LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნატრობს ლიზა ყენია საახალწლოდ და როგორ ასწავლის მაია ჯაბუა მას სურვილების ახდენას

864

ცნობილი დედა-შვილი მაია ჯაბუა და ლიზა ყენია სასტუმრო „ამბასადორში“ საახალწლო ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის დავპატიჟეთ. ჩვენმა რესპონდენტებმა  საახალწლო სურვილებიც გაგვანდეს…

მაია:

ლიზას აღარ აინტერესებს ნაძვის ხის მორთვა, ჩემს უმცროს შვილს, ნიკუშას აინტერესებს და გაგიჟებით ელოდება ამ დღეს, 5 დეკემბერს დავდგით ნაძვის ხე. ორი თვის წინ გვეხვეწებოდა და ძლივს შევაკავეთ (იღიმის). გვაქვს ტრადიცია, რომ შევიძინოთ რამდენიმე ახალი სათამაშო. წინა წლების რამდენიმე სათამაშოს ვჩუქნით სხვებს.

31 დეკემბერს ვემზადებით განსაკუთრებულად, ესეც დამკვიდრდა ტრადიციად, რომ ჩემი უმცროსი და მოდის წინა ღამით და გვიმზადებს საცივსა და გოზინაყს, მისი გაკეთებული ძალიან მიყვარს. 31-ში კი ყველა ერთად ვიკრიბებით, თოვლის ბაბუას ნიკუშასთვის მოაქვს საჩუქრები, მანამდე მას წერილს სწერს. შარშანწინ ძალიან ვრცელი წერილი გამოუვიდა, თავისი საჩუქრები ხომ სთხოვა, შემდეგ ლიზას თუ რაიმე უნდოდა, ისიც ჩამოწერა (იღიმის). ნიკუშას ვუთხარი, თოვლის ბაბუები 10 წლამდე ბავშვებს ასაჩუქრებენ-მეთქი და მიპასუხა, მე ვიცი, რომ 20 წლამდეო… წელს უნდა ჩავაყენო საქმის კურსში და ვუთხრა, რომ თოვლის ბაბუის ხანა დასრულდა.

ვიცი, რომ ლიზას ერთი დიდი საახალწლო სურვილი აქვს…

მანქანას გულისხმობთ? მე ვასწავლე, როგორ უნდა აიხდინოს ასეთი სურვილები. ჩემს სურვილებს თავად ვიხდენდი, ლიზას კი არა, უფრო ადრინდელი ასაკიდანაც. ჩემი პირველი მანქანა ჩემი კონცერტებით, შრომით შევიძინე, მით უმეტეს, ამის გაკეთება შეუძლია საკუთარი ძალებით.

ლიზა, როდის გაიგე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს?

ლიზა:

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ (იცინის). ერთი 4 წლის წინ, მგონი, სირცხვილია ამის თქმა (იღიმის). იმ დროს მოდაში შემოვიდა „აიპოდი“, რომელიც ძალიან მინდოდა. დავუწერე თოვლის ბაბუას გრანდიოზული წერილი, კარგად რომ ვიქცეოდი და ამ სურვილის ასრულება ვთხოვე. მშვენიერი საღამო დადგა და ეს საჩუქარი მივიღე. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა. გავხსენი შეფუთვა და ამოცურდა ფურცელი, სადაც მყიდველის გრაფაში ეწერა – ვახტანგ ქუთათელაძე… ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი. ცივი წყალი გადამესხა და იმ დღეს გავიგე, რომ ცხოვრება ძალიან ვერაგი ყოფილა…

ყველაზე კარგი ახალი წელი გაიხსენეთ…

მაია:

დარწმუნებული ვარ, მე და ლიზას საუკეთესო ახალი წელი წინ გველოდება…

ლიზა:

მე მახსოვს საუკეთესოდ, როცა ვერ ვასწრებდით შინ დაბრუნებას და კულისებში ვხვდებოდით მის კოლეგებთან ერთად.

მაია:

ეს ნამდვილად კარგია, რადგან სახლშიც გინდა, მაგრამ ახალი წლის შეხვედრა კონცერტზეც ძალიან სასიამოვნოა, უამრავ ადამიანთან ერთად.

ლიზა:

შარშანწინ გზაში შევხვდით, კონცერტიდან მომავალები. ეკა კახიანიც იყო, შვილთან, ქეთოსთან ერთად, ნუკრი კაპანაძე. მანქანიდან გადმოვხტით, თავისუფლებაზე, დიდ ნაძვის ხესთან და ასე აღვნიშნეთ. პატრულის თანამშრომლებსაც მოვულოცეთ, რომლებიც იქვე იდგნენ, ქეთო ვერ მალავდა ემოციებს და მანქანიდან ყვიროდა, გილოცავთ ახალ წელსო…

რას ისურვებდით 2016 წელს?

ვისურვებდი საქართველოში მშვიდობას, ალბათ, ეს თითოეული ქართველის ოცნებად იქცა. გვიყვარდეს ერთმანეთი უფრო მეტად, ვიდრე ახლა უყვარს ქართველ ხალხს ერთმანეთი. ვიცი, ადრე როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველებს ერთმანეთისადმი, ახლა ასე აღარ არის.

მაია:

რა თქმა უნდა, ყველა თავისი ოჯახის წევრებისთვის ნატრობს ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მთავარია და ათვლის წერტილია ადამიანებისთვის, წარმატებას, გამარჯვებებს ვისურვებდი… იმას, რასაც ჩემი შვილებისთვის, ოჯახისთვის ჩავიფიქრებ, მთელ ქვეყანას, საქართველოს მოსახლეობასაც ვუსურვებ. ჩვენი ხალხი ძალიან დაღლილია, მინდა, ეს დაღლილობა გადალახონ და გაიხსენონ, რა ადვილია, როცა სიკეთეს, სიყვარულს, უბრალო ღიმილს გასცემ, რომელიც აუცილებლად უკან გიბრუნდება. ჩვენი ქვეყანა იმით იყო საინტერესო, რომ ბედნიერი და მომღიმარი ადამიანები დადიოდნენ ჩვენს ქუჩებში, ამას ვუსურვებ საქართველოს ყველა მოსახლეს… ეს არის ის, რითაც ჩვენ გამოვირჩევით სხვა ერებისგან. ჩვენი მთავარი სიმდიდრეც ეს არის, ვიცოდით სიკეთის კეთება, გვერდში დგომა, სხვისი სიხარულის გაზიარება შეგვეძლო. ვფიქრობ, გადაივლის ეს დაღლილობა, სირთულეები, რადგან ყველაფერს ბუნებაში აქვს დასაწყისი და დასასრული, ის ცუდიც დამთავრდება და ამისი იმედი მაქვს… უამრავი პრობლემა დაგვატყდა თავს, მსურს, ყველამ თავისი ღირსება დაიბრუნოს, რაც გაჭირვებისა და პრობლემების გამო თითქოს სადღაც დაიფანტა.

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ვიზაჟი: ანუკა მურვანიძის სკოლა-სტუდია

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები