LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეანიმაციაში მუშაობამ მოთმინება, გამძლეობა და სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა მასწავლა – 29 წლის უმცროსი ექიმის განვლილი გზა და ემოციები

1022
page

თითქმის ორი წელია მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანით ვინც, პირად თუ პროფესიულ გამოცდილებას გვიზიარებდა. მათ შორის, მნიშვნელოვანი რჩევებით  29 წლის უმცროსი ექიმი, ნანა სხილაძე გამოირჩეოდა. დამეთანხმებით, განსაკუთრებულად სასიამოვნოა, როდესაც ადამიანის ვიზუალური მხარე და საქმის პროფესიონალიზმი თანხვედრაშია.

ნანა სხილაძე: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 2011 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც 2017 წლის ივლისში დავასრულე. 2018 წელს ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურაზე ჩავაბარე, რომელსაც ამ წლის ივლისში დავასრულებ და სერტიფიცირებული ექიმი ვიქნები. ვაგრძელებ სწავლას დოქტორანტურაზე და პერიოდულად სხვადასხვა სამედიცინო თემებზე ონლაინ-ლექციებს ვატარებ.

ოჯახზე და ბავშვობაზე მომიყევი..

ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, სადაც დედა, მამა, ორი ძმა და მე ვცხოვრობდით. ჩემს პიროვნულ განვითარებაში მათ განსაკუთრებული როლი ითამაშეს, რადგან როგორიც ახლა ვარ, ხასიათით თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებით, მათი დამსახურებაა. ბავშვობას რაც შეეხება, მარტივი არ იყო, როგორც ყველა ქართველ გოგოს საკმაოდ, მკაცრი ძმები მყავდა.

რა იყო შენ ცხოვრებაში გარდამტეხი?

ცხოვრებაში, ბევრ გარდამტეხ მომენტს გადავეყრებით. შეიძლება შეიცვალოს ჩაცმულობა, წარმოდგენები და შეხედულებები. შემდეგ, ეს ყველაფერი თავის ნამდვილ გზას და მოწოდებას ზუსტად დაგვანახებს. ჩემთვის ასეთი იმ ადამიანების გაცნობა იყო, ვინც სწორი გზა დამანახა და მიმახვედრა სამომავლოდ, რა უნდა მეკეთებინა. ზოგადად, ადამიანები თავისი როლით შემოდიან ჩვენ ცხოვრებაში და გვასწავლიან სიყვარულს, იმედგაცრუებას. ჩვენ კი ამით დიდ გამოცდილებას ვიღებთ.

გაიხსენე ისეთი რამ, რაც ბავშვობაში გააკეთე და ზუსტად იცი რომ აღარ გაიმეორებ?

მგონი, ბავშვობაში ყველა გოგო ერთხელ მაინც თავისით იჭრის თმას, რასაც მერე ძალიან ნანობს. ,,ჩოლკა” შევიჭერი ჩემი ხელით, საშინლად გამოვიყურებოდი და რა თქმა უნდა იმ წამსვე ვინანე.

რა იყო დიდი სირთულე, რაც შენთვის გაკვეთილი აღმოჩნდა?

ჩემს სფეროში თავის დამკვიდრება და სამსახურის დაწყება დიდი სირთულე აღმოჩნდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კლინიკაში ახლობლის გარეშე ვერ დავიწყებდი მუშაობას, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო, რომელიმე ოჯახის წევრი ექიმი ყოფილიყო, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა. ნებისმიერი მონდომებული ადამიანი ნამდვილად მიაღწევს თავისით, მაგრამ ვაღიარებ, ძალიან რთული გზა იყო ბევრი წარუმატებელი და იმედგაცრუებული დღეებით.

როგორ აირჩიე პროფესია.. ხომ არ ნანობ?

რაც თავი მახსოვს, სულ ექიმობა მინდოდა. ბავშვობაში ყველა ექიმობანას თამაშობს. თუმცა, ასაკთან ერთად შეხედულება ეცვლებათ და მრავალ პროფესიასაც ირგებენ. მე მხოლოდ, ამ როლს ვირგებდი და ვამბობდი, რომ მომავალში აუცილებლად ექიმი ვიქნებოდი. საერთოდ არ ვნანობ. ეს ჩემი მოწოდებაა. სხვაგან თავს უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ. ამ პროფესიამ საკუთარი თავის რწმენა მომცა. რეანიმაციაში მუშაობამ ჩემი ფიზიკური და სულიერი სიძლიერის მაქსიმუმი დამანახა, მოთმინება, გამძლეობა და სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა მასწავლა.

გამორჩეული ვიზუალი გაქვს.. როდესაც პაციენტები გხედავენ, როგორი რეაქციები აქვთ?

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, პაციენტები საუბრის ხასიათზე იშვიათად არიან, მაგრამ შეძლებისდაგვარად შევდივარ კონტაქტში და ვცდილობ დავუმეგობრდე. ხშირად, უსვამენ ხოლმე ხაზს რომ ქართველს არ ვგავარ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს კომპლიმენტია. განსაკუთრებით ჩემი გრძელი თმა მოსწონთ, ამას თითქმის ყველა პაციენტი აღნიშნავს.

განსაკუთრებით გააქტიურდი მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსი გავრცელდა. რა იყო შენი მიზანი და რას ურჩევ საზოგადოებას დღევანდელი გადმოსახედიდან?

პანდემიის პირველი ტალღის დროს, დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი და ეს ფაქტი ძალიან მთრგუნავდა. კონკრეტულ მომენტში, სადაც ჩემი თანამშრომლები იდგნენ და იბრძოდნენ არ შემეძლო იქ ყოფნა. შებოჭვის და უუნარობის შეგრძნება მქონდა, თითქოს დიდი განსაცდელი, ყველაზე ახლობელი ადამიანების კისერზე (თანამშრომლებზე) ჩემს გარეშე გადადიოდა. გაგჩენიათ განცდა ოდესმე, რომ დროს ტყუილად ფლანგავთ და ახლა ამ წამს იქ არ უნდა იყოთ, სადაც ხართ?! რა თქმა უნდა ჩვილის ყოლაზე მეტი ბედნიერება და საზრუნავი რა არის, მაგრამ ალბათ ჩემმა სიღრმისეულმა მოწოდებამ, ახალბედა დედობა მაინც გადაწონა. ამიტომ, პანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე კლინიკაში სამუშაოდ გავედი. ყველაზე კრიტიკულ დღეებში, რომელიც ძნელია  ქართველ მოსახლეობას დაავიწყდეს. ხალხისათვის სწავლების თუ უბრალოდ გამხნევების მიზნით მომინდა,  ჩემი დიდი კოლეგებისგან ნასწავლი ცოდნა გამოცდილება და მიდგომა გამეზიარებინა. ყოველდღიურად, ძალიან ბევრი წერილი შემოდიოდა. თითოეული პაციენტის მდგომარეობა მახსოვს. შფოთვამ და შიშმა დღესდღეობით უფრო იკლო. თუმცა, რა თქმა უნდა რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ.

როგორც ვიცი წიგნის გამოშვებას გეგმავ..

აუცილებელია იმ პროფესიაში, სადაც აბიტურიენტს წასვლა და ცხოვრების გაგრძელება უნდა, სირთულეებს დეტალურად იცნობდეს. მაგალითად: რა ელის წარუმატებლობის, შიშის ან უკან დახევის დროს. ჩემი დიდი ინტერესის მიუხედავად, სამედიცინო სფეროზე ინფორმაცია ყოველთვის მაკლდა. გარშემო ექიმი არავინ მყავდა, ვინც დამარიგებდა, როგორ მოვქცეულიყავი. ვინმეს რომ წიგნის სახით გადაეშალა, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების დღიდან დღემდე თავისი ისტორია და გამოცდილება, ახლა შეიძლება ჩემს საქმეში სამი წლით წინ ვყოფილიყავი. პირველივე კურსიდან ჩანაწერების კეთება დავიწყე, სადაც ყოველი ლექციის და გამოცდის სირთულეებს და წინ გადადგმულ ნაბიჯებს აღვწერდი. ასევე, პირველად კლინიკაში შესვლის ემოციას და სირთულეებს ვწერ, როცა არ იცი ამხელა ამბავში როგორ გაების ან ქუჩიდან შესულმა შეშინებულმა სტაჟიორმა თავი როგორ დაიმკვიდრო. არის საინტერესო ისტორიები პაციენტებზე, ექთნებსა და ექიმებზე. პანდემიის ისტორიაც დღევანდელობამდე, რომელიც სამომავლოდ ცუდი სიზმარივით გაგვახსენდება. წიგნი ძალიან მალე იქნება და ამის შესახებ, აუცილებლად გაგაგებინებთ.

რა არის შენი მიზანი?

ჩემი მიზანია, ისეთი საქმე ვაკეთო სამედიცინო კუთხით, რომ გარშემომყოფებს და უცხო ადამიანებს სარგებელი მოვუტანო. ეს ისეთივე ოცნებაა, როგორიც ექიმობა იყო ბავშვობაში და რა თქმა უნდა, ესეც გამოვა.

რას ნიშნავს იყო ლამაზი, ჭკვიანი და წარმატებული ქალი?

ზოგადად, განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ქალად ყოფნა ძალიან ძნელია, სადაც ჯერ კიდევ ქალს სწავლის და მუშაობის უფლება არ აქვს იმიტომ, რომ მამამ ან ქმარმა ასე გადაუწყვიტა. თუ თავდაჯერებული და ჭკვიანი ხარ, თან ლამაზი, შეიძლება ბევრი ტალახი მოგხვდეს. თუ სიტყვა პასუხი არ გეშლება, ფემინისტი ხარ. თუმცა,  ამ სიტყვის მნიშვნელობა ნახევარზე მეტმა არც კი იცის. ყველა იმ გოგოს ვინც, რაიმე კუთხით იჩაგრება და ჰგონია, რომ არ არის საკმარისად ძლიერი, ვეტყვი, რომ აუცილებლად შეეწინააღმდეგოს. ,,იპოვეთ ძალა იცხოვროთ ისე, რომ მომავალში დღევანდელი უმოქმედობა არ ინანოთ. თქვენ ძლიერები ხართ და ყველაფერი გამოგივათ”!

რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი თავის ძიებაში არიან?

მთავარია, ცხოვრების მიზანი იპოვოთ. გაიგოთ, რა გსურთ. აუცილებელია, გიყვარდეთ საქმე. სხვა შემთხვევაში, წარმატებას ვერასოდეს მიაღწევთ. არ დაემორჩილოთ პირადი სივრცისა და შეხედულებების შეზღუდვას. საზოგადოებას თქვენი თავი ისეთი მიაღებინეთ, როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოთ. ჩემი ცხოვრების მიზანი ოთახში გავაკარი ფურცელზე ჩამოწერილი და ყოველ საღამოს საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ახდებოდა. ასეც მოხდა! დაწერეთ გეგმები. თუნდაც შეუძლებელი მოგეჩვენოთ. ხშირად იმეორეთ, რომ ამას შეძლებთ და აუცილებლად ყველაფერი გამოვა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები