LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ იყენებს ხელისუფლება Super Puma-ს?! – მილიონებად ღირებული ვერტმფრენის რეალური შესაძლებლობები

საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი  VIP კლასის ორი ვერტმფრენი, რომელიც სახელმწიფოს 55 მილიონი ევრო დაუჯდა, საგანგებო სიტუაციებში გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ხანძრების სიმრავლით გამორჩეულ ზაფხულში ვერტმფრენების საჭიროება უკვე არაერთხელ დადგა დღის წესრიგში.  ხანძარი მთაწმინდაზე,  ხანძარი ბორჯომში – რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ჩასაქრობად მოსახლეობა ვერტმფრენების გამოყენებას ითხოვდა.

საზოგადოების არაერთი მოთხოვნის საპასუხოდ, გამოეყენებინათ ვერტმფრენები ხანძრის ჩასაქრობად, შსს-მ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციისთვის გადაცემული საფრენი საშუალებები საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი არ არის. AS-332 PUMA-ს ტიპის შვეულმფრენის ექსპლუატაციის წესები სპეციფიკურია და ვერტმფრენის  არასწორი დანიშნულებით გამოყენებისას დაზიანების  და კატასტროფის რისკი მაღალია.

 

„პუმა სამაშველო ვერტმფრენია…”

მე თვითონ მიფრენია ამ ვერტმფრენით ღამით,“ –  თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს.  როგორც „ფორტუნასთან“ ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, სუპერ-პუმა ჩამოყვანისას თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო და კარგად იცნობს ამ ვერტმფრენების შესაძლებლობებს.

„ფრანგული ფირმა Eurocopter -გან  ყოფილმა ხელისუფლებამ 2 სუპერ პუმა შეიძინა,  მათგან ერთი – შედარებით მცირე ზომის მაღალი რანგის თანამდებობის პირების გადაადგილებისთვის იყო განკუთვნილი , ხოლო მეორე – დიდი სუპერ პუმა ჩვეულებრივი , მაღალი დონის  სამაშველო-სატვირთო ვერტმფრენია.  თანამედროვე,  21-ე საუკუნის საფრენი აპარატი  აღჭურვილია ღამის ხედვის სისტემითაც  და კომპლექტაციაში მოჰყვებოდ ხანძრისთვის განკუთვნილი წყლის “ლებიოტკა” (ავზი), სწორედ ეს “ლებიოტკა” არის მოხსნილი პუმადან და მიმაგრებული იმ რუსულ ვერტმფრენზე, რომლითაც ახლა ხანძარს აქრობენ,“- აცხადებს დიმიტრი შაშკინი „ფორტუნასთან“.

 

რატომ არ იყენებს ხელისუფლება სუპერ პუმას ?!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკუთარ იმიჯს უფრთხილდება და მრავალგზის უსარგებლო ფუფუნების საგნად გამოცხადებული ვერტმფრენის საჭიროებისამებრ გამოყენება ეუხერხულება.

„არაერთი წელია, გვესმის, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ სუპერ პუმები ფუფუნებისთვის შეიძინა და ახლა მისი გამოყენებით მოსახლეობა დაინახავს,  რომ ქვეყანაში ასეთი თანამედროვე საფრენი აპარატების არსებობს საჭიროება რეალურად დგას და ხელისუფლების ინტერესებში ეს არ შედის,“ –  ფიქროს თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი.

სუპერ პუმების მწარმოებელ კომპანია Eurocopter-სა  და საქართველოს  შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ამირან სალუქვაძე.

მისი განმარტებით,  რა ტიპის საექსპლუატაციო პირობებით გადმოეცა საქართველოს სუპერ-პუმები და შეიძლება თუ არა მისი სამაშველო ოპერაციებში გამოყენება, ეს დაზუსტებით  ხელშეკრულებაში იქნება გაწერილი,  რომლის გასაჯაროება ნათელს მოჰფენს  სიტუაციას და პოლიტიკურ პოპულიზმსაც დაესმება წერტილი.

მიუხედავად ამისა, ავიაციის გენერალი რამდენიმე საყურადღებო დეტალზე აკეთებს „ფორტუნასთან’ აქცენტს.

„სუპერ პუმები, რომლებიც საქართველოს ჰყავს შეძენილი, არის E კლასის საფრენი აპარატები, აღჭურვილი ვიპ-კლასის სალონით. როგორც წესი, ვერტმფრენებს, რომელსაც სახანძრო-სამაშველო საქმიანობაში იყენებენ, ასეთი მაღალი კლასის სალონი არ გააჩნიათ. გარდა ამისა, იმ რთულ რელიეფურ პირობებში, სადაც ხანძრის კერა იყო, წყლის დასხმა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, 150-200 მეტრის სიმაღლიდან ხდებოდა, რაც არაეფექტიანია. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სუპერ-პუმას მომსახურება ძალიან ძვირი ჯდება, როგორც მისი ფრენა, ასევე რემონტი. რაც შეეხება  ღამით ფრენას,  ეს ნებისმიერ ვერტმფრენს შეუძლია. აქ მთავარია ეკიპაჟის მომზადების დონე და საქართველოს ძალიან მაღალი კლასის მფრინავები ჰყავს, თუმცა მწარმოებელთან შეუთანხმებლად არ შეიძლება საექსპლუატაციო პირობების უგულვებელყოფა,“ –  აცხადებს გენერალი ამირან სალუქვაძე.

საავიაციო სფეროს ექსპერტს არაეფექტიანად და არამიზნობრივად მიაჩნია სუპერ-პუმას  სახანძრო ვერტმფრენებად  გადაკეთების შესაძლებლობაც და ხელისუფლებას საავიაციო პარკის დროულად განახლებისკენ მოუწოდებს.

სუპერ-პუმების ფასად რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენის შეძენა იყო შესაძლებელი და გაუმართლებელია მსგავსად ძვირადღირებული ვერტმფრენების დაბალ ფასად გაყიდვაც.  სჯობს, ხელისუფლებამ სუპერ-პუმები თავდაცვის სამინსიტროს გადასცეს და საავიაციო ავტოპარკის დროულ განახლებაზე იზრუნოს. ვერტმფრენებს, რომლებსაც  დღეს ყველა სახის სამუშაოზე იყენებს ხელისუფლება, მალე ფრენის საათები ამოეწურება,“ –  აცხადებს „ფორტუნასთან“ ამირან სალუქვაძე.

 

Super Puma საქართველოში 

Super Puma ამ დროისთვის სასაზღვრო პოლიციის ბალანსზეა. AS-332 PUMA ტიპის ორი საფრენი აპარატი ყოფილმა ხელისუფლებამ 2010 წელს   შეიძინა.  ვერტმფრენებში გადახდილი მაღალი ფასის გამო, ახალმა  ხელისუფლებამ საფრენი აპარატების გაყიდვა ვერ მოახერხა. ხედვის ფართო დიაპაზონის და მაღალმთიან რაიონებში გადაადგილების უნარის გამო,  სუპერ პუმებს ამ დროისთვის საზღვრის მონიტორინგისთვის იყენებენ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის კი ხელისუფლება  რუსულ  MI-8-ს ტიპის საფრენი აპარატს იყენებს, რომელიც  გაცილებით პატარა ზომისაა და  ნაკლები წყლის გადატანა შეუძლია.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები