საქორწინო კონტრაქტების რაოდენობა, როგორც გავარკვიეთ, წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, დავინტერესდით, როგორ, რა პირობებით იდება ასეთი ტიპის კონტრაქტები და რას ურჩევენ იურისტები მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს. გადაცემის სტუმარია დავით გელაშვილი, იურიდიული კომპანია „ბიდიო ლეგალის“ პარტნიორი, დამფუძნებელი.

– დავიწყოთ იმით, რამდენად ხშირია საქორწინო კონტრაქტები, წინა წლებს რომ შევადაროთ, არის თუ არა ზრდა წლიდან წლამდე?

– საქორწინო კონტრაქტების საკითხი აქტუალურია, როგორც ჩანს. ინტერესი დიდია, თუმცა პრაქტიკაში ისეთი გავრცელებული არ არის. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფაქტია, ეს ინსტიტუტი ფეხს იკიდებს. მაგ. 2010 წელს თუ მხოლოდ 7 ასეთი კონტრაქტი იყო, წლიდან წლამდე იზრდებოდა, 2015-2018 წლებში კი წელიწადში საშუალოდ 50 ასეთი კონტრაქტი იდება. ადრე კერძო საკუთრების საკითხები სხვანაირად იყო დარეგულირებული, ამიტომ კანონმდებლობაში ეს ცნება გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. გარდა ამისა, აქ არის ფსიქოლოგიური საკითხებიც. ასეთი ჩვევა, ასეთი მიდგომა ტრადიციულად არ არსებობდა.

– საქორწინო კონტრაქტი სტანდარტული სახით არის თუ მე ვეუბნები იურიტს, რა ჩაწეროს და რა არა?

– ჯერ ვთქვათ შინაარსზე. ხშირია ყვითელ პრესაში ისეთი ქეისები, რომ სადღაც შეთანხმდნენ, რომ პირობითად ყოველ დილით მეუღლისთვის ყავა მიერთმია, ან დაბადების დღეზე – აუცილებლად თაიგული და ა.შ. ჩვენი საქორწინო კონტრაქტი არ მოიცავს ასეთ საკითხებს. უფრო ქონებრივ საკითხებს ეხება.

– მაგრამ რომ მოუნდეს ვინმეს, არ შეიძლება ჩაწეროს ? პირობითად , მეუღლემ ყავა მომიტანოს ყოველ დილით

– ჩვენი ნება-სურვილით ცოტა გაგვიჭირდება საქორწინო კონტრაქტში ასეთი საკითხების შეტანა. ნოტარიუსი იღებს პასუხისმგებლობას შინაარსზე და თუ ის ჩათვლის, რომ კანონით გათვალისწინებულ შინაარსს არ მოიცავს მოთხოვნა, არ ჩაწერს. ბევრი დეტალი განსჯის საგანია და ეს კონკრეტულმა ნოტარიუსმა უნდა გადაწყვიტოს. ისევ შინაარსს რომ დავუბრუნდეთ, საქორწინო კონტრაქტით ვერ შეცვლი ისეთ საკითხებს, ისეთ ვალდებულებებს, რომელიც მეუღლეთა ურთიერთრჩენას, მშობლების მოვალეობებს, მათ შორის ალიმენტის გადახდის საკითხს – ამას კონტრაქტით ვერ შეცვლი.

– ქონების ნაწილს რაც ეხება, უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა ხდება, როცა ცალ-ცალკეა ქონება შეძენილი, ან თანაცხოვრებისას

– პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ საქორწინო კონტრაქტი ძალაში შედის მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ. ჩვენ ვიცით ზოგადი წესი, რომ თანაცხოვრებისას შეძენილი ქონება იყოფა თანარად – ზოგადი დათქმა ასეთია. თუმცა კონტრაქტით შეიძლება შეცვალონ ეს დათქმა ან სხვა საკითხები.

– თუ ერთად ვიყიდეთ ქონება, შეიძლება მერე თანაბრად კი არ გაიყოს, სადავო გახდეს. მაგ. მე ვიხდიდი სესხს და ამის გამო ერთად შეძენილი ქონება მხოლოდ მე მეკუთვნის…

– კანონი ამბობს, რომ ქონება თანაბრად იყოფა. ქონება მხოლოდ აქტივებს არ მოიცავს, მათ შორისაა ვალდებულებებიც. თუ 23-25 წლის ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, კონტრაქტის საკითხი სულ სხვანაირი იქნება, თუ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებაც შეიძლება გამოიარეს პირველი ქორწინება, აქვთ გარკვეული მატერიალური აქტივი, ან უკვე ჰყავთ შვილები, მათი ხედვა ბევრად უფრო განსხვავებულია. საქორწინო კონტრაქტი კარგად იმუშავებს, როცა ადამიანებს ბიზნესი აქვთ. ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და მასზე ცუდად აისახება ქონებრივი დავა. ასეთ დროს, ამ საკითხების კონტრაქტით დარეგულირება კარგი იქნება.

– თუ ბიზნესი მქონდა ქორწინებამდე, მაგრამ შემდეგ მან გარკვეული წვლილი შეიტანა განვითარებაში – რა ხდება ასეთ დროს?

– უნდა შეფასდეს რამდენით გაიზარდა ამ ბიზნესის ღირებულება და ისე უნდა გადაწყდეს. ბევრი ნიუანსი ახდენს გავლენას. ჩვენ გვქონია რამდენიმე ქეისი, როცა წყვილებს დავეხმარეთ მაშინ, უკვე განქორწინების პროცესში რომ იყვნენ. ამ ადამიანებს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდათ. არ გახადეს სადავო. საუბარი იყო მნიშვნელოვან და დიდი რაოდენობის აქტივებზე. გაირკვა, რომ ბიზნესში, რომელიც მეუღლის იყო, ვინც ძირითად დამფინანსებელი იყო, არაფორმალურად დიდი წვლილი ჰქონდა ქალბატონის მამას. შესაბამისად, ეს გაითვალისწინეს მხარეებმა და ისე მორიგდნენ. პირველ რიგში მათი ქონებრივი მდგომარეობა უნდა შეაფასონ და დაიცვან. ეს უნდა მოხდეს პროფესიონალი იურისტების მეშვეობით. თითოეულმა უნდა გაიაროს კონსულტაციები, რა მოჰყევბა საქორწინო კონტრაქტს, სად უნდა იცხოვროს თითოეულმა, რომელი სახლი იქნება მისი, რა შემოსავალი შეიძლება ჰქონდეს, ასევე შეიძლება განისაზღვროს წინასწარ , კონტრაქტით, საოჯახო ბიუჯეტში მონაწილეობის პრინციპები, ვინ რა ხარჯებს აიღებს თავის თავზე და ა.შ.

მსგავსი თემები