საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლო ამ შუამდგომლობას არ დათანხმდა.

საინტერესოა, რატომ მიიღო სასამართლომ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ყველა ელოდა, რომ დღეს გიორგი რურუას გაათავისუფლებდნენ.

„ფორტუნამ“ გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების შეფასება ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს სთხოვა.

„პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურებით შეიწყალა. რეალობა ასეთია, საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს, არა იქიდან გამომდინარე, თუ რა ვითარებაა ჩვენს საზოგადოებაში, არამედ იმის მიხედვით, როგორ მოხდება მისი ნაბიჯების შეფასება დასავლელი პარტნიორების მიერ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ 30 წელიწადია.

შეიძლება, „ოცნებას“ აქვს სცენარი, რომელსაც მიჰყვება. ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის ყველაზე წარმატებული და მომგებიანი იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გაიტანოს ოპოზიციის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლოს რურუა. ეს სცენარი ხელისუფლებისათვის გაცილებით მომგებიანია, ვიდრე დღეს ან ხვალ რურუას გათავისუფლება. ეს გარკვეული რეაბილიტაციასავით იქნება. საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რურუა გათავისუფლდება, მაგრამ ეს როდის მოხდება, ახლა  ამის თქმა ცოტა ძნელია“, – აცხადებს ექსპერტი.

კითხვაზე, განვითარებლი მოვლენები შემოდგომაზე, როცა არჩევნები უნდა ჩატარდეს, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, ექსპერტი პასუხობს:

„ახლა მოსახლეობის ძირითად ნაწილს უფრო მეტად აწუხებს ის,  თუ რა იქნება ვირუსის დასრულების შემდეგ და არა ის, რურუა თუ სხვა პატიმარი გამოვა თუ არა ციხიდან. არ მგონია, რომ ოქრუაშვილი-უგულავას გათავისუფლებამ რადიკალურად შეცვალა არსებული განწყობები მოსახლეობაში, მაგრამ ოპოზიციისთვის პლუსად მიმაჩნია და ახლა ისინი გაცილებით უფრო გააქტიურდებიან და იტყვიან, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს მათ უჭერენ  და ხელისუფლებაზე ზეწოლას ახორციელებენ. გაჟეჟილს გატეხილი სჯობს და უნდა ვთქვათ, რომ რეალურად ასეც არის. ამომრჩეველზე კი საბოლოო ჯამში მაინც ის მუშაობს, დასავლეთი ვის უჭერს მხარს და ვის – არა.
შეიძლება არსებული სიტუაცია  შევაფასოთ 1-0 ოპოზიციის სასარგებლოდ, ოღონდ მხოლოდ პიარის თვალსაზრისით და არა ელექტორალური თვალსაზრისით. ჩვენ ამას ვერ შევაფასებთ ისე, რომ მომხდარმა ოპოზიციის ამომრჩეველთა რაოდენობა გაზარდა, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, პიარით ვინ მოიგო, რა თქმა უნდა ასეა“, – განგვიცხადა ძაბირაძემ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რურუა პატიმრობაში დარჩა, გასულ კვირას გათავისუფლებულმა დედაქალაქის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ახლა ერთი მისხალის დათმობაც არ შეიძლება.

“ერთი მისხალის დათმობაც არ შეიძლება ამ შემთხვევაში. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა შუაშია, იყოს გიორგი რურუა, რა მოხდა? არა! თუ ჩვენ ამ პატარას დღეს დავთმობთ, მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე, უბედურებას იმიტომ, რომ ამ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს ასეთი ენა ესმის – გამივიდა? გავალ თავს! ამიტომ ხალხმა ამას უნდა შევხედოთ როგორც პრევენციას მშვიდობისთვის, პრევენციას განვითარებისთვის და პრევენციას უკეთესი მომავალისთვის, რადგან თუ 8 მარტის შეთანხმებაზე ასე ფეხით გაიარა ივანიშვილმა, არჩევნებზე უბედურებას დაატრიალებს და მერე უკვე გვიან იქნება. სანამ დრო გვაქვს, უნდა ვიყოთ მტკიცე და მტკიცედ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება არის ძალაში, ის უნდა შესრულდეს, რურუა უნდა გათავისუფლდეს”, – განაცხადა უგულავამ.

ირაკლი ოქრუაშვილის კი დარწმუნებულია, რომ გიორგი რურუა მაქსიმუმ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გათავისუფლდება.

„მე მესმის, რომ ესაა ნერვების თამაში. ყველა ძალიან დაძაბულები ვართ. ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ რაც შეიძლება სწრაფად განიმუხტოს სიტუაცია, მაგრამ ხელისუფლებასაც გავუგოთ, ამ შემთხვევაში იმათ წისქვილზე დავასხამ წყალს და ვიტყვი, რომ პირველ მოსმენამდე გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გაცნობიერებული აქვს ეს და ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად. მეორე, ამ ოფისში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ურთიერთდაპირისპირებული ადამიანი შეიკრიბა, რაც როგორც მინიმუმ იმის ნიშანია, რომ ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდა მათ როლს ქვეყნის ცხოვრებაში. ძალა ერთობაშიამ მოიტანა 8 მარტის შეთანხმება, ჩვენი გათავისუფლება და ძალა ერთობაშია მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ხელისუფლების ცვლილებას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობა იქნება აქ და თუ ვინმე ამ ერთობას ხელს შეუშლის, ის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კატეგორიები: ანალიტიკა
მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05