„ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ წამოწყებული მასშტაბური საპროტესტო ტალღიდან, ზუსტად 130 დღე გავიდა. ამ ფონზე კი, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია რა სამუშაოებს ჩაატარებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი თურქული კომპანია – „ენკა რინიუებლზ“ რიონის ხეობაში და მითუფრო მაშინ, როდესაც ჰესების მშენებლობისთვის ჩასატარებელ თუ ჩატარებულ აუცილებელ კვლევებზე პასუხი ამ დრომდე ვერ მოვისმინეთ. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, როგორც კომპანია “ენკა”, ისე ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარებს არ აკეთებს, რაც ამ საკითხის ირგვლივ კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობასა და ბუნდოვანებას ქმნის.

 

პროტესტის 130-ე დღე – რას გვეუბნება სახელმწიფო

 

დღეს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ნამახვანჰესის” ირგვლივ შექმნილ პროტესტს გამოეხმაურა და შესაბამისი დარგის მინისტრებს რიონის ხეობაში ჩასვლა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია დაავალა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნულ თემაზე საპარლამენტო მოსმენები გაიმართოს, სადაც ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული და მწვავე კითხვებს პასუხები გაეცემა.

“ბუნებრივია, კითხვები არსებობს და  რა თქმა უნდა, ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს. ვფიქრობ აუცილებელია, მოსახლეობაში გაჩენილ ამ კითხვებს პასუხი, უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს, ამიტომ მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავასა და ბატონ დავითაშვილს – პირადად ჩახვიდეთ ადგილზე, მაგალითად ხვალ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდიმაზე.

ყველა მწვავე კითხვას ადეკვატური, დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს – პრემიერი “ნამახვანჰესის” ირგვლივ შექმნილ პროტესტს ეხმაურება

“ნამახვანჰესზე” დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ნამახვანი“ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაა და პოსტპანდემიურ პერიოდში ასეთ მეგაპროექტებს ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ. ეკონომიკის მინისტრმა ისიც დაამატა, რომ “ნამახვანიჰესის” პროექტთან დაკავშირებით სამშენებლო ნებართვა ყველა წესის დაცვით გაიცა, მისი გადამოწმება ეტაპობრივად ხდება და შესაბამისად, პროექტის უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ექცევა.

გუშინ კი ამ თემაზე განცხადება, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემაც გააკეთა. დეპუტატმა თქვა, რომ ეკონომიკაში „ნამახვანჰესის“ წილი ძალიან დიდი იქნება და ენერგოდამოუკიდებლობაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, თუმცა  ისიც დასძინა, რომ კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

 

 

„ადამიანის ნებისმიერი ქმედება, თუ ცხოვრობს და ეკონომიკას ავითარებს, გარემოსთვის ზიანის მიყენებასთანაა დაკავშირებული. აქ მთავარია ხარჯთსარგებლიანობა და კომპონენტები იყოს შედარებული – თუ რა სარგებელს იძლევა ის ტერიტორია, ბუნებრივი ლანდშაფტი იმასთან შედარებით, რა სარგებლობას მოგვცემს განაშენიანება თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი. ჩვენ ვერც ერთ გზას ვერ გავიყვანთ, ვერც ერთ შენობას ვერ ავაშენებთ გარემოს ზიანი რომ არ მივაყენოთ. უბრალოდ აქ განსასაზღვრია შედარება და კომპენსირების მეთოდები,“ – განაცხადა ბითაძემ და დასძინა, რომ პარლამენტში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხის ფართო ფორმატში განხილვა იგეგმება.

 

სამოქალაქო საზოგადოება პასუხების მოლოდინში

 

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“  ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი, ამასთანავე ადგილობრივი, ვარლამ გოლეთაინი „ფორტუნასთან“ გარემოსდაცვითი მიმართულებით მთელი რიგი საკითხების საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხეობაში ფუნდამენტური კვლევები არ ჩატარებულა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გეოლოგია, სეისმოლოგია, ჰიდროლოგია და ა.შ, რომელიც ამ რეგიონში კაშხლის მშენებლობისთვისაა აუცილებელი.

სამოქალაქო აქტივისტი პროტესტის ძირითად ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანია „ენკა“-ს შორის დადებული ხელშეკრულება კაპიტულანტური დოკუმენტია, რომლის მიზანიც ახლაც გაურკვეველია.

„ამ ხელშეკრულებაში არ არსებობს არც ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოსა და მოქალაქეს რაიმე სარგებელს მისცემს. პირიქით, ესაა ზიანის მომტანი დოკუმენტი და უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ სახელმწიფოებრივ ღალატს აქვს ადგილი,“- გვითხრა ვარლამ გოლეთიანმა.

შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა და შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი – სამოქალაქო ინიციატივა „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის” პარლამენტს მიმართავს

 

რას ამბობს კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება

 

სამოქალაქო ატივისტი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დეტალები ბევრ რამეზე მეტყველებს და პრობლემის ნათლად დასანახად, მისივე სიტყვებით, სულაც არ არის საჭირო რომელიმე მხარეს წარმოადგენდე.

„ხელისუფლების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ეს ჰესი ენერგოდამოუკიდებლობისთვისაა მნიშვნელოვანი, აბსოლუტური ტყუილია. ხელისუფლება 15 წლიან ვალდებულებას იღებს, რომ ენერგია თურქული კომპანიისგან უფრო ძვირად იყიდოს, (ესაა 6,2 ცენტი წლიური საპროცენტო ზრდით) ხოლო 15 წლის შემდეგ, კომპანია სახელმწიფოსთან ყველანაირ ვალდებულებას იხსნის. ანუ, ის გადადის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში, რაც ნიშნავს, რომ ამ კომპანიას შეუძლია 1 კილოვატი ელექტროენერგიაც კი აღარ მიჰყიდოს სახელმწიფოს.

„ანუ, მას უკვე შეეძლება ელექტროენერგია სხვას მიჰყიდოს და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება 1400 მეგავატის გადამცემი ხაზები თურქეთსა და საქართველოს შორის ააშენოს. გარდა ამისა, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ყველანაირი მოპოვებითი სამუშაოების წარმოების უფლება ეძლევა, რაც ნიშნავს, რომ თუკი ამ ტერიტორიაზე რაიმეს მოპოვება იქნება შესაძლებელი, კომპანიას შეეძლება ულიცენზიოდ, საკუთარი მიზნებისთვის განკარგვისთვის გამოიყენოს,“ – უთხრა „ფორტუნას“ გოლეთიანმა.

 

დასაქმების პერსპექტივა თუ კომპანიის კომერციული მიზნები

 

სამოქალაქო აქტივისტი არადამაჯერებელს უწოდებს აზრს იმის თაობაზე, რომ კომპანია „ენკა“ ჰესის მშენებლობის დროს, ადგილობრივების დასაქმებას ხელს შეუწყობს. მისი შეფასებით, ეს საკითხი ბუნდოვანია, რადგან ყველაფერს კომერციული ინტერესი განსაზღვრავს.

 

 

„თუკი კომპანიას სურვილი გაუჩნდება მუშა ხელი კომერციული მიზნებისთვის ჩამოიყვანოს, მას ამის შესაძლებლობა შეუზღუდავად ექნება. გარდა ამისა, ადგილობრივებს დასაქმება იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუკი ისინი კვალიფიციური მუშა ხელი იქნებიან, სხვა შემთხვევაში კომპანია ვალდებულებას არ იღებს, რომ ადგილობრივები გადაამზადოს. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ცარიელი სიტყვებია,“ – დასძენს ვარლამ გოლეთიანი.

„ნამახვანიჰესის“ პროექტი საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს

 

სახელმწიფოს ბიუჯეტით დაზღვეული 800 მილიონიანი ინვესტიცია

 

სამოქალაქო აქტივისტი იმასაც გვეუბნება, რომ ნებისმიერი ტიპის რისკები კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტით აქვს დაზღვეული – იქნება ეს ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული რისკები, ომი, პოლიტიკური პროცესები თუ სხვა. ამის შესახებ ხელშეკრულებაშიც ცალსახადაა ნათქვამი.

„შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს ნებისმიერი რისკები ბიუჯეტიდან უზრუნველყოს, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა. გამოდის, რომ ეს კომპანია ადგილობრივი ფეოდალის როლში გვევლინება – რასაც უნდა იმას გააკეთებს და მოსთხოვს სახელმწიფოს.

ახლა იმასაც ამბობენ, რომ თურმე კოვიდის პირობებში 800 მილიონიანი ინვესტიცია მნიშვნელოვანია და თურმე ეს ყველაფერი საპირწონედ უნდა იყოს მიჩნეული. 800 მილიონი ჩვენთან სუფთა ინვესტიციის სახით არ შემოდის. მაგალითისთვის ფაქტს მოვიყვან: დავუშვათ მშენებლობისთვის დაგვჭირდა ე.წ ტურბინა, სად უნდა ვიყიდოთ ის? რა თქმა უნდა, სხვა ქვეყანაში, რადგან ტურბინას ჩვენ არ ვაწარმოებთ. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მთელი რიგი საკითხებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტიციები გარეთაც უნდა გავიდეს,“ – აღნიშნავს იგი.

“ნამახვანჰესის” ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები კერძო კომპანიის სასარგებლოდაა დათმობილი: EMC

 

რისკები და საფრთხეები

 

ადგილობრივი ყურადღებას ჩასატარებელ კვლევებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ამ არეალში ძალიან ბევრი მეწყრული ზონაა, რაც მშენებლობის შემთხვევაში, მოსახლეობას უზარმაზარი საფრთხის – დატბორვის საშიშროების წინაშე დააყენებს.

„პირადად მე, ტვიშიდან ვარ, ყოველ დღე მოსახლეობასთან ერთად ვდგავარ ადგილზე, არც ერთხელ მინახავს, ვინმეს საველე სამუშაო ჩაეტაარებინოს ან რაიმე ტიპის კვლევა ეწარმოებინოს, თუ კომუნისტების დროინდელ სინჯებისთვის ჩასატარებელ გეოლოგიურ სამუშაოებს არ ჩავთვლით, რომელიც მაშინვე დაიბლოკა, რადგან არ შეიძლებოდა ამ ტერიტორიაზე მშენებლობა.

გარდა ამისა, თვალითაც ნათელია, რომ ამ არეალში ძალიან ბევრი მეწყრული ზონებია, რაც მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. აქ არის კასტური მღვიმეები, რომელიც შესწავლილი არაა და პირდაპირ შეტბორების არეალში ყვებიან.

 

 

ეს გახლავთ ხვამლის მთის ქვეშ შემავალი მღვიმეები, რომლის შესწავლაც არ მომხდარა და შესაბამისად, ინფორმაციაც არ გვაქვს. აქ არის ასევე ტვიშის მიკროზონა, რომელიც ასევე შეუსწავლელია. გარდა ამისა, ეს უნიკალური მიკროზონაა და მისი პირდაპირი გზით ხელყოფა ხდება,“ – განუცხადა „ფორტუნას“ გოლეთიანმა და დაამატა, რომ თუკი მთავრობა სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ადგილობრივები პროტესტის ნიშნად რიონის ხეობის პიკეტირებას გეგმავენ.

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

 

კადრებზე ასახული „ნამახვანჰესი“

 

კინოდოკუმენტალისტი, რეზო შალიბაშვილი, რომელიც ხეობის შესახებ გადაღებული არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორია, რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიყო, როდესაც ენერგეტიკოსმა, ლევან ასათიანმა, რუსეთიდან საკავშირო კომისიის ჩამოსვლა უზრუნველყო.

შალიბაშვილი გვიყვება, რომ როგორც კი კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, მაშინვე უარყოფითი დასკვნა დადო, ხოლო ჰესის მშენებლობის მოსურნეებს უთხრა, რომ თუ ჰესს ააშენებდნენ, პასუხისმგბლობა მათ დაეკისრებოდათ.

„პასუხისმგებლობა მაშინ ქონების კონფისკაცია ან დახვრეტა იყო, თუმცა გარდა ამისა, იმდენად უსუსური პროექტი იყო, რომ მშენებლობა შეწყდა,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ საუბრისას შალიბაშვილი.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, კინოდოკუმენტალისტი მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საფრთხე შეიქმნება. მისი აზრით, ეს კაშხლები მხოლოდ რიონის ხეობას კი არა, მის შემოგარენს დატბორვისა და მეწყერების საშიშროების წინაშე დააყენებს.

„რასაკვირველია ჰესს ვერ ააშენებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე რამდენიმე საფრთხესთან – მეწყერთან გვაქვს. ესაა: ბენთქოულას, მექვენას, ორხვისა და ვერჩის მეწყერები. ვერჩის მეწყერი შესულია ალექსანდრე ჯანელიძის წიგნში, რომელიც ქართული გეოლოგიური სკოლის ფუძემდებელია. ამათ შორის, ყველაზე უზარმაზარი ვერჩის მეწყერია, რომელიც ცოცვით რიონის ხეობაში მიდის. გარდა ამისა, ყველა მეწყერის რიონის ხეობაში და მის შენაკადებში ჩადის და ეს ცხადია, უდიდეს საფრთხეს წარმოდგენს,“ – გვეუბნება შალიბაშვილი.

 

კვლევები და არარსებული დასკვნა

 

„არ არსებობს გეოლოგოგიური, არქეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა, არაფერი ჩატარებულა. სახელმწიფოს საამისო დასკვნა არ გააჩნია. იქ გეოლოგი და სპეციალისტი არ ასულა, რომ სიტუაცია შეესწავლა. სადაც კი ქვეყნის სილამაზის თვითმყოფადობაა, ყველგან მის ხელყოფას ცდილობენ,“ – ამბობს რეზო შალიბაშვილი.

მისივე თქმით, გარდა ამისა, რიონის ხეობის მახლობლად, ხვამლის მთისკენ კასტური მასივებია, რაც ასევე დამატებით რისკებს ქმნის.

„საერთოდაც კასტი ლოპოტადან იწყება, მისი სიმძლავრე 50 მეტრია და მიდის გაგრის ქედამდე, სადაც სიმძლავრე 2000 მეტრზე მეტია, ეს ერთი სისტემაა – კასტური ნაწილი,“ – აღნიშნავს რევაზ შალიბაშვილი და ყურადღებას შესაძლო შედეგებზე ამახვილებს.

„კასტურ მასივში ძარღვები არსებობს, რომელიც კაცმა არ იცის უკავშირდება, შესაბამისად, თუ მისი შესწავლა არ მოხდა,  წყალი ამ კასტებში შეაღწევს და თავისთავად, სად რას მოწყვეტს არავინ იცის. გარდა ამისა, რას დაარტყამს ესეც არავინ იცის, შესაძლოა წყალტუბოს რადონულ წყლებს დაატყას და შესაბამისად, ეს მსოფლიოში უნიკალური წყალიც აღარ გვექნება,“ – ამბობს რეზო შალიბაშვილი.

 

დატბორვის საშიშროების წინაშე მდგარი მოსახლეობა

 

კინოდოკუმენტალისტი მიიჩნევს, რომ კაშხლების მშენებლობის შემთვევაში, დატბორვის საშიშროების წინაშე ძალიან დიდი ტერიტორიაა, რაშიც მეწყრული და კასტრული ზონებიც ხვდება, რაც მისი თქმით, ძალიან საშიშია.

 

„რა ზიანს აყენებს ადგილობრივ სოფლის მეურნეობას, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. ტენი რომ მოიმატებს ზიანს არამხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ ჯანმრთელობასაც მიაყენებს. ხვამლის მთა ცხენისწყლისა და რიონის ხეობას შორის მიკროკლიმატის შემქმნელია, აქ ტენიანობა კიდევ უფრო მოიმატებს, ეს კი ნიშნავს, რომ წყალტუბოს აუცილებლად დაარტყამს,“- აღნიშნავს იგი.

რეზო შალიბაშვილის თქმით, ასევე დატბორვის საშიშროების წინაშე დადგება ქუთაისიც. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ჰესი დაირღვა ან რომელიმე მეწყერი ამ უზარმაზარ დაგუბებაში ჩამოწვა, რამაც შესაძლოა შემდეგ ძალიან დიდი ტალღა წარმოქმნას.

„ეს ყველაფერი შესწავლილი არ გახლავთ, შესწავლას წლები სჭირდება, აქ კი, ყველაფერი უცებაა გადაწყვეტილი. ამათ შესწავლა არ სჭირდებათ, შესწავლა მხოლოდ იმისი უნდათ, რა მოგებას ნახავენ ამ ყველაფრიდან. წარმოიდგინეთ, კონკრეტულად, „ნამახვანის“ შემთხვევაში ისეთი ხელშეკრულებაა, რომელიც ამბობს, რომ თუ ხეობაში წყალი არ იქნა, ინვესტორს ფული მოსახლეობამ, მიღებული ელექტროენერგიიდან უნდა ვუხადოთ. ანუ, გამოდის, რომ რაც უნდა გამოეუმუშავებინათ და ვერ გამოიმუშავეს, იმაში ფული ადგილობრივებმა უნდა იხადონ,“ – დასძენს შალიბაშვილი.

გიორგი მარგებაძე: „რომელ სამყაროში და რომელი გრავიტაციული კანონების მიხედვით შეიძლება ნამახვანი იყოს ქუთაისისთვის საშიში, როდესაც იმ სამყაროში, რომელშიც მე ვცხოვრობ, არასდროს დანგრეულა მსგავსი ნაგებობა?“

 

2000 ადგილობრივი დასაქმების მოლოდინში

 

„ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა 2000 ადამიანს დაასაქმებს, რაც საქართველოსთვის და ხეობისთვის ბედნიერება იქნება. თქვენს მკითხველსა და მსმენელს ცნობისთვის ვეტყვი, რომ ამავე ტერიტორიაზე ხილის საკონსერვო ქარხანა, ამბულატორია, სამშობიარო, მესაქონლეობის ფერმები, მემარცვლეობა და ბევრი სხვა რამ არსებობდა, ეს ყველაფერი აღარ არსებობს,“ – ამბობს შალიბაშვილი და ამატებს, რომ კაშხლების მშენებლობის მიზანია მოსახლეობა ხეობიდან წავიდეს და ტერიტორიას უცხოელი დაეპატრონოს.

მისი თქმით, გარდა ამ საფრთხეებისა, ხეობასთან ახლოს ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რაც ასევე განადგურების რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

„უამრავი ტაძარი, სალოცავი და ციხესიმაგრეა, რომელიც ასევე საფრთხის წინაშე დგება. ბუნება ხომ საერთოდ უნიკალურია – ესაა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მხარე, როგორ შეიძლება მას შევეხოთ. მოვისმინეთ მთავრობის წევრების განცხადებებიც, რომ გამომუშავებულ ენერგიას თურქეთში გაიტანენ და ესეიგი გამოდის, რომ ჩვენთან ანგრევენ და სხვას აშენებენ, ეს სწორი არაა,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ საუბრისას შალიბაშვილი და დასძენს, რომ თუკი ხელისუფლება მოსახლეობის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, სამოქალაქო საზოგადოება გაცილებით მასშტაბურ აქციებს გამართავს.

 

პროტესტი გაგრძელდება!

 

„ხელისუფლებას 2 კვირიანი ვადა მიეცა იმისთვის, რომ კომპანია ენკა ტერიტორიიდან გაიყვანოს, სხვა შემთხვევაში კი მოხდება ტერიტორიის პიკეტირება. დავაყენებთ გარშემო მანქანებს და დავტოვებთ ასე. წარმოგიდგენიათ, ეს მშენებლობა პოლიციის ჯარების თანდასწრებით მიმდინარეობს, ასეთი თავდადება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის რომ გამოევლინათ, უკვე გამთლიანებულ სამშობლოს მივიღებდით. ესაა თურქული ექსპანსია საქართველოში. მართალია მთავრობის წევრები ამას არ ამბობენ, მაგრამ ქმედებით ამტკიცებენ, რომ ესაა თურქული ექსპანსია,“ – მიიჩნევს კინოდოკუმენტალისტი.

 

რას ამბობენ გარემოსდამცველები

 

რაც შეეხება გარემოს დამცველებს, სპეციალისტის აზრის მოსასმენად, „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს დავუკავშირდით. გარემოსდამცველი ჩვენთან საუბრისას იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც “ნამახვანჰესის” მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა რიონის ხეობას შეექმნას.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი რისკი კლიმატთან, წყლის ოდენობასთან დაკავშირებული საფრთხეებია. გარემოსდამცველ გვეუბნება, რომ გარდა ამისა, საკითხი გეოლოგიურ რისკებზეც დგას, რომელიც ადგილზეა. ჩხობაძე  ამბობს, რომ ჰესის მშენებლობისთვის განკუთვნილ არეალში რამდენიმე მეწყრული ზონა.

„ასევე აღსანიშნავია, რომ გაცემული პირობების მიხედვით, ოპერირების სისტემების დაყენება ახლა უნდა უზრუნველყონ, რაც ნიშნავს, რომ უნდა დაყენდეს გაფრთხილების სპეციალური სისტემა, რომელიც მეწყერების დაძვრის აჩვენებს, ეს კი გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. თუკი აფეთქებების შემდეგ მეწყერი დაიძრა, ამის შესახებ ინფორმაცია იმ წუთასვე უნდა იყოს და შესაბამისი რეაგირებაც მოხდეს.

„მით უფრო, რომ სადრელაციო არხი, რომელიც უნდა გაიყვანონ, რეალურად მეწყერზე გადის, რომელიც ნახევრადსტაბილიზებულია. იქ რამდენიმე მეწყრული, გრავიტაციული კერაა, დაახლოებით 12-ამდე კერაა, რომელიც იმ არეალშია მოქცეული, სადაც ჰესის ასაშენებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს,“ – აღნიშნავს ჩხობაძე და ამატებს, რომ მთავარი აქცენტი მაინც კლიმატზეა, რა იქნება კლიმატის ზემოქმედება თვითონ კაშხალზე.

 

არარსებული კვლევები და გასააზრებელი რისკები

„ეს ნაწილი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, თუნდაც იმ დოკუმენტაციიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. აქ ემატება სეისმიკა, შენობის მდგრადობა და ა.შ. ბევრი რისკ-ფაქტორია, რომლის შეფასებაც სრულფასოვნად გაკეთებული არაა,“- დასძენს ნინო ჩხობაძე.

მისი თქმით, ზემოაღნიშნული კითხვებიდან გამომდინარე, პრობლემები სერიოზულად გასააზრებელია, რისი მზაობაც ჯერჯერობით არც სახელმწიფოს მხრიდან და არც კომპანიის მხრიდან ჩანს. გარდა ამისა, გარემოსდამცველი ამბობს, რომ ბუნდოვანია კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიც, რაც რეალურად ამ დრომდე შესრულებული არაა.

„პრობლემურია ის პირობები, რაც მშენებლობამდე უნდა გაკეთებულიყო და შესაბამისად, ისევ კითხვის ნიშნები და ისევ გაურკვევლობაა, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მშენებლობას ასეთი რისკის ქვეშ არსებულ გარემოში ვგეგმავთ. მაგალითად, გაურკვეველია სადრენაჟო წლები, გაურკვეველია როგორ მოხდება კაშხლის აშენება, რა სიმძლავრითა და მდგრადობით, საკმაოდ ბევრი კითხვაა.

ამას ემატება შენობის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც შეფასებული არაა და სრულიად შესაძლებელია სხვა საქმიანობა უფრო მომგებიანი იყოს. ამდენად, კითხვები მუდმივად ჩნდება, თუმცა პასუხები არ გვაქვს,“- ამბობს ჩხობაძე.

 

რა შეიძლება გამოიწვიოს კვლევის გარეშე ჩატარებულმა სამუშაოებმა

 

მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას, გარემოსდამცველი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიამ  კვლევები მშენებლობის სამუშაოების პარალელურად კი არა, მანამდე ჩაატაროს, რაც რეალურად არ ხდება და დამატებით რისკებს აჩენს.

„ეს ზონა აბსოლუტურად კირქვიანია და უფრო კასტური წარმოშობითაა დამახასიათებელი, შესაბამისად, კომპანიამ კვლევები პარალელურად კი არ უნდა აწარმოოს, არამედ მანამ უნდა გააკეთოს, სანამ მშენებლობას დაიწყებს. როდესაც ჩვენ კაშხლის მდგრადობას ვითხოვთ, ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ  ფინანსური მობილიზებაშიც ძალისხმევა უნდა ჩაიდოს, რადგან შემდეგ უნდა დავითვალოთ გვიღირს ეს პროექტი ეკონომიკური თვალსაზრისით თუ არა,“ – აღნიშნავს ჩხობაძე.

 

ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივა და ალტერნატიული გზები

 

გარემოსდამცველი ენერგოდამოუკიდებლობასა და ჰიდროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკა  განვითარდეს, თუმცა, ჩხობაძე განმარტავს, რომ საამისოდ არსებობს სხვა მიდგომებიც, რაც ასევე განვითარებას საჭიროებს.

„პოტენციალი არსებობს თუნდაც უკვე აშენებულ ჰიდროელექტროსადგურებში, თუ მათი რეაბილიტაცია მოხდება. ასეთ შემთხვევაში უფრო სწრაფად მივიღებთ იმ დამატებითი გენერაციის საშუალებას, ისე რომ ხელუხლებელ ლანდშაფტს არ შევეხებით.

„2 წლის წინ კვლევა ჩავატარეთ, სპეციალისტებთან ერთად 6 სადგური გავაანალიზეთ და შედეგად მივიღეთ, რომ თუ არსებულ სადგურებზე თანამედროვე დანადგარები დაყენდება, მოხდება წყალსაცავების გაწმენდა და ა.შ, ეს უფრო მეტი გენერაციის პოტენციალს მოგვცემს. ამ შემთხვევაში, თითოეული ძველი კაშხლიდან გენერაცია 20%-ით მატულობს.

ამას ემატება ისიც, რომ თუკი სადგურების რეკონსტრუქცია მოხდება და იქ უკვე კომბინირებულად მზეც ჩავრთეთ, ასევე სხვა საშუალებები, ამ შემთხვევაში გენერაცია უფრო მეტადაა შესაძლებელი,“ – გვეუბნება გარემოსდამცველი და ამატებს, რომ  ასეთი პროექტები დღეს ევროპაშიც ხორციელდება და ჰიდროენერგეტიკის ინოვაციურ განვითარებად ითვლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩხობაძის თქმით, კლიმატის ცვლილების ფონზე, ეს ერთ-ერთი საუკეთო გამოსავალია.

 

გარემოსდამცველების მიმართვა სახელმწიფოს

 

გარემოსდამცველი მიიჩნევს, რომ რიონის სააუზო მართვის გეგმის გარეშე, ჰესის მშენებლობა არ შეიძლება. ამ მოთხოვნით „მწვანეთა მოძრაობამ“ ხელისუფლებას წერილობით უკვე მიმართა.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია დამატებით შეფასდეს კლიმატი, რადგან კლიმატმა უკვე სხვა გარემოებები დადო. მაგალითად – რა მდგომარეობაშა მყინვარები და ის აკუმულირებული მტკნარი წყლის მარაგები, რომელიც გვაქვს.

„ჩვენი მონაცემებით, 1/3 მყინვარების ფართობი შემცირებულია. ჩვენ არ ვიცით როდის შეწყვეტს მყინვარი წყლის გაცემას. 90-იან წლებში გაკეთებული ანგარიშების თანახმად, ზუსტად ამ ხეობაში რიონის წყალი იკარგება და მიწის ქვეშ ჩადის. ანუ, სერიოზული კასტური გამოვლინებებია და შესაბამისად, ეს შესასწავლი, შესაფასებელია,“ – ამბობს ჩხობაძე.

კითხვაზე – რამდენად რეალურია მოსაზრება  გრავიტაციის საფრთხეების შესახებ, გარემოსდამცველი ასე პასუხობს:

„გრავიტაციული საფრთხე არის იმ შემთხვევაში, თუ კაშხლის ხემამდე 2-მეტრამდე რჩება, ხოლო თუ ამ დროს მეწყერები განვითარდა, ამან შესაძლოა ტალღის მაგვარად გადაფაროს. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ცუდი სცენარიც კი გათვლილი უნდა იყოს,“ – დასძენს გარემოსდამცველი.

 

 

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები