რომ რაღაც საშიშია, რადგან ზედმეტი დოზით ყველაფერი საშიშია, მაგალითად, შაქარი, მარილი და ა.შ.“ – ამბობს მარინა კაჭარავა.

სწორად გამოყენებების შემთხვევაში, ინტერნეტი მნიშვნელოვნად ცვლის იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც იჩაგრებიან სიღარიბის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, საცხოვრებელი ადგილიდან იძულებით გადაადგილების თუ გეოგრაფიულად რთულად მისაწვდომ ტერიტორიაზე ცხოვრების გამო. ციფრულ ტექნოლოგიას შეუძლია დააკავშიროს ეს ბავშვები დანარჩენ სამყაროსთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები