LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების ნებართვა აღარ გაიცემა – კალაძე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს მიმართავს

57
კალაძე 00

თბილისის მერი, კახა კალაძე იმ მოქალაქეებს მიმართავს, ვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსაც ახალი გენერალური გეგმის ფარგლებში, ზონის სტატუსი გაუუარესდა. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერიაში შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს.

„2019 წელს მივიღეთ გენერალური გეგმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. ამ დოკუმენტზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომელიც გენგეგმაზე მუშაობდა, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ ქალაქს სწორი ურბანული განვითარების გეგმა ჰქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

არსებობდა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელსაც მანამდე სხვა ზონა ჰქონდა, ანუ მესაკუთრეს 2019 წლამდე ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარ მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა ტიპის მშენებლობა განეხორციელებინა, თუმცა ახალი გენგეგმის ფარგლებში, რომელიც ქალაქის პრიორიტეტებიდან გამოვიდა, ზონა შეიცვალა – თუ გუშინ დაშვებული იყო მშენებლობა, მოხდა ზონის ცვლილება და ზოგიერთ ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა, ზოგს – ლანდშაფტური, ზოგს სატყეო და ასე შემდეგ.

ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ კერძო მესაკუთრეების ინტერესებს ისე, რომ ქალაქის ინტერესები და ურბანული განვითარების ეს ქსოვილი არ დავარღვიოთ. მგონი არავის გვსიამოვნებს ის, თუ როგორ ქაოსურად განვითარდა ქალაქი ბოლო წლების განმავლობაში, რაც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია “, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობების ნებართვა აღარ გაიცემა.

„დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და თბილისზე გული შესტკივა, არ მოსწონდა ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა – კოეფიციენტის გადამეტება, არასწორი სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის არასწორი განვითარება, რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემა. ეს კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია. შესაბამისად, გენგეგმის მიღება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრის ინტერესებს არ დავარღვევთ.

ამიტომ, დედაქალაქის მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს, ვისაც გენგეგმის მიღებით გაუუარესდა სტატუსი საკუთარ მიწის ნაკვეთებზე – აუცილებლად უნდა მიმართონ თბილისის მერიას და ჩვენ ვიმოქმედებთ გენგეგმით განსაზღვრული წესებით. პირველი, ურბანული სამსახური, არქიტექტურის სამსახურთან ერთად, გაივლის ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის არსებულ სტატუსს – რა იყო გენგეგმის მიღებამდე და რა მდგომარეობა გვაქვს ახლა, არის თუ არა შესაძლებელი, დაუბრუნდეს ძველი სტატუსი, თუ ეს არ დააზიანებს ქალაქის ურბანულ განვითარებას. თუ ამ თვალსაზრისით პრობლემაა, მზად ვართ, ასეთ შემთხვევაში, ადგილმონაცვლეობა განვახორციელოთ. არც ერთი შემოსული განცხადება პასუხგაუცემელი არ დარჩება. შექმნილია შესაბამისი ჯგუფი. ამიტომ, იაქტიურეთ, ვისაც გაუუარესდა მიწის ნაკვეთების სტატუსი. ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს“.- განაცხადა კახა კალაძემ.

 

იხილეთ ვრცლად, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის მიერ გაჟღერებული განცხადებები:

კახა კალაძემ მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა: დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი კიდევ 50 მილიონი ლარით იზრდება

გოგებაშვილზე სკამებს დამონტაჟებული აქვს საყვავილეები, ეს არ არის მერიის პროექტი: კალაძე განმარტებას აკეთებს

ტაქსის მძღოლები მძღოლები ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარებიან

გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებელობა გაზაფხულზე დასრულდება

დედაქალაქის მთავრობის სხდომებს ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები