LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რატომ არ ადევს ინკასო იმედის და მაესტროს ანგარიშებს, რომელთა დავალიანება 27 მილიონი ლარია”

424
BeFunky-collage (1)

ფინანსთა სამინისტრომ 23 დეკემბერს განცხადება გაავრცელა და ტელევიზიებს დავალიანების გადასახდელად ერთდღიანი ვადა მისცა. უწყების განმარტებით, მათ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა უნდა დაეფარათ. მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის გამო სამ ტელეარხს „რუსთავი 2-ს“, „კავკასიას“, და „ტვ პირველს“ ინკასო დაედო.

აღნიშნულ ფაქტს ტელევიზიების დირექტორები გამოეხმაურნენ. „ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მათ ანგარიშზე დადებულია ინკასო.

 

„კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი აღნიშნავს, რომ ამით ფაქტობრივად, ტელევიზიის მუშაობა შეაჩერეს. ჯანგირაშვილი ხელისუფლებას კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ დაედო ინკასო “იმედისა” და “მაესტროს” ანგარიშებს, როცა მათი დავალიანება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.

ნინო ჯანგირაშვილი: მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. ეს ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს

“ინკასო, დღე მეორე: ტელევიზიას არ აქვს თანხა რომ ერთბაშად დაფაროს დავალიანება. შესაბამისად, ინკასო დარჩება ანგარიშებზე. შესაბამისად, ტელევიზია ვერ ფარავს ვერანაირ ვალდებულებებს. კრედიტს, კომუნიკაციის ხარჯებს და ვერანაირ სხვა ხარჯს, რაც აუცილებელია ფუნქციონირებისთვის. ბნელი 90-იანების პირმშოები ვართ და ყველაფერს გადავიტანთ როგორმე, თუ რა თქმა უნდა, ხელისუფლება გამცემს პასუხს კითხვაზე: რატომ არ ადევს ინკასო იმედის და მაესტროს ანგარიშებს, რომელთა დავალიანება მინიმუმ 27 მილიონი ლარია. მუშაობა რომ არ შეუფერხდეთ? ” – წერს საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე  ნინო ჯანგირაშვილი.

“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია ინგა გრიგოლიასა და ნინო ჯანგირაშვილს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ სატელევიზიო ინდუსტრიაში გადასახადების გადახდაზე მრავალწლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. გვარამიას “რუსთავი 2”-ზე დადებული ინკასოც უსამართლობად მიაჩნია.

“ამ ხელისუფლებამ დაანგრია სარეკლამო ბაზარი და პრაქტიკულად შანსი არ დატოვა ტელევიზიის თვითდაფინანსების. ფორმულა მარტივია: თუ ივანიშვილი არ გაფინანსებს, გადასახადებს ვერ გადაიხდი.

ამიტომაც, აუცილებელია გამოცხადდეს მრავალწლიანი მორატორიუმი ტვ ინდუსტრიაში გადასახადების გადახდაზე. სხვა გზა არაა. მანამდე ნებისმიერი საგადასახადო შეზღუდვა, არის სიტყვის თავისუფლების პირდაპირი და პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვა.

რაც შეეხება რ2ს, მან გადასახადები დააგროვა ხელისუფლების პირდაპირი ბრალეულობით და ასევე მისი დღევანდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის უშუალო და გადამწყვეტი მონაწილეობით. მიუხედავად ჩემი დღევანდელი დამოკიდებულებისა და იმის, რომ ხალვაში ყველაფერს იმსახურებს, რ2-ზე დადებული ინკასო არის უსამართლო და მოტივირებული შევიწროება.

ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და კავკასიას!” – აღნიშნავს გვარამია.

“რუსთავი 2-ის” დირექტორი პაატა სალია ფინანსთა სამინისტროს მოქმედებას უპასიხისმგებლობად აფასებს და აღნიშნავს, რომ უწყებას ასეთი პრინციპულობა წინა მენეჯმენტის პირობებში უნდა გამოეჩინა.

„ჩვენ, მენეჯმენტი, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს და ახალი წლის წინ არ მოხდეს არხის პარალიზება, თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ 27 მილიონი ლარი დავალიანება დაგროვდა სწორედ იმის გამო, რომ ასეთი პრინციპულობა, რასაც ახლა ირჩევს ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ არ გამოუჩენიათ წინა მენეჯმენტის პირობებში, წლების განმავლობაში, როდესაც ეს ვალი თვიდან თვემდე გროვდებოდა.

რამდენიმე წელი გავიდა, ასეთი მოქმედება არ განუხორციელებიათ და ახორციელებენ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ვიხდიდით მიმდინარე დავალიანებებს, უბრალოდ, მცირედი გადაცილება გვაქვს დროში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნული ფაქტის გაპროტესტებას აპირებენ. ისინი “კავკასიის” შენობასთან შეკრებასა და სოლიდარობის გამოცხადებას გეგმავენ.