LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის ზოგიერთი ბავშვი მორცხვი და როგორ დავეხმაროთ მათ – თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

3102
58543654_573319636511209_495321402673463296_n

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

ფსიქოლოგი: ირინე დოღაძე

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას,სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად – უცხოებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:
– ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;

– აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
– აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
– აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
– უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
– უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.

როგორ იქცევიან მორცხვი ბავშვები:

– საკუთარი სურვილით იშვიათად საუბრობენ;
– მასწავლებელთან ან თანაკლასელთან საუბარს თავს არიდებენ;
– ემორჩილებიან მითითებებს, თუმცა სიტყვიერ პასუხს არ ამბობენ;
– ხმადაბლა, ჩურჩულით საუბრობენ;
– სხვა მხარეს ბრუნდებიან ან იმალებიან, როდესაც ვინმე ესაუბრება;
– მოსაუბრეს თვალებში არ უყურებენ;
– ძალიან ხშირად თავდახრილნი დგანან, იატაკს დასცქერიან უცხო გარემოში მოხვედრისას;
– სხვა ბავშვების თამაშს უყურებენ, მაგრამ ჩართვას, მონაწილეობის მიღებას არ ცდილობენ;
– სხვა ბავშვების სათამაშოდ გამოწვევას არასდროს ცდილობენ;
– საკუთარ იდეებს არ აჟღერებენ და თანატოლების აყოლიებას არ ცდილობენ;
– უცხო გარემოში შებოჭილები, დაძაბულნი არიან; შფოთავენ და ნერვიულობენ;
– ახალ გარემოში მშობელს ხელს არ უშვებენ; მის უკან ამოფარებას, დამალვას ცდილობენ;
რა უარყოფით შედეგებამდე მივყავართ სიმორცხვეს სიმორცხვემ ბავშვის ცხოვრების ბევრ სხვადასხვა ასპექტზე შესაძლოა იმოქმედოს და ამასთან, მთელი ცხოვრების მანძილზე:

მეგობრების შეძენის ან შენარჩუნების პრობლემა – მეგობრობა ბავშვის ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მორცხვ ბავშვებს კი შესაძლოა ასაკის შესაბამისად მომწიფებული არ ჰქონდეთ ის სოციალური უნარები, რომლებიც ადამიანებთან ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის და მეგობრების შეძენისთვის არის საჭირო.სოციალური სიტუაციები მათთვის არაკომფორტულია, სადაც თავს მარტოსულად გრძნობენ.
სხვისი ზეგავლენის ქვეშ ადვილად მოქცევის პრობლემა– მორცხვ ბავშვებს ხშირად საკუთარი თავის მიმართ დადებითი დამოკიდებულება არ აქვთ. ამიტომაც, შესაძლოა ადვილად მოექცნენ სხვების ზეგავლენის ქვეშ და გააკეთონ ის, რაც რეალურად არ სურთ.
თანატოლებისგან გარიყვა – ბავშვის ნაკლები აქტიურობა თანატოლებმა შესაძლოა სწორად ვერ შეაფასონ. გადაწყვიტონ, რომ მას მარტო ყოფნა ურჩევნია და არ სურს ერთობლივი თამაში.
ეფექტური კომუნიკაციის დამყარების სირთულე – მორცხვი ბავშვები თავს არიდებენ სხვებთან ურთერთობის პროცესს და ვერ იღებენ საჭირო გამოცდილებას. შედეგად, შესაძლოა ვერ დაისწავლონ ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის. მაგალითად:როგორია სოციალურად მისაღები ფრაზები, ქცევები, იუმორი.
საკუთარი ემოციების სწორად გამოხატვის პრობლემა- ხშირ შემთხვევაში, მან არ იცის საკუთარ ემოციებს როგორ გაუმკლავდეს და მართოს.შედეგად, არის გულჩათხრობილი – ცდილობს ემოცია საერთოდ არ გამოხატოს ან პირიქით, იშვიათად, მაგრამ ავლენს ჭარბად და თავშეუკავებლად.
სირთულეები საბავშვო ბაღსა და სკოლაში – ხშირ შემთხვევაში, მორცხვი ბავშვები უფროსისგან დახმარებას არ ითხოვენ. შესაძლოა კითხვები ჰქონდეთ, რომელზე პასუხის მიღებასაც ვერ ახერხებენ, ან გაურკვეველი საკითხები, რომელთაც ვერ აზუსტებენ. შედეგად, ვიღებთ სირთულეებს სწავლაში.

სიმორცხვის მიზეზები: რატომ ხდებიან ბავშვები მორცხვნი
სიმორცხვეს ბევრი სხვადასხვა მიზეზი ან მათი კომბინაცია შეიძლება იწვევდეს. ზოგიერთ მათგანზე ვისაუბრებთ ქვემოთ:
ტემპერამენტი და მემკვიდრეობითობა- ზოგიერთი კვლევის შედეგები გვამცნობს, რომ სიმორცხვე თანდაყოლილი ხასიათობრივი გამოვლინებაა და აგრეთვე, მას მემკვიდრეობითი საფუძველიც აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მორცხვი ბავშვის ახლობლებს თავადაც აწუხებდათ აღნიშნული პრობლემა.

მორცხვობა, როგორც დასწავლილი ქცევა – ბავშვები სწავლობენ უფროსებზე დაკვირვების შედეგად. ამიტომაც, თუ ბავშვს ჰყავს მორცხვი მშობლები, შეიძლება აღნიშნული ქცევა მათგან დაისწავლოს. თუ უფროსებს ჰყავთ ნაკლები მეგობარი, არ ცდილობენ ხშირ სოციალურ ურთიერთობას, მათზე დაკვირვებით ბავშვი ვერ ისწავლის როგორ მოახერხოს ადამიანებთან კომუნიკაცია, ახალი მეგობრების შეძენა.

არათანმიმდევრული აღზრდა – საუბრობენ იმაზეც, რომ სიმორცხვეს ბავშვებთან შესაძლოა იწვევდეს მშობლების არათანმიმდევრული დამოკიდებულება და აღზრდის სტილი. მაგალითად: ბავშვი ერთ დღეს ისჯება რაიმე კონკრეტული ქცევის გამოვლენისთვის. მეორე დღეს კი იგივე ქცევაზე შენიშვნას არავინ აძლევს; ზოგჯერ მშობელი მთლიანად ჩართულია ბავშვის ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ნაკლებად ყურადღებიანია;ასეთი არათანმიმდევრულობის შედეგად ბავშვი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სხვადასხვა ტიპის სირთულეებთან;

ჭარბი კრიტიკა და შენიშვნები – თუ ბავშვი ოჯახის წევრებისგან ან სხვა უფროსებისგან გამუდმებით შენიშვნას იღებს, რომ არაფერი არ გამოსდის, ან უფრო მეტად უნდა მოენდომებინა, ან სხვა ბავშვები უფრო დამჯერები და ჭკვიანები არიან, შეიძლება ჩამოუყალიბდეს საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.
ჰიპომზრუნველობა (ნაკლებმზრუნველობა)– თუ მშობლები ნაკლებად არიან ჩართულნი ბავშვის ცხოვრებაში და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ახერხებენ მასთან ურთიერთობას, მოსმენას: თუ ფიქრობენ, რომ ბავშვისთვის კარგია სრული დამოუკიდებლობის მიცემა, რომ თავად, მარტო უნდა გაუმკლავდეს სირთულეებს; ან არ აქვთ მასთან ურთიერთობის დრო; ბავშვისთვის ეს შესაძლოა საფუძველი გახდეს რწმენისა, რომ ყურადღების და სიყვარულის ღირსი არ არის. ეს კი გავლენას იქონიებს მის თვითშეფასებასა და სოციალური ურთიერთობების დამყარების უნარზე. იფიქრებს, რომ სხვა ადამიანებისთვის არაფერს წარმოადგენს, არავის მოეწონება. შედეგად, კი ეცდება ყველა შესაძლო ურთიერთობის თავიდან არიდებას.
ჰიპერმზრუნველობა(ჭარბადმზრუნველობა)- თუ ბავშვს ყავს ზედმეტად მზრუნველი მშობლები, რომლებიც ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებენ, შესაძლოა დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებასაერთოდ არ მიეცეს. შედეგად, ვერ ითვისებენ დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს; უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად: როგორ სჯობს მოიქცეს, როცა თანატოლთან თამაში უნდა; როგორ შეძლოს მისი ყურადღების მიქცევა, თამაშის შეთავაზება და ა.შ.
დაბალი თვითშეფასება – როცა ბავშვს საკუთარი თავის მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს, თუ ფიქრობს, რომ წარუმატებელია, არაფერი გამოსდის, მაშინ შეეცდება იგივეს განზოგადებას სხვების მისდამი დამოკიდებულებაზეც – იფიქრებს, რომ სხვა ადამიანებიც მსგავსად ფიქრობენ მასზე, სხვებსაც არ მოსწონთ და არ უნდათ მასთან ურთიერთობა.
სოციალური ურთიერთობების გამოცდილების ნაკლებობა- ბავშვებს არ აქვთ ისეთივე მრავალფეროვანი გამოცდილება, როგორც უფროსებს. ხშირად არ იციან, როგორ მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციებში. მშობლის ამოცანაა უზრუნველყოს ბავშისთვის განვითარების მასტიმულირებელი, მრავალფეროვანი გარემო. თუ ეს ვერ ხდება, მაშინ ბავშვები არ არიან მზად ახალი სიტუაციებისთვის, არ იციან როგორ მოიქცნენ, ეშინიათ შეცდომის დაშვებს და ცდილობენ თავიდან აირიდონ აღნიშნული სიტუაცია, უარი თქვან ჩართულობაზე.
როგორ შეიძლება ბავშვთა სიმორცხვის თავიდან არიდება, მისი პრევენცია
ძალიან ხშირად შესაძლებელია სიმორცხვის და მასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან არიდება, მისი პრევენცია. ამისთვის, მშობლის ამოცანაა დააკვირდეს ბავშვს და შექმნას მისი განვითარებისთვის შესაბამისი გარემო:

დაასწავლეთ სოციალური უნარები – ადამიანებთან ურთიერთობა ისევე ისწავლება, როგორც მაგალითად ანბანი, ან არითმეტიკული ანგარიში. მშობლის ამოცანაა, ძალიან ადრეულ ასაკშივე ბავშვს ურთიერთობებით მდიდარი გარემო შეუქმნას და ხელი შეუწყოს მისი სოციალური უნარების განვითარებას. ასწავლოს: როგორ უნდა მიესალმოს სხვა ადამიანებს, წარუდგინოს საკუთარი თავი, ეცადოს მათთან ურთიერთობის დამყარებას, საკუთარი პოზიციის სწორი გზით დაფიქსირებას, სასურველის სწორად მოთხოვნას, სხვისადმი თანაგრძნობის გამოხატვას, სხვა ადამიანის მდგომარეობის გათვალისწინებას, სხვებზე მზრუნველობას, მათთვის მადლობის გადახდას ან ბოდიშის მოხდას და ა.შ.
იყავით სწორი მაგალითი – მშობლებმა თავად უნდა გამოიჩინონ სიმამაცე უცხო სიტუაციებში მოხვედრისას. აჩვენონ ბავშვს, თავად როგორ ახერხებენ მეგობრების შეძენას, საკუთარი თავის წარდგენასა და ინტერესების გამოხატვას.
ხშირად გამოხატეთ მათდამი სიყვარული და ყურადღება- ბავშვები ბედნიერები არიან, როდესაც ხედავენ, რომ მშობლებს ძალიან უყვართ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია და გრძნობს მხარდაჭერას. მშობელმა შეუძლია გამოავლინოს ბავშვისადმი დამოკიდებულება სიტყვებითაც და ქმედებითაც. მნიშვნელოვანია ბავშვი გრძნობდეს უპირობო სიყვარულს, რომ ის რაიმეს სანაცვლოდ (მაგალითად, კარგი ქცევის) არ უყვართ. მშობელმა უნდა დაარწმუნოს ბავშვი, რომ ყოველთვის ეყვარება, ყველაფრის მიუხედავად.

არ მიაწებოთ ბავშვს „მორცხვის“ იარლიყი და არც სხვა უფროსებს მისცეთ იგივეს გაკეთების უფლება – მშობლებმა არ უნდა უწოდონ ბავშვს მორცხვი.ისინი ხომ ხშირ შემთხვევაში ცდილობენ იმ მოლოდინების გამართლებას, რაც მშობლებს მათდამი აქვთ?! თუ მათ მშობლები მოიხსენიებენ, როგორც მორცხვებს, მაშინ ბავშვები მეტი მონდომებით შეეცდებიან აღნიშნული შეხედულების გამართლებას და შესაბამისი ქცევის განხორციელებას. თუ მშობელი აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც იძულებულია ახსნას საკუთარი შვილის მორიდებულობა, შეუძლია თქვას: „გიოს ცოტა მეტი დრო სჭირდება ახალ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ცოტა ხანში აუცილებლად ისურვებს საუბარს“.
დაეხმარეთ თავდაჯერებულობის გაზრდაში- მშობელმა უნდა გამოიყენოს ნებისმიერი შესაძლებლობა, როცა ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის მნიშვნელოვანია და ბევრი რამ შეუძლია. ეს გაამყარებს ბავშვის თვით-შეფასებას, ხელს შეუწყობს საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მაგალითად: მიეცით ყოველდღიური დავალებები, რომელთა შესრულებაზეც პასუხისმგებლობა მას ეკისრება (ჭურჭლის გარეცხვა, საკუთარი ოთახის დასუფთავება, მტვერსასრუტის გამოყენება). ბავშვი აუცილებლად შეეცდება თქვენი მოლოდინის გამართლებას. შედეგად მიღებული კომპლიმენტი, შექება კი გააუმჯობესებს მის თვითრწმენასა და თვითშეფასებას. აგრეთვე, შექმენით სიტუაციები სადაც გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს. მაგალითად: ორი შეთავაზებული ტანსაცმლიდან, რომელი ჩაიცვას; კინოში წახვიდეთ ერთად, თუ თეატრში. ასაკის შესაბამისად მისი დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ხარისხი გაზარდეთ. მშობლებმა უნდა დაარწმუნონ ბავშვი, რომ ყოველთვის მზადაა მის დასახმარებლად.

ჩამოაყალიბეთ ნდობით აღსავსე ურთიერთობა– მორცხვობას შესაძლოა განაპირობებდეს სხვა ადამიანებისადმი უნდობლობაც. სწორედ ამიტომ, მშობელი უნდა ეცადოს ბავშვის ნდობის მოპოვებას. ამისთვის კი აუცილებელია იყოს ღია და მართალი მასთან: როდესაც ბავშვმა ზუსტად იცის რა ქცევას ელიან მისგან; რა მოეწონებათ მშობლებს და რა არა; რა მოყვება მის კარგ ან ცუდ საქციელს; რომ მშობლები აუცილებლად შეასრულებენ იმას, რასაც პირდებიან; არასდროს გათქვამენ მის საიდუმლოს; არასდროს მოატყუებენ. ნდობა აუცილებლად გულისხმობს ორივე მხარის ჩართულობას: მშობლები უნდა ენდნონ თავიანთ შვილებს, რათა მათი ნდობაც დაიმსახურონ.
შექმენით წინასწარმეტყველებადი გარემო და დისციპლინა- დისციპლინა გულისხმობს სტრუქტურას ბავშვის ცხოვრებაში. ეს თითოეულ მათგანს სჭირდება. წინასწარმეტყველებადი გარემო ბავშვს თავს აგრძნობინებს უსაფრთხოდ, ნაკლებს შფოთავს და დარდობს. აღნიშნული სტრუქტურის დახმარებით ბავშვები სწავლობენ რისი გაკეთებაა მისაღები მათ ოჯახში და რისი არა; ასევე იციან, რომ მათი მშობლების რეაქცია წინასწარმეტყველებადია და თანმიდევრული (ყოველთვის რეაგირებენ შეთანხმებულად); მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინა იყოს ადეკვატური და ბავშვისთვის სასარგებლო, მისთვის სიმშვიდის მომტანი. ზედმეტად მკაცრი დისციპლინის პირობებში ბავშვები თავს ცუდად გრძნობენ, ფიქრობენ რომ მათი ცხოვრება მათ არ ეკუთვნით. ამიტომაც, მშობლის ამოცანაა ბავშვთან თანამშრომლობაზე დაყრდნობით, მასთან შეთანხმებითშეადგინოს ჩარჩო, რომელსაც ერთნაირად დაემორჩილება ბავშვიც და უფროსიც.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელთანაც უკვე ვლინდება სიმორცხვე ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლების მცდელობის მიუხედავად მაინც ვლინდება სიმორცხვე ბავშვებთან. არსებობს გზები, რომლითაც მშობლები შეიძლება ეცადონ ბავშვის დახმარებას და სირთულეებთან გამკლავებას:
წინასწარ შეამზადეთ ცვლილებებისთვის – მშობლები უნდა მოერიდნონ მკვეთრ და უხეშ ნაბიჯებს. ბავშვის ტემპისა და თავისებურების გათვალისწინებით ეცადონ მისი სითამამის, გამბედაობის წახალისებას, მისცენ დრო ახალ სიტუაციებთან გასამკლავებლად, იყვნენ მხარდამჭერნი და მიმღებელნი;
არ განუმტკიცოთ სიმორცხვე– ზოგჯერ მშობლები ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვის სიმორცხვეს, დარდობენ, გამუდმებით საუბრობენ ამ თემაზე და სჯიან კიდევაც ამისთვის. შედეგად, სიტუაცია უფრო მძიმდება. ბავშვი უფრო მეტად მორცხვი და

ჩაკეტილი ხდება. შენიშვნების მიცემის, გამუდმებით სირთულეებზე ან მათ დაძლევაზე საუბრის ნაცვლად,მშობელმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ეცადოს ბავშვზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას.
მიეცით მრავალფეროვანი გამოცდილება – სიმორცხვის გამო მშობელმა არ უნდა გამოკეტოს ბავშვი სახლში. უნდა ეცადოს, მისთვის მრავალფეროვანი გამოცდილების მიცემას. ნებისმიერ ახალ სიტუაციაში მოხვედრამდე კი შეამზადოს ამისთვის. წინასწარ ესაუბროს: როგორი გარემო დახვდება; რაზე ისაუბრებენ; რას გააკეთებენ; რა შეიძლება ჰკითხონ; როგორ შეუძლია თქვას უარი და ა.შ.

მიზანმიმართულად გაუვარჯიშეთ სხვადასხვა უნარები – ითამაშეთ როლური თამაშები (მასწავლებლობანა, ექიმობანა, სტუმრობანა). ბავშვთან ერთად მშობლებმა უნდა მოირგონ სხვადასხვა ხასიათის ადამიანის როლები, გაათამაშონ სხვადასხვა სიტუაციები. ბავშვი ამით სწავლობს, რომ არსებობენ განსხვავებული შეხედულების, შესაძლებლობების ადამიანები. აგრეთვე იმასაც, რომელია სოციალურად მისაღები ქცევები დაროგორ გაუმკლავდეს სხვადასხვა სიტუაციებში წარმოჭრილ პრობლემებს.
ასწავლეთ პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა – მორცხვი ბავშვები ზედმეტად დამოკიდებულნი არიან მშობლებზე. შედეგად, უჭირთ დამოუკიდებლად მოქმედება, გადაწყვეტილების მიღება. უფრთხიან გაურკვეველ სიტუაციებს. მშობლებმა ძალიან ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყონ ზრუნვა ბავშვის პასუხისმგებლობის უნარის გაზრდაზე. გარკვეული პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, მის შესრულებაზე ზრუნვა და გამკლავება კი ბავშვს საშუალებას აძლევს გახდეს თვითდაჯერებული.
აღმოაჩინეთ აქტივობები, სადაც ბავშვი წარმატებულია – მშობელმა უნდა აღმოაჩინოს ბავშვის ინტერესები და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. ერთად შეარჩიონ სპორტის, ხელოვნების ან სხვა დარგის ის სახეობები, რაც ბავშვს გამოსდის და რისი კეთებაც მოეწონება. აკეთებდე იმას, რაც გამოგდის მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და აუმჯობესებს თვითშეფასებას. დადებითი გამოცდილება და წარმატება რაიმე სფეროში აუცილებლად განზოგადდება სხვა სიტუაციებზეც.

წაახალისეთ მისი გამბედაობა – თუ ბავშვი სიმორცხვის დასაძლევად მცირე ნაბიჯის გადადგმას მაინც ეცდება, აუცილებლად შეამჩნიეთ და შეაქეთ ამ მცდელობისთვის. ქცევები, რომლის სანაცვლოდაც ბავშვი მშობლისგან იღებს ამაყ მზერას, ღიმილს, ტკბილ სიტყვას აუცილებლად ვლინდება მომავალშიც. მშობლები უნდა ორიენტირდნენ ბავშვის მცდელობებზე, წარმატებებზე, წინ გადადგმულ ნაბიჯებზე. არ უნდა შეარცხვინონ, მისცენ შენიშვნა, გაუბრაზდნენ სიმორცხვის გამოვლენისთვის. არ უნდა დააძალონ სხვებთან ურთიერთობა და თამაში თუ ბავშვი ამისთვის მზად არ არის. მშობელმა უნდა შექმნას ბავშვის პრობლემების დაძლევისთვის საჭირო სიტუაციები, მხარი დაუჭიროს მას, თუმცა თუ ყველაფერი მისი მოლოდინის შესაბამისად არ ჩაივლის, შეინარჩუნოს სიმშვიდე.
ბავშვის მიმართ ადეკვატური მოლოდინი გქონდეთ – მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ ბავშვისგან არ ითხოვს იმაზე მეტს, ან ნაკლებს ვიდრე მას შეუძლია. უფროსის ამოცანაა, გაიცნოს ბავშვის შესაძლებლობები და დაეხმაროს სირთულეების აღმოფხვრაში, სუსტი მხარეების გააძლიერებაში და ძლიერის უკეთესად წარმოჩენაში.

არ ისაუბროთ მის ნაცვლად – ბავშვებს სჭირდებათ ისწავლონ საკუთარი თავის, სურვილების გაჟღერება, საკუთარ თავზე საუბარი. თუ მშობელი გამუდმებით საუბრობს მის ნაცვლად, მაშინ ბავშვი ვეღარ მოახერხებს აღნიშნული, ძალიან მნიშვნელოვანი უნარის დაუფლებას. ამიტომაც, მიეცით დრო და დაელოდეთ.
ასწავლეთ უარის თქმა– მშობლებმა უნდა ასწავლონ ბავშვს, როგორ მოითხოვოს და მიიღოს სასურველი. ასევე ისიც, როგორ თქვას უარი ისეთ რაიმეზე, რაც არ უნდა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომელია უარის თქმის სოციალურად მისაღები გზები. მას უნდა შეეძლოს რთულ სიტუაციებთან გამკლავება, რათა არ მოექცეს სხვა ადამიანების წნეხისა და ძალადობის ქვეშ.
არ დაუშვათ რომ ბავშვი გაირიყოს – სიმორცხვის გამო სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, ბავშვი არაკომფორტულად გრძნობს თავს. შედეგად, ცდილობს თავიდან აირიდოს მათთან ყოფნა, ითამაშოს მარტომ. მშობლის ამოცანაა, შექმნას ისეთი სიტუაციები, სადაც ბავშვს გაუადვილდება საკუთარი თავის წარმოჩენა.
შემოიღეთ დაჯილდოების სისტემა – მშობელმა ბავშვთან ერთად შესაძლოა შეადგინოს დაჯილდოების სქემა, სადაც ერთად ჩამოთვლიან კონკრეტულ ქცევებს, რაც სასურველია რომ ბავშვმა განახორციელოს. მაგალითად: მიესალმოს მეგობარს; გამოიწვიოს სათამაშოდ; საუბრისას შეხედოს თვალებში მოსაუბრეს და ა.შ. აღნიშნული ცხრილი მოთავსდება ბავშვისთვის თვალსაჩინო ადგილას. თითოეული ამ ქცევის განხორციელებისთვისკი ბავშვი დაჯილდოვდება.
მნიშვნელოვანია, ბავშვის ემოციური მდგომარეობა იცვლებოდეს და ვითარდებოდეს ასაკის შესაბამისად, რათა მან მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება. თუ მშობლების მცდელობის მიუხედავად ბავშვის სირთულეები არ ლაგდება, აუცილებელია მიმართონ სპეციალისტს (შესაბამისი კვალიფიკაციის ფსიქოთერაპევტს);
ავტორი: ირინე დოღაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები