LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ იღუპებიან დელფინები შავ ზღვაში  

დღეს ქობულეთში ზღვამ კიდევ ერთი დელფინი გამორიყა. 2017 წლის მარტიდან დღემდე დელფინის დაღუპვის 62-ე შემთხვევა დაფიქსირდა. უცნობია, რა მიზეზით იღუპებიან დელფინები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანიც და დელფინიც ორივე თბილსისხლიანი ორგანიზმია, მოსახლეობას სიფრთხილე მართებს. დელფინი ყველაზე უწყინარი ძუძუმწოვარია. ხშირად ნაპირზე გამორიყულ დელფინს სანაპიროზე მყოფები არ უფრთხიან, პირიქით, ახლოს მიდიან, ზოგჯერ ეფერებიან კიდეც. როგორც აღმოჩნდა, ეს საფრთხის შემცველია და უკეთესია, ასეთ დროს დასახმარებლად შესაბამის ორგანოებს მიმართონ.

რა არის დელფინების დაღუპვის სავარაუდო მიზეზი

ნაპირზე გამორიყული დელფინების დიდი ნაწილი არც სანავიგაციო ტრავმითა და არც ბიოლოგიური სიკვდილით არ იღუპება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გარკვეულ პათოლოგიასთან აქვთ საქმე. მიზეზებს დასადგენად გარემოს ეროვნული სააგენტო გერმანულ ლაბორატორიასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს.

„ზუსტად არ ვიცით, რა მიზეზით იღუპებიან დელფინები, თუმცა რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ესენია – მორბილვირუსული ინფექცია, ეკოტოქსიკოლოგიური ეფექტი ან რაიმე სხვა კონკრეტული დაავადება. ამაზე ვმუშაობთ ინტენსიურად,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არჩილ გუჩმანიძე.

სხვადასხვა მიზეზებიდან ყველაზე მეტად მორბილვირუსული ინფექციის ეჭვი არსებობს. ინფექცია ძუძუმწოვრების ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს, ასუსტებს, უკარგავს ორიენტაციის შეგრძნებას და შესაძლოა, 5 დღე ან მეტიც დელფინი წყალში ტივტივებდეს, სწორედ ამ დროს იქმნება სხვა ვირუსული დაავადებებით დავირუსების საფრთხე, რაც არა მხოლოდ დელფინებისთვის ადამიანებისთვისაც საშიშია.

რამდენად დიდია ადამიანების დაინფიცირების რისკი

დელფინი და ადამიანი ბევრი საერთო დაავადების მატარებლები არიან, აქედან გამომდინარე სპეციალისტები ადამიანებს ურჩევენ, სანაპიროზე გამორიყულ დელფინებთან არ შეეხონ. თუ დელფინები მორბილვირუსული ინფექციით არიან დაავადებულები, მაშინ საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან მეცნიერება არ იცნობს არცერთ ფაქტს, ამ ვირუსით ადამიანი დაინფიცირებულიყოს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

„იქიდან გამომდინარე, რომ მიზერული საფრთხე მაინც არსებობს, ჩვენ თავის დაზღვევის მიზნით მოსახლეობას მოვუწოდებთ, დელფინებთან კონტაქტი არ იქონიონ და, თუ ნახავენ გამორიყულ დელფინს, მოერიდონ მათთან სიახლოვეს და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს,“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ არჩილ გუჩმანიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი „ფორტუნასთან“აცხადებენ, რომ  „არანაირი საფრთხე არ არსებობს“.

 

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები