LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ დაეწერა 37-ვე საქმე ერთ მოსამართლეს – საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

221
BeFunky-collage (5)

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო.

“სასამართლომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და  ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს, პროცესზე სხდომის თავმჯდომარის და  სასამართლოს შენობასა და ეზოში მანდატურის სამსახურის მხრიდან სრულად იქნა დაცული  მოქალაქეთა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება”

რაც შეეხება  სასამართლოში საქმეთა განაწილებასთან  მიმართებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი საქმეები ელექტრონული სისტემით ნაწილდება, საქმეები მორიგე მოსამართლეებს ეწერებათ და „განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება“.

აქციაზე დაკავებულების ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

“საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ შესაბამისად, მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით. ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის მიხედვით“

18 ნოემბერს დემონსტრაციაზე დაკავებული 37 ადამიანის საქმე განსახილველად ერთსა და იმავე მოსამართლეს, ვალერიან ფილიშვილს დაეწერა.

ორდღიანი განხილვების შემდეგ, მოსამართლე ფილიშვილმა მხოლოდ 12 დაკავებულის საქმე განიხილა და მათგან 10-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს 1000-ლარიანი ჯარიმა, ერთი კი სიტყვიერად გააფრთხილა. დანარჩენი საქმეები გადაიდო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ხნით.

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები სხვადასხვა ქალაქების იზოლატორებში გაანაწილეს

დაკავებულების ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.