LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერს “The Hollywood Reporter” ზაზა ურუშაძის ახალ ფილმზე?

119

გაყიდვების საერთაშორისო კომპანიამ “Picture Tree International” – ზაზა ურუშაძის ახალ ფილმზე – „ბერი” (MONK) საერთაშორისო უფლებები მოიპოვა. ამის შესახებ გამოცემა “The Hollywood Reporter” წერს.

ფილმი მაყურებელს ყოფილი კინორეჟისორის, გიორგის ისტორიას მოუთხრობს, რომლის ახალი, მონასტრული ცხოვრება, მთაში მდებარე სოფელში, მუსიკის ადგილობრივ მასწავლებელთან, ლილისთან შეხვედრით იწყება.

ოსკარსა და ოქროს გლობუსზე 2015 წელს ნომინირებული „მანდარინების” შემდეგ ეს ზაზა ურუშაძის პირველი ფილმია. „მანდარინებში” მოქმედება საერთაშორისოდ გახმაურებულ კონფლიქტის ზონაში ვითარდება.

„ბაიერები” ფილმის პრომოს პირველად პარასკევს, ვარშავის საერთაშორისო ფესტივალზე ნახავენ. ეს სწორედ ის ფესტივალია, რომელზეც 2013 წელს „მანდარინების” წარმატებული კინოჩვენება შედგა.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, ისევე როგორც „მანდარინების” – რომელიც სამოქალაქო ომის ადამიანურ ასპექტებს ეხება – „ბერის” პროდიუსერიც ზაზა ურუშაძესთან ერთად, ესტონური All film-ის წარმომადგენელი ივო ფელტია. ფილმის მხარდამჭერები ესტონეთის კინოს ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული კონოცენტრი არიან.

ფილმი საქართველოშია გადაღებული, მასში მონაწილეობას დიმიტრი ტატიშვილი, იოსებ ხვედელიძე და სოფო სებისკვერაძე იღებენ. სავარაუდოდ ფილმის პრემიერა მომდევნო წელს შედგება.

„ესაა ჩამთრევი, დამატყვევებელი ისტორია, დიდი საერთაშორისო დაინტერესების გამოწვევის შესაძლებლობით და ჩვენ მოუნუსხულები ვართ ამ განსაკუთრებულ რეჟისორთან მუშაობით”, – ამბობს Picture Tree International-ის დამფუძნებელი ანდრეას როტბაუერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები