LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ისაუბრა გახარიამ უკრაინაში რუსულად?

164
pjimage-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გახარიამ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს რუსულ ენაზე ისაუბრა, რასაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა და გაღიზიანება მოჰყვა.

აღნიშნულ ფაქტზე განამარტება პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი განცხადებით, სუამ-ის სამუშაო ენა რუსულია. ჩიქოვანი, რომელიც გახარიასთან ერთად კიევში იმყოფება, აცხადებს, რომ ადეკვატურობის ზღვარი უნდა არსებობდეს.

„მგონი, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის ზოგადად, მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

გიორგი გახარია ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა (ვიდეო)

გახარია უკრაინის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდებაю

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით 12 დეკემბერს გაემგზავრა. კიევში, სუამ-ის წევრი ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვის მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომა დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრების ერთობლივი გამოსვლა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი გონჩარუკმა უკრაინულ ენაზე გახსნა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ორგანიზაციის სამუშაო ენაზე – რუსულზე გადავიდოდა. ოთხივე პრემიერ-მინისტრმა სხდომის შედეგებზე რუსულად ისაუბრა.