პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ნაწილი სასამართლოში ჩივის. ისინი სამსახურში აღდგენას ითხოვენ. საუბარია ოთხ ადამიანზე, რომლებიც უწყებაში გიორგი მარგველაშვილის დროს მუშაობდნენ, სალომე ზურაბიშვილის მოსვლის შემდეგ კი სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იცავს.

ორგანიზაციის იურისტმა თეონა ზაქარაშვილმა რადიო „ფორტუნასთან“ საუბრის დროს აღნიშნა, რომ მომჩივანი 4 პირიდან ერთ-ერთის საქმე საქალაქო სასამართლოში წარმატებით დასრულდა, ადმინისტრაციას კი გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა. მის შემთხვევაში დამტკიცდა, რომ შტატი არ იყო გაუქმებული.

„განთავისუფლების კანონიერებაზე გვაქვს დავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რამდენად სწორად მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება.

ამ შემთხვევაში, 4 დავა გვქონდა. ერთი წარმატებით დასრულდა და აღსრულებაზეა საქმე. ორი წავაგეთ, მათგან ერთ-ერთმა მომჩივანმა გასაჩივრება აღარ მოინდომა, ერთი კი აპელაციაში გვაქვს გასაჩივრებული. ერთი დავა მიმდინარეა, საქმის არსებითი განხილვა 10 ნოემბერს დაიწყება.

ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის და ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია განხორციელდა.  ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა და ამ ახალი სტრუქტურიდან გადაწყვიტეს, გარკვეული შტატები შეემცირებინათ. სასამართლოთი ვცდილობთ დავაზუსტოთ, რეალურად მოხდა თუ არა რეორგანიზაცია, შემცირდა თუ არა ჩვენი მოსარჩელეების კუთვნილი შტატები ან მხოლოდ სახელი ხომ არ შეეცვალა. შტატის შემცირების შემთხვევაში კი,  ნამდვილად  უნდა გაეთავისუფლებინათ თუ არა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ მას უკეთესი პოზიცია ჰქონდა იმ პირთან შედარებით, ვინც რეორგანიზაციის შემდეგ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დარჩა“, – აღნიშნა თეონა ზაქარაშვილმა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი პირის საქმეზე მუშაობს. ამ შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში გათვისუფლებულ თანამშრომელზეა საუბარი. ორი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მომჩივანის  სასარგებლოდ მიიღო. მისი საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

ადმინისტრაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან სულ 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05