LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნანობს გია როინიშვილი: „ყველაზე დიდი რამ, რასაც მივაღწიე, სიყვარულია…“

21842
gia roinishvili

გია როინიშვილი, 14-წლიანი პაუზის შემდეგ, თუმანიშვილის თეატრის სცენაზე ახალ როლს ითამაშებს. ვუდი ალენის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლს მისი ვაჟი, კოკო როინიშვილი დგამს და მამას საინტერესო პერსონაჟის განსახიერება შესთავაზა. გია როინიშვილს ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ თუმანიშვილის თეატრში შევხვდით.

გია როინიშვილი:

ახალი როლი ჩემი მშობლიური თუმანიშვილის თეატრის სცენაზე 14 წელია, არ შემიქმნია. როგორი შეგრძნებაა? სიფრთხილე და დიდი პასუხისმგებლობა მახსენდება, პირველ რიგში, ჩემი პროფესია ისეთია, რომ ყოველდღიურად ანგარიში გაქვს ჩასაბარებელი. მაყურებელს რაღაც ახალი უნდ შევთავაზო. ძალიან გამიჭირდებოდა, ალბათ, პირველად ამ ნაბიჯის გადადგმა, რომ არა კოკო, ჩემი შვილი, რომელმაც ვუდი ალენის მოთხრობა მომიტანა წასაკითხად… ეს პანდემიამდე იყო. ძალიან მომეწონა. გავიდა პერიოდი და მკითხა, ვითამაშებდი თუ არა ამ როლს თუმანიშვილის თეატრში. ჩვენი მინიჯგუფი აცრილია, ვინც ამ სპექტაკლში დაკავებულია, ასე რომ, ჯერჯერობით დაცულები ვართ და ამ რეჟიმში დავიწყეთ სპექტაკლზე მუშაობა. პრემიერა 9-10-11 ივლისს არის დაგეგმილი. რაც უფრო ახლოვდება საპრემიერო დღეები, მით უფრო იმატებს ღელვა. ახლა მუშაობის პერიოდია, როცა ყველაფერი ზუსტდება. მომნატრებია აქაურობა… პირველად რომ შემოვედი შენობაში, სცენას შორიდან ვუყურებდი… მერე ავედი… ძალიან დიდი მადლობა ჩემს კოლეგებსა და მთლიანად თეატრს, ყველა ძალიან ყურადღებით არის, დირექტორიდან დაწყებული, სამხატვრო ხელმძღვანელით გაგრძელებული…

შვილმა მოგაბრუნათ ამ სცენისკენ…

ახალგაზრდა რეჟისორებთან მიმუშავია და ძალიან კარგია, ახლებურად უყურებენ ცხოვრებას, სხვანაირად აღიქვამენ სამყაროს და ეს ძალიან საინტერესოა… რეპეტიციებზე ვხუმრობ ხოლმე, მე ვექცევი, როგორც რეჟისორს და კოკო მექცევა, როგორც მამას-მეთქი. ალბათ, სიმბოლურია ყველაფერი. კოკო დგამს, ბიჭი, რომელიც ამ თეატრის კულისებში გაიზარდა, უთამაშია როლები, ჩემთან ერთადაც ყოფილა სცენაზე ორჯერ. ამ თეატრის შვილია. მისმა პირველმა სპექტაკლმა მარჯანიშვილის თეატრში მოწონება დაიმსახურა, გაბედა და ახლა თუმანიშვილში დგამს…

მაინც გაბედვას უკავშირდება ეს ხომ თქვენთვის?

ყოველი სცენაზე ასვლა და თითოეული როლი ჩემთვისაც კი გაბედვაა. უკვე სიბერისკენ მივდივარ, ხომ არ ვახალგაზრდავდები?!. უფრო ფრთხილი ხდები. არ გინდა, დაკარგო დრო რაღაც ისეთში, რაც შენთვის სათქმელის, შემოქმედების მხრივ, მნიშვნელოვანი არ არის…

პანდემიის წლები ბევრი ხელოვანისთვის დიდი დეპრესიის პერიოდია. თქვენ როგორ გადაიტანეთ?

ჩემებზე, ოჯახის წევრებზე, ახლობლებსა და მეგობრებზე დარდით. იმედი მაქვს, რომ პანდემია დასრულებისკენ მიდის. ურთულეს მეორე წელს გავდივართ. დეპრესია ახსენეთ – მე ნაკლებად მეკარება ხოლმე, ვიცი, როგორ ვმართო ჩემი თავი, მაგრამ რა თქმა უნდა, მქონია შიშიც, სიფრთხილეც, მიფიქრია, რომ რაღაც მორჩა, დამთავრდა, ახალგაზრდებს აქვთ წინ დიდი პერიოდი, მე კი, შუა ასაკში ვარ და ვფიქრობ, კიდევ დაგვრჩა რამე გასაკეთებელი? არადა, დაგვრჩა, თუმცა ამ პერიოდში მქონდა ეს კითხვა… ის დროა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის მოფრთხილება, ბოდიშის მოხდა ვისწავლოთ…

თქვენ რას ნანობთ ყველაზე მეტად?

ვნანობ, რომ ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს იმდენი ვერ გავუკეთე, რისი გაკეთებაც მინდოდა. ვერ მივაწოდე იმდენი სიკეთე… არ მეცალა… ძალიან ბევრ რამეს ვნანობ და მიმაჩნია, რომ ყოველი წუთი უფრო დასაფასებელია. ვნანობ, თუკი ვინმეს მიმართ უხეში ვიყავი. სულ გვგონია, რომ ადამიანები თავად გაიგებენ ყველაფერს, მაგრამ ვერ გაიგებენ, უნდა აუხსნა, უთხრა… ყველაზე მეტი ახლობლებისგან გვწყინს. ამ პერიოდში ბევრი მიფიქრია ამ თემაზე. ალბათ, უფრო ლმობიერი გავხდი…

პატიება გითხოვიათ ვინმესთვის, მას შემდეგ, რაც შეცდომა გაგიაზრებიათ?

კი, როგორ არა… როცა ვხვდები, რომ რაღაცაში არ ვარ მართალი, ბოდიშს ვიხდი ხოლმე. ოღონდ ბოდიშს ფასი უნდა ჰქონდეს, უნდა ვიცოდე, რა დავაშავე, თავად უნდა მივხვდე, გავაცნობიერო, სხვამ არ უნდა ამიხსნას. საკუთარი თავისთვისაც მომიხდია ბოდიში, რადგან გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, ჩემს მეორე მე-ს რომ შემოეხედა, მკითხავდა, საკუთარ თავმოყვარეობას, ღირსებას რატომ გადააბიჯე, კარგის გასაკეთებლადო? რატომ ხარ ჩუმად, როცა სხვა თავზე გესხმისო?.. მაგრამ ზოგადად, ძალიან მიყვარს მშვიდი, კარგი, გაწონასწორებული ურთიერთობა და იმავეს ველოდები სხვისგანაც. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო.

ახლა პირად ცხოვრებაში რა პერიოდი გაქვთ?

ცხოვრება ყოველთვის პოზიტიური და კარგია. სულ არის პრობლემები, მაგრამ… ახლა ვარ მამობის, ბაბუობის ეტაპზე, მიხარია, როცა ჩემთან მოდიან შვილები, შვილიშვილები, მათთან ვურთიერთობ. ძალიან კარგი პერიოდია, ბევრი რამ სხვანაირად, კარგად ლაგდება. ვნახოთ, როგორ დალაგდება საბოლოოდ. მოვლენებისთვის წინ გასწრება არ მინდა. საერთოდ არ მიყვარს და ვამბობ უარს ინტერვიუებზე, რაც პირად ცხოვრებას ეხება, – არის ხელშეუხებელი, საიდუმლო, ოღონდ ამაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ რაღაც გაქვს დაშავებული, უბრალოდ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ურთიერთობა ჩემთვის მინდა შევინახო, ეს იმდენად ფაქიზია, რომ სხვისთვის შეიძლება საინტერესოა, მაგრამ მე არ მინდა საუბარი, მგონია, რომ ამ სიყვარულს რაღაცას დავაკლებ, რაღაცას გავაფუჭებ. ადამიანები ძალიან ძვირფასზე ხომ არ ვლაპარაკობთ…

რატომ, ზოგი ლაპარაკობს…

არ მჯერა, ე.ი. მისთვის სხვა რაღაცაა ძვირფასი. რაც პირადულს ეხება, სამზარეულოს, დიდი ოთახის, საძინებლის თემაა, ჩემია და არ მიყვარს, როცა იქ იჭრებიან…

ერთი საინტერესო ეპიზოდი მინდა გაგახსენოთ თამრიკო ჭოხონელიძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან. საინტერესო იყო იმის წაკითხვა, როგორ აფასებდა თქვენს ზრუნვას მასზე და შვილებზე პანდემიის პერიოდში…

რა თქმა უნდა, თამრიკოზე, მარიამზე, კოკოზე, ანიზე, პატარა მარიამსა და ელენეზე განსაკუთრებით ვზრუნავ. მე საერთოდ ასეთი ტიპი ვარ, ძალიან ჩართული ვარ და ვღელავ იმაზე, როგორაა ჩემ გარშემო ხალხი. თუ მეძლევა საშუალება, მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ რთული მდგომარეობა შევუმსუბუქო… ამაში გასაკვირი არაფერია. ჩემს მეგობარ ცოლ-ქმარს კოვიდი დაემართა და ყველაფერი გავაკეთე ერთ-ერთის დასახმარებლად, ღმერთის წყალობით, გადარჩნენ და კარგად არიან, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. დამიჯერეს, რომ გადავიდნენ კლინიკაში…

შორიდან რომანტიკული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ასეთი ხართ?

საკმაოდ, ხანდახან ვაჩერებ ხოლმე საკუთარ თავს… (იღიმის). ეს ყოველთვის კარგი არ არის, მაგრამ ცხოვრება ძალიან პრაგმატულია. ეს ძალიან კარგად ვიცი, რადგან ბევრი რამ მაქვს გავლილი – ცხოვრება ძალიან პრაგმატული, დაუნდობელი და რთული რომ არის, სწორედ ამიტომ უნდა იყო რომანტიკოსი. რომანტიკა გჭირდება ადამიანს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურად გადაიტანო. როცა გიმართლებს და ბედნიერი ხარ, ის არის წამები და წუთები, დანარჩენი – ცხოვრებაა…

ყველაზე ბედნიერი როდის იყავით ბოლო დროს?

დილას რომ ავდგები და ვემზადები, ჩემ გარშემო რომ ყველა კარგადაა, მაშინ ვარ ბედნიერი. ბედნიერი ვარ, როცა საქმეს ვაკეთებ, მსიამოვნებს თავად პროცესი, რომელიც საინტერესოა.

თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად და წარუმატებლობად რა მიგაჩნიათ?

ყველაზე დიდი წარუმატებლობა არის განხიბვლა ადამიანში და ნუ მკითხავთ, ვისშიო… სხვა ადამიანად რომ წარმომედგინა და აღმოჩნდა ის, ვინც არ მინდოდა ყოფილიყო… რაც შეეხება წარმატებას – ძალიან რთული კითხვაა. შეფასების დრო ჯერ არ დამდგარა. ჯერ კიდევ ვაპირებ სიცოცხლეს… (იღიმის). იმდენი რამ მაქვს წინ დარჩენილი, რაც უნდა გავაკეთო… თუმცა ტაში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მიმიღია, არცთუ ცოტა… ყველაზე დიდი რამ, რასაც მივაღწიე, სიყვარულია. არ მკითხოთ, თქვენგან თუ სხვისგანო (იცინის).

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები