უკვე შვედეთიც თავს ანებებს პანდემიის  შვედური მოდელით მართვას. სხვა ქვეყნების მსგავსად, ვირუსის მეორე ტალღა შვედეთსაც უტევს და ამჯერად ქვეყნის ხელისუფლებამ რეგულაციების დაწესება გადაწყვიტა.  რამდენიმე დღის წინ მთავრობამ ქვეყანაში 8 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა. გაძლიერდა სანიტარული და უსაფრთხოების ზომები მოხუცთა თავშესაფრებში, დაწესდა კონტროლი ბარებსა და რესტორნებზე, რომლებსაც საღამოს 10 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აეკრძალათ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სტეფან ლოფვენის განცხადებით, ეს შვედეთის ყველა მოქალაქისათვის სიგნალი უნდა იყოს, რომ განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. “არ წახვიდეთ ფიტნეს-დარბაზში, ბიბლიოთეკაში, რესტორანში. არ მოაწყოთ წვეულებები!“, -მოუწოდა პრემიერმა მოქალაქეებს.

ახალი კორონავირუსის პირველი ტალღის დროს შვედეთი ბელორუსის გარდა ერთადერთი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც არც მკაცრი შეზღუდვები დააწესა და არც საყოველთაო ლოკდაუნი გამოაცხადა. ცხოვრება უმეტესწილად ჩვეულებრივ გაგრძელდა, სკოლებისა და ბიზნესების უმეტესობა გახსნილი იყო და ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებდა, ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები კი პირბადეების ტარების წინააღმდეგაც გამოდიოდნენ.

ვიდრე მემარჯვენე ამერიკელი პოლიტიკოსები შვედურ მოდელს ხოტბას ასხამდნენ, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ შვედურ მოდელს შესაძლოა სხვა ქვეყანაში ვერ გაემართლებინა.

აშშ-ში შვედეთის ელჩის, კარინ ულრიკა ოლოფსდოტერის თქმით, შვედების უმეტესობა შეზღუდვების დაწესების გარეშეც, საკუთარი ნებით იცავდა რეკომენდაციებს, დისტანციას, ატარებდა პირბადეს. გარდა ამისა, ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრ ადამიანს უნაზღაურდებოდა ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო საათები, ეს კი იმის საწინდარი იყო, რომ შვედების უმეტესობა აუცილებლად სახლში დარჩებოდა სიმპტომების გამოვლენისთანავე.

პირველი ტალღის დროს ქალბატონი ელჩი ამბობდა, რომ ვირუსი კიდევ დიდხანს იქნებოდა გარშემო და ადამიანებს უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლათ, თუმცა მიდგომა უკვე შვედეთშიც შეიცვალა.

პარასკევს შვედეთში ახალი კორონავირუსის 6000-მდე შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონიან ქვეყანაში 200 000-ს გადააჭარბა. დედაქალაქ სტოკჰოლმში ყოველი 5 გატესტილი ადამიანიდან ერთს კორონავირუსი უდასტურდება, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი კი შვედეთში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში. შვედეთი ლიდერია სიკვდილობის მაჩვენებლითაც, რომლითაც საგრძნობლად უსწრებს თავის მეზობლებს- ფინეთს, დანიას და ნორვეგიას.

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდრეს ტეგნელი სკეპტიკოსებს მოუწოდებდა შემოდგომამდე მოეცადათ და ისე განესაჯათ შვედური მოდელი. მისი აზრით, ამ დროისათვის ქვეყნის მოსახლეობაში გარკვეულ დონეზე უკვე იქნებოდა პოპულაციური იმუნიტეტი და ამის ხარჯზე, მეორე ტალღა უფრო იოლი გადასატანი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ყველაფრისა, შვედეთის მთავარ ეპიდემიოლოგს მაინც არ უნდა უკან დახევა: ,,ჩვენ არჩეული გზა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მოქალაქეები კანონმორჩილნი არიან და ამის ხარჯზე სიტუაციის მართვა შესაძლებელი იქნება”- განუცხადა ტეგნელმა “როიტერს”.

ტეგნელის მოსაზრებას შვედეთში ბევრი მოწინააღდმეგე ჰყავს.

,,ვიმედოვნებდი, რომ ის მართალი იყო, მაგრამ ასე არ არის. დღეს ჩვენ მაღალი სიკვდილობა გვაქვს. შესაძლოა მოსახლეობის რაღაც ნაწილში იმუნიტეტის ქონა რამეს ცვლის, მაგრამ სურათი ამით მნიშვნელოვნად ვერ შეიცვლება. შვედეთის ხელისუფლება მთელი ეს პერიოდი ძალიან ნელა მოქმედებდა, რამაც ვირუსის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი” – განუცხადა ,,დეილი ტელეგრაფს” ეპიდემიოლოგმა და ტეგნელის წინამორბედმა, ანიკა ლინდემ.

ამავეს ფიქრობს შვედი ვირუსოლოგი ლენა ეინჰორნი, რომლის თქმითაც უკვე ყველა ხედავს, რომ შვედეთის პანდემიის მართვის სტრატეგია დრამატული ჩავარდნაა. ეინჰორნი, რომელიც თავიდანვე შვედური მოდელის წინააღმდეგ გამოდიოდა აცხადებს, რომ ამის დასტური რიცხვებია. ,,რამდენიმე დღის წინ ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ რვაჯერ მეტი შემთხვევა გვქონდა ვიდრე ფინეთს და 3,5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორვეგიას. არადა თვლიდნენ, რომ ჩვენთან უკეთესი ვითარება იქნებოდა, რადგან იქნებოდა პოპულაციური იმუნიტეტი”, – ამბობს ეინჰორნი.

შემთხვევების და სიკვდილობის ზრდასთან ერთად ექსპერტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ შვედეთის მთავრობა დაასრულებს ექსპერიმენტს და პანდემიის მართვას ტრადიციული, შეზღუდვების მეთოდით დაიწყებს. მეტიც, მათი ნაწილი თვლის, რომ შვედეთში ლოკდაუნის გამოცხადება აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ მთავარი, რის გამოც შვედეთმა პანდემიის მართვის განსხვავებული გზა აირჩია, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება იყო. თუმცა შვედურმა ეკონომიკამ, რომელიც გლობალური ეკონომიკის ნაწილია, შეზღუდვების არარსებობის ფონზეც მნიშვნელოვანი ჩავარდნა განიცადა. საერთო ჯამში შვედეთის ეკონომიკა უფრო დაზარალდა, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნების, სადაც მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული.

 

 

მსგავსი თემები