LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას ჰგავხარ! ეს ის ფრაზაა, რამაც მიწასთან იმდენად გამასწორა, რომ დღემდე ვერ შევძელი ფეხზე მყარად დადგომა – ნატალი დარასელია

2213
page

21-ე საუკუნეში, „ბულინგი’’ საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რაც მოზარდებს შორის არის გავრცელებული და ერთი მხარის მიერ მეორის ჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. ასეთ დროს, დაბალი თვითშეფასება ვლინდება, რომელიც პიროვნების განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს, სწორი განვითარება წყდება და ფსიქოლოგიური პრობლემები იჩენს თავს.

23 წლის ნატალი დარასელია, რომელიც წლებია, ამ მდგომარეობას ებრძვის, აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებსა და სტრესს უკავშირდება.

„დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ზუგდიდში. ვცხოვრობ დედ-მამასთან, ბებიასა და უმცროს ძმასთან ერთად.

როგორც ადამიანთა უმრავლესობამ, მატერიალურ პრობლემებთან ერთად, მეც რთული ბავშვობა გამოვიარე. ყველაზე მძიმე მარტოსულობის და ზედმეტობის განცდა იყო, რომელიც ყოველთვის თან მსდევდა. როცა ბავშვი ხარ და სიყვარულის, ყურადღების დეფიციტს განიცდი, გგონია, რომ ამ სამყაროში შენი ადგილი არ არის, ეს ძალიან ძნელი გადასალახია.

რა იყო პრობლემა, რატომ ცდილობდნენ შენ დაბულინგებას?

უმთავრესი პრობლემა, რაც შეიძლება, სულაც არ არსებობდა, მაგრამ გულღრძო სოციუმმა დამაჯერა, ჩემი გარეგნობა და ჩაცმულობა იყო. მუდმივად მესმოდა, რომ ვიყავი უშნო და ეს იმდენად გამიჯდა გონებაში, დღესაც კი, ამდენი წლის მერეც, ჩემი თვითშეფასება იმ დონეზე არ არის, როგორც უნდა იყოს. ახლა ვსწავლობ  რეალობის აღქმას და საკუთარი თავის სიყვარულს.

რას გეუბნებოდნენ, რა გახსოვს ყველაზე ცუდად?

„რას ჰგავხარ! ეს ის ფრაზაა, რამაც მიწასთან იმდენად გამასწორა, რომ დღემდე ვერ შევძელი ფეხზე მყარად დადგომა.

საზოგადოების მხრიდან ამ დამოკიდებულებამ შენში რა გამოიწვია?

ერთ-ერთი რამ, რითიც ვამაყობ, არის ის, რომ მიუხედავად საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულებისა, სიძულვილი და ბოროტება ჩემგან შორს იყო და დღესაც ასეა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია და ფაქტობრივად, ახლა, 23 წლის ასაკში ყველაფრის თავიდან დაწყება მიწევს, რადგან საკუთარი თავის მიუღებლობისა და ზიზღის ფონზე, რთულია შენი ადგილის პოვნა. მით უფრო რთულია, გაიაზრო, რომ შენ საზოგადოების ნაკარნახევზე მაღლა ხარ. ამას დრო და წარმოუდგენლად ბევრი მუშაობა სჭირდება.

როდესაც მარტო რჩებოდი საკუთარ თავთან..

სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო ვიბრძოდი. ამდენი წლის განმავლობაში არ ვიცი როგორ, მაგრამ მოვახერხე დამოუკიდებლად, ყველასგან დაფარულად, მოვრეოდი უამრავ დაბრკოლებას. ოჯახშიც არ ვსაუბრობდი ამაზე. იყო დეპრესია, სხვადასხვა ფობია, რომლებსაც დღემდე ვებრძვი.

რა იყო გამოსავალი, როგორ უმკლავდებოდი ამ გარემოებას?

ერთადერთი ხსნა იყო წერა. ყველა ემოციას, შეგრძნებას  დეტალურად აღვწერდი. ჩემი მთავარი ღირებულება სწორედ ეს დღიურებია, რომლებშიც წერია ის, რისი გამოვლაც დღემდე წლების განმავლობაში მომიწია. შემდეგ, ლექსების წერა დავიწყე და დღემდე ვწერ.

რას შეცვლიდი მაშინდელ ნატალიში?

მაშინდელ ნატალის გარემოცვას შევუცვლიდი. ყველა შანსს გამოვიყენებდი, რაც ხელიდან გაუშვა და უფრო მეტ კეთილ მოგონებებს შევაგროვებინებდი.

როგორ გადალახე ეს სირთულეები?

ეს იყო ძალიან დიდი ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება. ვკითხულობდი ძალიან ბევრს, ვაკვირდებოდი საკუთარ თავს, ვსწავლობდი ჩემს ფსიქოლოგიას. იყო აუტოტრენინგების მცდელობები, მედიტაციები, ფსიქოლოგები და წამლები. უამრავი საუბარი საკუთარ თავთან სარკის წინ. უცვლელი გარემოებების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა და კარგად ყოფნის სწავლა. ვფიქრობ, მადლობელი უნდა ვიყო ცხოვრების, რადგან ამ ყველაფერმა პიროვნულად ძალიან გამზარდა და დღეს უკვე ძლიერ ადამიანად ჩამომაყალიბა.

შენი აზრით, როგორი ადამიანები აბულინგებენ, დასცინიან სხვებს?

შეუმდგარი, არასრულფასოვნების განცდით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც თავიანთ ეგოს სხვათა დამცირებითა და დაბულინგებით კვებავენ. ისინი ასე ცდილობენ მათივე კომპლექსების დამალვასა და გაუფერულებას.

ვინ გედგა გვერდში ამ რთულ პერიოდში და როგორ გამხნევებდნენ კეთილისმსურველები?

ძირითადად, უცხო ადამიანები, რომლებთანაც შემეძლო, საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა მესაუბრა. გარდამტეხი ცვლილებები კი არშემდგარმა სასიყვარულო ურთიერთობამ მოიტანა, როცა საკუთარი თავის პირისპირ დავრჩი და ვუთხარი მას, რომ ვარ ძალიან ძლიერი, ლამაზი, სასურველი და იმ დღიდან მოყოლებული უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად უდიდესი ტრიუმფი მოჰყვება.

რა არის მნიშვნელოვანი ასეთ დროს, როგორ უნდა გადავლახოთ სირთულეები?

ჩემი აზრით, ორი უმთავრესი რამ არსებობს ამისთვის:

პირველი, პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი. შეიძლება, უამრავმა ადამიანმა თქვას, რომ არ შეიძლება საჯაროდ საუბარი, რომ ჩუმად და მალულად უნდა მოაგვარო ყველაფერი, რომ გულწრფელობა სისუსტეა, მაგრამ ასე არ არის. ყველაზე დიდი ძალა პრობლემის აღიარება და სხვისთვის მაგალითის მიცემაა.

მეორე, მუდმივი მოძრაობა. არ აქვს მნიშვნელობა მანძილს, დანიშნულების ადგილს, შედეგს და სიჩქარეს. მთავარია, მუდმივი მოძრაობა, ძიება, ბრძოლა და აუცილებლად ჩნდება ბოლოს გამოსავალი.

როდის იყო გარდამტეხი პერიოდი, როცა მიხვდი, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა?

ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, როცა გავაანალიზე, რომ ჩემი სხეული არის უნიკალური და ერთადერთი ყველა ნაკლითა და ღირსებით. გავიაზრე, რომ ვერ ვცვლიდი გარემოებებს, ამიტომ, ჩემი მათდამი დამოკიდებულებები უნდა შემეცვალა. ამან კი ჩემი ცხოვრება პოზიტივისკენ მოაქცია.

ახლა რა ეტაპზე ხარ?

ახლაც ვიბრძვი. უამრავი მიზნითა და გეგმით. ფინანსურად დამოუკიდებელი და შემდგარი ადამიანი. წინ დიდი გზაა და გზის ბოლოს ის უნარები და მოცემულობები, რაც მომავალში ჩემნაირი ადამიანების დახმარების საშუალებას მომცემს. ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

ახლა რას საქმიანობ და როგორ მიდის შენი ცხოვრება?

ამჟამად, ვმუშაობ სასწავლო ცენტრში, დაწყებით კლასებში ინგლისურს ვასწავლი. პარალელურად, ბავშვებს კერძო გაკვეთილებს ვუტარებ. ყოველდღე ვასწავლი და მეც ვსწავლობ. ვფიქრობ, ეს ის საქმეა, რისი კეთებაც მინდა მთელი ცხოვრება.

რა გეგმები გაქვს?

ბევრი გეგმა მაქვს, პროფესიული და მენტალური სტაბილურობა და იმ დანაკლისის ამოვსება, რაც მქონდა ბავშვობაში. მინდა, გაფანტული შანსები და შესაძლებლობები გავაცოცხლო და იმდენი შევძლო, რომ სხვა ადამიანთა ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო.

რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების აზრს დიდ ყურადღებას აქცევენ?

სამწუხაროდ, არათუ საზოგადოების, არამედ ინდივიდთა აზროვნებისა და შეხედულებების შეცვლაც კი შეუძლებელია ხოლმე. ამიტომ, უნდა სცადონ, ერთგვარი იმუნიტეტი შეიქმნან და სხვისი აზრის დაბლოკვა ისწავლონ.

დღეს, შენი მთავარი სათქმელი

გიყვარდეთ სამყარო და საკუთარი თავი ამ სამყაროში. გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უნიკალურად საჭირონი, სასურველნი და ბედნიერებას იმსახურებთ. არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა და აუცილებლად გაიმარჯვებთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები