LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ? – ოქტომბრის საუკეთესო სერიალები

334
FORTUNA. GE (1)

წამყვანი ტელეარხები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მაყურებელს საუკეთესო სერიალები შესთავაზონ და კონკურენტებზე მეტი გამომწერი მოაგროვონ. გამონაკლისი არც ოქტომბრის თვეა. ოქტომბერში ყველა წამყვანი არხი გვთავაზობს მინიმუმ ერთ ძალიან საინტერესო სერიალს, ჩვენ კი მხოლოდ არჩევა დაგვრჩა… ჯანსაღი კონკურენციის დროს მოგებულები ხომ სწორედ ჩვენ ვართ. მაშ ასე, რას ვუყუროთ ოქტომბერში?

,,ურჩხულთა მიწა“ / Monsterland

პრემიერის თარიღი: 2 ოქტომბერი

არხი: Hulu

ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ „ჰულუს“ სერიალი ანთოლოგია, რომლის თითოეულ ეპიზოდშიც სხვადასხვა გმირებს და არსებებს შეხვდებით. ვამპირები, მაქციები, დაცემული ანგელოზები და ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ ყველა ურჩხულზე უფრო საშინელი არსებებიც შეიძლება იყვნენ…

,,კეთილი ბატონი ჩიტი“ / The Good Lord Bird

პრემიერის თარიღი: 4 ოქტომბერი

არხი: Showtime

ამერიკელი მწერლის ჯეიმს მაკბრაიდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაში მოვლენები აშშ-ის ისტორიაში ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. სერიალი შავკანიანი ახალგაზრდა მონის, ონიონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ცნობილ აბოლიციონისტს, ჯონ ბრაუნს გაიცნობს და მონობის გაუქმებისთვის მებრძოლი მისი პატარა გუნდის წევრი გახდება. სერიალში მთავარ როლებს ითენ ჰოუკი და ჯოშუა კეილებ ჯონსონი ასრულებენ.

,,შემდეგი“ / neXt

პრემიერის თარიღი: 6 ოქტომბერი

არხი: Fox

სილიკონ ველის პიონერი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიური კორპორაციის შემქმნელი პოლ ლებლენკი გაოცებას ვერ მალავს, როდესაც აღმოაჩენს, რომ მის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე, სახელად NeXt მუშაობა ისევ გრძელდება. ლებლენკმა ხომ პროექტი დახურა და ყველა ინფორმაცია გაანადგურა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ხელოვნური ინტელექტი მის ნებას აღარ ემორჩილებოდა… ლებლენკს დახმარებისთვის  FBI მიმართავს. აგენტები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ „ნექსთმა“ მოკლა სამი ადამიანი…

,,ბლაი მეინორის მოჩვენებები“ / The Haunting of Bly Minor

პრემიერის თარიღი: 9 ოქტომბერი

არხი: Netflix

ჰენრი ჯეიმსის მოჩვენებების ისტორიებზე დაფუძნებული 2018 წლის სერიალის, “ჰილ ჰაუსის მოჩვენებები”-ს ანთოლოგიის მომდევნო თავის მოქმედება 1980-იან წლების ინგლისში ვითარდება.  მდიდარი ლონდონელი ლორდი თავისი დისშვილისა და ძმისშვილისთვის ახალგაზრდა ამერიკელ ძიძას, დანის დაიქირავებს. ბავშვებმა მასთან ერთად „ბლაის“ მამულში უნდა იცხოვრონ, თუმცა ადგილზე ჩასვლის შემდეგ დანი აღმოაჩენს, რომ წარსულში მამულში მცხოვრები ძიძა დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა…

„დედოფლის გამბიტი“ / The Queen’s Gambit

პრემიერის თარიღი: 23 ოქტომბერი

არხი: Netflix

სერიალი უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული და კენტუკიში მდებარე ბავშვთა სახლში მცხოვრები რვა წლის ობოლი გოგონას, ბეთ ჰარმონის ისტორიას მოგვითხრობს. ბეთი ჩაკეტილი, ჩუმი და არაფრით გამორჩეული გოგონა იყო იქამდე, სანამ პირველად ითამაშა ჭადრაკი და აღმოაჩინა, რომ დიდი ნიჭი აქვს. თექვსმეტი წლის ბეთი უკვე აშშ-ის ღია ჩემპიონატში მონაწილეობს და ცდილობს გროსმაისტერი გახდეს…

,,გაუქმება“ / The Undoing

პრემიერის თარიღი: 25 ოქტომბერი

არხი: HBO

სერიალის მთავარი გმირის – წარმატებული ფსიქოთერაპევტი გრეის საქსის ცხოვრება თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც მისი წიგნის პრეზენტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე მისი ოჯახური იდილია ინგრევა. გრეისი აღმოაჩენს, რომ მის წიგნში, რომელიც ოჯახურ ბედნიერებას და ადამიანურ ურთიერთობებს ეხება, სულაც არ არის ჩაწერილი ბედნიერების ფორმულა, ამიტომ იგი განსხვავებული წესებით თამაშს იწყებს ოჯახის გადასარჩენად… სერიალში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ჰიუ გრანტი ასრულებენ…

,,მანდალორელი“ / The Mandalorian (სეზონი 2)

პრემიერის თარიღი: 30 ოქტომბერი

არხი: Disney +

„ვარსკვლავური ომების“ სამყაროში მიმდინარე სერიალის მოვლენების ცენტრში კვლავინდებურად მანდალორელი თავებზე მონადირე და დიდოსტატი ჯედაის, იოდას რასის წარმომადგენელი ბავშვი იმყოფებიან, რომელზეც ნახევარი გალაქტიკა ნადირობს. სერიალის მეორე სეზონში მანდალორელი ჯედაების ორდენის ცოცხალი წევრის პოვნას და ბავშვის მისთვის გადაცემას გეგმავს, თუმცა გარშემო უამრავი საფრთხეა…