LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვუყუროთ დეკემბერში? – თვის საუკეთესო სერიალები

284
Untitled design

2020 წელი დასასრულს უახლოვდება, ბევრმა ტელეარხმა კი ყველაზე გემრიელი ლუკმა სწორედ ბოლოსთვის მოიტოვა. შესაბამისად “ნეტფლიქსი”, “ეიჩ ბი ოუ. “ჰულუ” და სხვა არხები არაერთი საინტერესო და ორიგინალური სერიალით გაგვანებივრებენ…

რას ვუყუროთ დეკემბერში? – თვის საუკეთესო სერიალები:

,,თქვენო ღირსებავ” / Your Honor

არხი: Showtime

პრემიერის თარიღი: 6 დეკემბერი

,,მძიმე დანაშაულის” ვარსკვლავი ბრაიან კრენსტონი ეკრანს განსხვავებულ ამპლუაში უბრუნდება. 2017 წლის ისრაელში გადაღებული ამავე სახელწოდების სერიალის რიმეიქი წარმატებული და პატივცემული ნიუორლეანელი მოსამართლის, მაიკლ დესიატოს შესახებ მოგვითხრობს. დესიატოს ცხოვრება სრულიად იცვლება მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი ადამი ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულეს იმსხვერპლებს, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალება. მოსამართლე შვილის დასაცავად მზადაა თავისი კავშირები და გავლენა გამოიყენოს და ყველაფერი გააკეთოს, თუმცა სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება მას მერე , რაც გაირკვევა, რომ დაღუპული ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტის ვაჟია.

,,ბრიჯერტონი” / Bridgerton

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 25 დეკემბერი

“ნეტფლიქსის” ახალი სერიალი ამერიკელი მწერლის, ჯულია ქუინის ისტორიულ სასიყვარულო რომანებზეა აგებული. სიუჟეტი მე–19 საუკუნის დასაწყისში, ლონდონში ვითარდებამოვლენების ეპიცენტრში კი ძლიერი და გავლენიანი ბრიჯერტონების ოჯახია.

მაღალი საზაგადოების სიმდიდრე, ღალატი, ვნებები და ინტრიგები სერიალში დიდ ადგილს იკავებს და წესით, ჟანრის მოყვარულებს “ბრიჯერტონი” ნამდვილად მოეწონებათ.

,,ბუნიობა” / Equinox        

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 30 დეკემბერი

დანიური სერიალი თემატიკით”ნეტფლიქსის” გერმანულ ჰიტს, “ბნელს” წააგავს, რომელშიც ასევე უხვადაა ალტერნატიული სამყაროები, დროში მოგზაურობა და მისტიური ისტორიები…

1999 წელს 9 წლის ასტრიდის უფროსი და მთელ თავის კლასთან ერთად უკვალოდ ქრება. ეს მოვლენა ასტრიდს უდიდეს ტრავმას აყენებს, თუმცა ნელ-ნელა გოგონა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. 2020 წელს,  წარსული ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი მონაწილის გარდაცვალების შემდეგ, ასტრიდს კვლავინდებურად ეწყება კოშმარები. არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია – მან უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში…

,,წინააღმდეგობის გაწევა” / The Stand    

არხი: CBS

პრემიერის თარიღი: 17 დეკემბერი

CBS-ის სერიალი სტივენ კინგის 1978 წელს გამოქვეყნებული რომანის ადაპტაციაა, რომელიც პოსტაპოკალიპტურ ისტორიას მოგვითხრობს. ადამიანის მიერ შექმნილმა ვირუსმა მსოფლიოს მოსახლეობის 99% გაანადგურა,  დანარჩენები კი გადარჩენისთვის იბრძვიან. სერიალს ვარსკვლავური ქასთი ჰყავს. ლეგენდარულ ვუპი გოლდბერგთან ერთად მასში ემბერ ჰარდი, ალექსანდრ სკარსგარდი და ჯეიმს მარსდენი მონაწილეობენ.

,,ელისი საზღვრების ქვეყანაში” / Alice in Borderland

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 10 დეკემბერი

იაპონურ მანგაზე დაფუძნებული სერიალი სამი მეგობრის, არიზუს, კარუბეს და სეგავას შესახებ, რომლებსაც თავიანთი ცხოვრება მოსაწყენად მიაჩნიათ. არიზუ სურვილს ჩაიფიქრებს- მას მეგობრებთან ერთად  განსხვავებულ, უფრო საინტერესო  სამყაროში მოხვედრა სურს. თუმცა მას შემდეგ, რაც მეორე დილას პოსტ-აპოკალიპტურ პარალელურ სამყაროში იღვიძებს, არიზუ იაზრებს, რომ საკუთარ სურვილებთან ყველა ფრთხილად უნდა იყოს…

,,რკინის ვარსკვლავი: ლივერპული”/Tin Star: Liverpool (სეზონი 3)

არხი: Sky Atlantic

პრემიერის თარიღი: 10 დეკემბერი

ყოფილი პოლიციელის,  ჯეკ უორტის და მისი ოჯახის ისტორია მაყურებელს ფინალური, მესამე სეზონით უბრუნდება.  ჯეკი, ანჯელა და ანა ლივერპულში ბრუნდებიან, სადაც ოცი წლის წინ მათი ისტორია დაიწყო. მათ ყველაზე საშიშ მტრებთან დაპირისპირება მოუწევთ, თუმცა ყველაზე საშიში მაინც შინაგან დემონებთან ბრძოლაა…

,,პენივორთი” / Pennyworth (სეზონი 2)

არხი: Epix

პრემიერის თარიღი: 13 დეკემბერი

,,ეპიქსის” და “დისი კომიქსის” წარმატებული სერიალის მეორე სეზონი აგრძელებს მაყურებლისათვის ალფრედ პენივორთის, უეინების ლეგენდარული ბატლერის ისტორიის მოყოლას. ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი ალფრედ პენივორთი სწორედ მეორე სეზონში იწყებს მილიარდერ თომას უეინთან მუშაობას. მათ წინ არაერთი საინტერესო თავგადასავალი ელით…

,,დაკავება” / Detention

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 5 დეკემბერი

“ნეტფლიქსის” ტაივანურ სერიალში მოქმედება 1990-იან წლებში, გრინვუდის კოლეჯში ვითარდება. ახალი სტუდენტი იუნ ჟანგ ლუ შემთხვევით სკოლის აკრძალულ ტერიტორიაზე ხვდება, რაც მის ცხოვრებას საბოლოოდ ცვლის…

,,არეულობა, რომელსაც ტოვებ” / The Mess You Leave Behind

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 11 დეკემბერი

ესპანური დრამის მთავარი გმირი ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელიც სკოლაში მუშაობას იწყებს. მოსწავლეები მას არც ისე გულთბილად ხვდებიან. ვითარება უფრო მძიმდება მას მერე, რაც რაკელი იგებს,რომ მისმა წინამორბედმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ძალიან მალე რაკელს უჩნდება შეგრძნება, რომ მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.

,,ჰარდები” / The Hardy Boys

არხი: Hulu

პრემეირის თარიღი: 4 დეკემბერი

კიდევ ერთი, ამჯერად “ჰულუს” სერიალი თინეიჯერული ისტორიების ცნობილი გმირების, ფრენკ და ჯო ჰარდების  შესახებ. ძმები ჰარდები მამასთან, ფენტონთან ერთად საცხოვრებელ ადგილს იცვლიან და ბრიჯპორტში გადადიან. მათი მიზანია, დაადგინონ იმ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები, რომელიც ოჯახს თავს ცოტა ხნის წინ დაატყდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები