LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეგულაციები მხოლოდ ფურცელზე წერია“… გაუძლებს თუ არა საქართველოს ეკონომიკა მეორე კარანტინს?

199
FORTUNA.GE (54)

საქართველოში ყოველდღიურად იმატებს კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა. დღეს ქვეყანაში რეკორდულად დიდი მაჩვენებელი – 45 დაინფიცირებული ადამიანი დაფიქსირდა.

სულ უფრო ბევრი შიშობს იმაზე, რომ მთავრობამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება და ქვეყანაში კარანტინი მეორედ გამოაცხადოს. რა ვისწავლეთ პირველი კარანტინის შემდეგ და როგორ უნდა მოვიქცეთ მეორე კარანტინის შემთხვევაში და ზოგადად, გაუძლებს კი საქართველოს ეკონომიკა მეორე კარანტინს? 

ამ კითხვებით „ფორტუნამ“ ეკონომიკის ექსპერტ გიორგი აბაშიშვილს მიმართა.

„იმედია, რომ თითოეული ჩვენგანი უფრო მეტი პასუხიმგებლობით მოვიქცევით ისეთი დარტყმა რომ არ მივიღოთ, როგორც ეს იყო პირველი ტალღის შემთხვევაში. კორონავირუსის მომატებული მაჩვენებელი მეტი ყურადღებისკენ გვიბიძგებს. მგონია, რომ პირველი კარანტინის შემთხვევაში შოკი უფრო დიდი იყო. ახლა ბიზნესმა გარკვეული გამოცდილება უკვე მიიღო. თუმცა თავისთავად პანდემიის ძლიერი შემოტევის შემთხვევაში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცემა და ამ კუთხით სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ იქნება“.

 

რა გვასწავლა კარანტინმა

„პირველი ტალღის დროს ძალიან ბევრ ბიზნესს მოუწია დაკეტვა. რაღაც ნაწილი სხვა რეჟიმში გადავიდა, ზოგი საერთოდ გადაიწვა, ანუ ეს გზა უკვე გავლილი აქვს და რაღაც შემთხვევებში უფრო მარტივად შეძლებს შემდგომი შეზღუდვების გადატანას. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა დარგს.

საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე იქნება თუ ეპიდმდგომარეობა უფრო მეტად გაუარესდა.

რა თქმა უნდა, ეს თითოეულ ჩვენგანზე გავლენას მოახდენს და სახელმწიფოს მოუწევს, კომპენსაციებზე უფრო მეტი თანხების დახარჯვა, რომელიც შეჭირვებულ მოსახლეობას დასჭირდება“.

 

გამეორდება, რაც ერთხელ უკვე გავიარეთ და ძალიან არ მოგვეწონა

„კვლავ დაიწყებს მოსახლეობა პროდუქტების მომარაგებას. შეიძლება პანიკა შედარებით ნაკლები იყოს, პირველ შემთხვევაში სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იყო. პროდუქტების მოხმარების კუთხით გარკვეული ტიპის პრაქტიკა კვლავ შეიცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, ეპიდსიტუაციის გართულება ცხოვრებასაც გაართულებს. უბრალოდ, რაღაც ნაწილს შედარებით უფრო ადვილად გავივლით. ცხადია, ყველაფერი მასშტაბებზეა დამოკიდებული და წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია“.

რომელი ქვეყნის მაგალითი იქნება უკეთესი რომ გავითვალისწინოთ. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გამარტივების შემდეგ კვლავ გაამკაცრა რეგულაციები. შვედეთმა საერთოდ არავის მიბაძა, ჩვენ რომელი გზა უნდა ავირჩიოთ?

„მგონია, რომელიმე ქვეყნის ასლის გადმოღება და პირდაპირ გადმოტანა, არ იქნებოდა სწორი. ყოველ შემთხვევაში ფაქტი გვაჩვენებს, რომ რეგულაციები, რომელიც ფურცლებზე გვიწერია, ფაქტობრივად, ასამოქმედებელი და გასამკაცრებელია. მგონია, რომ მეტი დისციპლინა და დისციპლინისკენ მოწოდებაა საჭირო. ფაქტია, რომ ქვეყანაში რეგულაციები ფურცელზე გვიწერია, ბევრი ხედავს, რომ ეს რეგულაციები რეალობაში არ სრულდება.
რეგულაციები არ სრულდება სამარშრუტო ტაქსებში. რეგიონებში უამრავ ჩვენგანს მოუწია გასვლა და ვხედავდით, რომ რეგულაციები სიმბოლურ ხასიათს ატარებს. თუ რეგულაცია გვაქვს, ის უნდა შესრულდეს. თუ ამის კონტროლი არ ხდება, შედეგიც გვაჩვენებს რა ხდება. კორონავირუსით დაინფიცირებულთა მხოლოდ მატება გვაქვს“.


დაჩაგრული აღმოჩნდება კვლავ ის ფენა, რომელსაც ხელფასი ყოველ დღეზე აქვს გადანაწილებული. სად უნდა იყოს გამოსავალი?

„სწორედ აქ არის სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულება. ამ შემთხვევაში რამდენადაც შესაძლებელი იქნება, ბიზნესი საერთოდ არ უნდა გაჩერდეს. მე კარანტინის პერიოდშიც ვამბობდი, რომ სადაც შესაძლებელი იყო ელექტრონული ვაჭრობა, ის ბიზნესი არ უნდა გაჩერებულიყო. ყველაზე მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს ის ადამიანები, ვინც საჭიროებს დახმარებას. მასობრივი დახმარება კი არ უნდა მოხდეს, არამედ დახმარება მიზნობრივ ჯგუფებს უნდა გაეწიოთ. მათი იდენტიფიციერება მარტივი არაა, მაგრამ შესაძლებელია. სჯობს, კონკრეტულმა ჯგუფმა მიიღოს დახმარება, ვიდრე ყველამ. იმისათვის, რომ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს უფრო ჰქონდეს ყველაზე მეტი დახმარება. ანუ სჯობს, 100 ლარი მიიღოს იმან, ვისაც მართლა სჭირდება და რამდენიმე ადამიანზე არ გადანაწილდეს. დახმარება ყველას სჭირდება, უარს არავინ იტყვის, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულება სწორედ ისაა, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები გამოყოს.
მეორე ტალღის შემთხვევაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში მოგროვებული თანხა, სავარაუდოდ, არ გვეყოფა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის თანხა, რომელიც მოგროვდება, სწორ მნიშვნელოვან ჯგუფებზე გადანაწილდეს“.

 

საქართველო, ამ დროისთვის „მწვანე ქვეყნების“ რიცხვშია. მთავრობა ამტკიცებს, რომ თუ ყოველდღიურად 50 დაინფიცირებული იქნება ქვეყანაში, ეს პანიკის საფუძველი ვერ გახდება და ამის გამო კარანტინის კვლავ გამოცხადება არ იქნება აუცილებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები